|
მიწის წიაღში ქვის მარცვალი ჩაუპნევიათ. კარგა ხანია, ამ ქვებს მზე ათბობს, კარგა ხანია, აწვიმს და ათოვს, მაგრამ არა და არ ეზრდებათ ფესვები ლოდებს, არ ღვივდებიან. თითქოს უჟამო მარადისობა მიაბარეს და დაარწმუნეს, რომ ადვილია და უმჯობესი ქვად არსებობა. რომ შეიძლება იყვავილო და იფერადო გარედან შიგნით, რომ უბგერო ხმა მიაწვდინო სამყაროს საზღვრებს. წყალი კი მიდის, მიჩხრიალებს, მიედინება... შუაღამისას თუ ჩაიძინებს, სიკვდილივით უსიზმარო ექნება ძილი, რადგან ირეკლავს ცხოვრებას და წამსუმალ გარბის, არ შეუძლია, გაგიღოს გული, გაგიზიაროს სიხარული ან გასაჭირი. ზღვებისაკენ მიეჩქარება, ზღვებიდან ხომ ადვილია მოხვედრა ცაში... და თუ მაინც დაიმორჩილე, უმალ ჭურჭლის ფორმას მიიღებს, დადუმდება, გაფერმკრთალდება. გაქრება მისი კალაპოტის სანდლიანი ფეხის ხმა და აურზაური. ქვები რჩებიან ფეხმოუცვლელნი და მდუმარენი. სამყაროს ერთგულ ჯარისკაცებად რჩებიან ქვები. მათი სხეული შუბსაც ისხლეტს, ტყვიასაც, ცრემლსაც, არც წვიმით და არც მზის ხვატით არა დნებიან. მათ უსისხლო სიცოცხლის მადლი ებოძათ ქვეყნად. ათასგვარი სნების მალამოდ გადაექცათ გაძლების ნიჭი, ცივი ცეცხლი უკრთით თვალებში, დაჟინებით გვიყურებენ და მოელიან, როდის ვიგრძნობთ მათი სულის ძახილს და სითბის, როდის ვირწმუნებთ მათ ერთგულებას და ჩვენიანად ვაღიარებთ წყლის ჩხრიალით დაყრუებულნი. ნუ გეგონება, წყალი შიგნითაც იგივეა, რაც ზედაპირზე, სარკესავით - სულის სიღრმე არ გააჩნია, არ ინდობა მაინც ბოლომდე. უცხოა წყლისთვის რწმენით ტანჯვის იდუმალება, უცხოა მისთვის ქვათა ენა, ლოდების ენა. მაგრამ წყალიც გუმანით ხვდება, რომ ბოლოს მაინც უმჯობესია ქვის მძიმე სხეულს ჩამოაყრდნოს თავი დაღლილმა და ნაპირი შემოიკეთოს, თუნდაც დროებით... ქვას შეუძლია შექმნას სამშობლო, წყალი კი მიდის, მიედინება, საკუთარი ჩხრიალი უყვარს, უკან არასდროს მოიხედავს, გაქცევაზე უჭირავს თვალი, რადგან შიში აქვს თანდაყოლილი დაბერების, დაჭაობების. ყრმასავით რომ ჩაიწვინოს ხელში ლოტოსი, არაფერი ეშველება, მყვართა ტაძრად გადაექცევა ლურჯი წიაღი. ქვებს კი არასდროს უწერიათ დაჭაობება. ულპოველი არის ქვის სული! ბერულია ერთგულება ქვისა და ლოდის. მზის დატოვებულ ღამის სითბოს ინთებენ სულში. ვარსკვლავებიც მხოლოდ ქვებია, ებგურივით ჩამდგარნი მწკრივად. თუმცა არიან ისეთებიც, ცრემლივით რომ ჩამოწყდებიან უძირო კოსმოსს... რაც უნდა ითქვას, წყალი ხმაურობს, ქვა მდუმარებს აქაც და იქაც. ამიტომაც ქვას არგუნეს, ერქვას სამანი, ამიტომაც დაიმსახურა საფლავზე დგომა მეთვალყურედ სიკვდილ-სიცოცხლის! წყალი კი მიდის, მიდის, მიდის, მიედინება. რა ლეგენდები აღარ დადის ამ წყლის ძალაზე - მაცოცხლებელზე, დამანგრეველზე, რის სიმბოლოდ აღარ იქცა ზღვა, ჭა, მდინარე... მიწიდან ცამდე მოგზაურობს წყლის მოციქული, მაგრამ სიცოცხლეც და სიკვდილიც ქვას ებარება. მხოლოდ ქვის კვარცხლბეკს შეუძლია კერპთა ზიდვა ჟამიდან ჟამში. ათიოდე მცნება, რომელიც კაცის გულმა დღემდე ვერაფრით დაიმახსოვრა, ქვამ დაიწერა თავის გულზე და შეინახა. წყალი კი მიდის, მიჩხრიალებს, თავდაღმართში მიედინება. რომც შეეცადო, ვერც წააწერ მის ჩქერს და ტალღას სიტყვებს, რომელიც ყველა ენაზე გამოითქმის თავისებურად: ღმერთი, ირემი, კაცი, ცხენი, მზე, ქალი, ბავშვი... ქვაზე ხატია ეს ყველაფერი. ქვამ კარგად იცის, რაა ცხოვრება. ქვის მელნითაა ამოკაწრული კაცთა მოდგმის ისტორია ქაოსის ფრთაზე. წყალი კი მიდის, მიიჩქარის უცხო მგზავრივით. გინახავთ სადმე ოკეანის ან ტბის ნატეხი? გინახავთ სადმე ფშანის, ლეშხის ან ცვრის ეტრატი? დედოფალთან დამარხული ცისკრული ნიჟი? ცრემლი ან ნამი - პალიმფსესტივით გადაწერილი? ვერც ნახავთ, რადგან თავისი აქვს წყალს გზა-სავალი, არც გეკითხება, რატომ გინდა ხანდახან კაცს, თავი დაიხრჩო და წყლის დინებას გაატანო სიცოცხლე შენი. ქვას ხომ ამას ვერასოდეს აკადრებ და ვერ გაუბედავ, როცა მიწად გადაიქცევა ჩვენი სხეული, მხოლოდ მაშინ გაგვიცხადდება საიდუმლო ქვაობრიობის, მხოლოდ მაშინ გვეცოდინება, რისგან იცავს სამყაროს ჯვარი - გაფოთლილი დედამიწის ქვა - ავგაროზი. მანამდე კი სულ იქნება ქვა მდუმარე და წყალი ღამით ჩაძინებული,მაგრამ ჩხრიალა. სულ, გამუდმებით შეგვაწუხებს ფიქრი იმაზე, რად დაისაჯნენ ეს ლოდები სულარსებობით, რატომ არ ერგოთ სიხარული გარდაცვალების? იქნებ ქვები თესლი არის მარადისობის, ციდან მიწაში ჩამოპნეული? მსგავსად სულისა, დროც მანამდე იქნება ასე მოუხელთები, უპასუხო და უსასრულო, სანამ მიწაში არ გადგამთ ფესვებს, არ გაღვივდებით, ქვებო, ლოდებო... |


