|
სულ სხვა ფერი ჰქონდა ცას, ღვინოს - სულ სხვა გემო. ვღალატობდით სიყვარულს სიყვარულის გამო... ქილა ერბოს პატრონმა მეც შევძახე: „ჰამო!” ხელს მიქნევენ გაღმიდან: - წამო, ძმაო, წამო!
უსახლკარო, უფულო, უძმო, უდედმამო, ვეღაც ხორცი ალაღო, ვეღარც სულს აამო? არ მოგწყინდა? კარგი რა! წამო, ბიჭო, წამო!
- სხვა რა გინდა! ღრუბლიდან საქართველო ხომ ჩანს! ... ჩანდა! მაგრამ უკვე თვალს მიეფარა, ძამო! ხმა კი ისევ ჩამესმის: - წამო! გესმის? წამო!
მაჯის სიმსხო სხივებო - ულტრაიისფერო, უცისფრესად ცისფერო და დაუსაბამო ცაო, მესმის ვედრება: - წამო! გირჩევ, წამო!
თხმელაზე ვარ! - გავკრიფო უნდა ტოტი თხმელის. რაკი მსმელი ჯერ ვერ ვარ, უნდა ყურძნად ვჭამო! ის ხმა არც აქ მასვენებს: - ჩამო დაბლა! წამო!
ბევრს ნუ მოსთხოვ - ნუ ფიქრობ, გაგისტუმრებს ვალებს! ვალზე ფიქრით გონება აღარ მოიშხამო! ყური იმ ხმას მიუგდე: - წამო-მეთქი! წა-მო!
პროტესტია უთქმელი, ჩუმი, უღიმღამო. თუ გინახავთ ამაზე მშვენიერი რამო... ხმა კი ისევ მაჩქარებს: - წამო, კაცო, წამო!
ის მიწამებს ბოლოსაც, ვისაც ახლა ვწამვარ. მაინც, შეკოწიწებას ცხოვრებისას ვლამობ, მაგრამ ხმა არ მასვენებს: - ხომ გითხარი! წამო!
ზემო ტაბანათო და ჩემო საგურამო, ვიღაც მეპატიჟება, თანაც - სამუდამოდ: - არ მოგწყინდა? კარგი რა! გამოადგი! წამო...
სამი დღეა, იისფრად ჩემს იმედებს ათოვს. აჰა, გემშვიდობები, ღვინით სავსე ჯამო! ... თვითონ უკვე შეუსვამს და მაჩქარებს: - წამო!
დაგივიწყა თუმც მიწამ - გაგიხსენა ცამო... საით მეპატიჟები, შე უფსკერო ხრამო! - სულ ვერაფერს ვერ მიხვდი? დამიჯერე, წამო... |
| პოეზიის გვერდი • • • |


