|
ბებიაჩემი სულ ომში იდგა - ბალახს ებრძოდა. მისი ეზო პატრონივით ლამაზი იყო. თავმომწონეც ამ პატრონივით. განა ასე ადვილი იყო, ამ ეზოში არ შემოეშვა მტრის ლეგიონი? განა ასე ადვილი იყო მიწის ყველა ფორის დაგმანვა, ეზო-კარის მოწკრიალება, როცა ცალ მხარეს ფესვაბჯრიანი მთელი ხმელეთი, მეორე მხარეს - ერთი სუსტი დედაკაცი იდგა, მარტოკა?! მთელი ცხოვრება ავშანს, აკანთოს, მრავალძარღვას, ომბალოს, შვიტას, ხვართქლას, ალერდს, ანწლს, ანისონას, მატიტელას, ასკილს, ფარსმანდუკს, ბაბუაწვერას, სვიას, კალამას, ჯიჯილაყას, სამყურას, გულბანდს, დუგუმს, დუცს, ეკალს, ენდროს, კაჭაჭს, ვარსამას, მაყვალს, თავშავას, ნარს, ტუხტს, თოფჩას, ისარას, ირემას, ჭინჭარს, კალუნას, უცუნს, კრაზანას, ღვარძლას, ლაფანს, მათირას, ნაცარქათამას, ია-იას, ჭორტანს, რქათავას, ყანისჭლექს, პიტნას, შაშვიპურას, ბაიას, ჩირახს, ცახს, ჭარაბალახს, ხარისძირას, სელიჭას, სვინტრას, ტილჭირას, სალბს, ურცს, ურიშას, ფრინტას, ქარქვეტას, ღანძილს, ლენცოფას, ყველას სწვდებოდა მისი თითების მარყუჟები, ყველა მისი მოხელილი ჟალტამის იყო, ყველა მისი ჟვერის ნახელთი, მკვდარიც, დაჭრილიც, თვალდათხრილიც, ხერხემალში გადამსხვრეულიც. ომში იდგა ბებიაჩემი - ბალახს ხელავდა. მთელი ცხოვრება ომებს შორის ახამებდა ლამაზ კაბებს და თეთრ ტილოებს როგოც რკინის აბჯრის რგოლები, სათითაოდ ამოჰყავდა ქსოვილზე ძაფი, ძაფზე ნასკვი, მერე სითვი, გვირისტი, ფოჩი, მერე ნიკბი, მერე რუში, ისევ ნასკვი, საბადე ისევ, ისევ ნაოჭი, რომ დიდი ომი გადაეხადა ცხოვრებასთან ცალუღელშებმულს, და არასდროს დამჩნეოდა დაღლა ბრძოლაში, ასე ფესვით, ასე კალმით, ასე ბწკალით წნიდა მიწას, ჰაერს, წყალს და ცეცხლს, ერთმანეთში აწნიდა მკვრივად, გვარლებს წნიდა სისუფთავისგან, სიცოცხლეზე მოსაჭიდებლებს. აბა, ერთი შეგეხედათ მის ნაქარგებზე და მიწის გულშიც ჩაგეხედათ, რომელი სჯობდა ან სიმკვრივით, ან სიმწყობრით ან სილამაზით?! ორთავენი თავს არ ზოგავდნენ, მეტოქეობაც არ ერქვა ამას, ორი სიტყვის, “სიცოცხლესა” და “ცხოვრებას” შორის რაც არსებობს, აი, ეგ იყო მთელი ომი, მაგ ფესვის იყო. და კრიალებდა მისი ეზოს მიწა ამაყად, ვინ გაბედავდა ამ მიწაზე ამოსულიყო, იცოდნენ, მაღლა ბებო იდგა, დაუზარელი, გულოვანი, ხელცეცხლიანი, ეზო-კარის მთავრანგელოზს მისი ხელის მტევნები ება, მის თითებში ჩაებღუჯა სამტრო ისარი - ცოცხი, ნემსი, ყაისნაღი, ქვაბი, გობურა. რისი თოხი, რისი ბარი, რისი კალამი, რა გაუძლებდა ამ ქალის ხელებს, შემაშინებლად მოუსვენრებს, გამრჯეს, კეთილს და ათასფერა ყვავილების და ლექსების მქარგველს თეთრ ტილოებზე და ქაღალდებზე, შავი მიწის გულის დამხატველს?! მოკეთესაც ეშინოდა, განა მარტო მტერს?! მის აბაჟურებს ღამის პეპლებიც სულ სხვა კრძალვით ეხეთქებოდნენ. მხოლოდ ვარდებს წყალობდა იგი, ჩაის თეთრ ვარდებს, ვარდებს, მიმოზებს, მაგნოლიებს - თავისი კარის ლამაზმანა ფროილაინებს (ჩემი ბებო ხომ პოეტი იყო). ჰოდა, ელოდნენ ბალახები თავიანთ დროს, სიცოცხლის სიბრძნით განაკვებები. იცოდნენ, მიწას ვერ ასცდებოდნენ, ამ ეზოში, როგორც ომში, უხილავიც ხილულის მხარეს იდგა, იბრძოდა სისუფთავის ქიმერისათვის. ან რა ვიცოდით ამაოება რას ერქვა მაშინ?! ელოდნენ მიწის დახავსილი გადაღმეთიდან დასცინოდნენ ვარდებს, მიმოზებს, ბებიაჩემის ხელის შემყურე ფუქსავატებს, სიველურის ნასახიც რომ არ ედგათ ტანში, რომ არაფერი გაეგებოდათ ბალახის ჯიშის გამძლეობის, უნდობლობისა, რომ ბალახს მხოლოდ ბებოჩემის მსგავსი ქალები ეომებიან, ეომებიან და ამარცხებენ და სიცოცხლეს იხდიან ფასად. ასწლიანი ომის არ იყოს, ეს ომიც დიდხანს, ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, ბოლოს დასრულდა და შერიგდნენ სამარადისოდ ჩემი ბებო და ჩვენი ეზოდან გადათხრილი ყველა ბალახი მშვიდობა დადგა. დადგა მშვიდობა. ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. და რისი ვარდი, რისი მიმოზა, რისი ვეება მაგნოლიები?! ის ეზო უკვე იმათია, მხოლოდ იმათი! მიწადქცევის ძველი ლოცვა აღასრულა ისევ ბალახმა, დაიბრუნა ფესვის ხსოვნაში გადანახული სამოთხეები. ჰეი, ლაზარევ, გინდა მოდი, გინდა, ნუ მოხვალ, მაგათ საკუთარ სხეულში უდგათ თავიანთი წვიმები და აღარაფრის ეშინიათ - მათ სიკერპეს ხომ ბებოჩემის სხეულიც კვებავს. ან ვინ აჯობებს: ავშანს, აკანთოს, მრავალძარღვას, ომბალოს, შვიტას... |
| პოეზიის გვერდი • • • |


