კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 15:43

 

 

გაიძვერა გმირებისთვის

ეს ქვეყანა თეატრია!..

თვალთმაქცობენ და ჰყვირიან:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ვისაც ქვეყნის ნაცოდვარი

ჯიბეში სქლად ჩაუყრია,

ის ყველაზე მეტად ჰყვირის:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ჭკუა-მწყრალი, ლიბერალი,

კუჭისთვის რომ მოახრია,

ბანზე აგდებს სიტყვებს! ჰყვირის:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ქურდი თხელზე დაჭერილი,

პატრონს რომ ზედ მიუსწრია,

თავ იმართლებს და იძახის:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


შეხიზნულებს ჩვენს ოჯახში

სამტროდ თავი მოუყრია:

აღარ გვზოგვენ, ჩვენ კი ვფიქრობთ:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


რაზედაც ჩვენს მამა-პაპებს

ოფლი სისხლად დაუღვრია,

წაგვართვეს და ჩვენ ვიძახოთ:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ვისაც ჩვენი ქვეყნისათვის

ცოცხლად ტყავი გაუძვრია

რა ნება აქვს, რომ იძახოს:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ვინც პირადის ანგარიშით

ჩვენი წმინდა აამღვრია,

აქვს უფლება იძახოდეს:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ვინც აფასებს მხოლოდ იმას,

ვისაც თავი მოუხრია

განა შვენის იძახოდეს:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ვინც სდევნიდა ყველა კარგ კაცს,

რომ კბილები ჩაემტვრია,

დღეს ნება აქვს რომ იძახოს:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ვფიცავ ღმერთსა, ღმერთსა ვფიცავ,

ეს ქვეყანა თეატრია:

ყველა სტყუის ვინც იძახის:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


მხოლოდ კენჭებს ვინც აგროვებს,

ან იყრის და ან უყრია,

იმას შვენის, რომ იძახოს:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?


ლიბერალო! შე საბრალო!

რად აჩქარდი? ჯერ ადრია!

კენჭობის დროს უნდა გეთქვა:

"მახვილი თუ ინდუსტრია"?

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen