|
სექტემბრის მეორე ეპისტოლე
სად ხარ, როცა აქ აღარ ხარ, როცა გულშიც ვეღარ გპოულობ და თუ გული გამელია ან გამიწყალდა, შენს ხსენებაზე რად მეკუმშება?! ჩემი ლოდინი სიჩუმეში ჩამოიმარცვლა და მწიფს დუმილის თავთავები და თავისთავად შენში ვეძებ თავშესაფარს და ვერ გპოულობ… იქით ჯერ კიდევ ხალისობენ და მკერდსავსე ღამის ფშვინვა ვერ მოიბეზრეს, სადაც ჩემს წარსულს აგრძელებენ და მზე და მთვარე ადი-ჩამოდის ზეცის კიბეზე. თვალს ავარიდებ მათ - ერთმანეთს რომ დაეძებენ ხელებით, კოცნით, სუნთქვის სიხშირით და წუთის სიღრმეს მოღიღინე სისხლი ირეკლავს. მიკვირს, ისევ აქეთ დავრჩი, ამ ბავშვთან ერთად, ხმას რომ აყოლებს უნებურ მოტივს და მის გამზრდელად ვიგულისხმები, ჩვენ გვინაწილებს სახლის სიჩუმე და საათიდან ამომხტარი გუგულის ხმები, რომ ხვალინდელი გადღევანდელდა უმიზეზო და შეურისხველი... |


