|
სავათნავა მქვიან, არუთინა ვარ, ანაბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ! სავათნავა
ჭიანურო! მაღლად, ტკბილად დაუკარ! ვინცა გაქოს, თავი მდაბლად დაუკარ, შენსა მტერსა კბილის კრიჭა აუკარ! ხინიკო, ხინკიკო!
ჩემი თასი წითელ ღვინით აივსოს, ჩემი გული კვალად ლხინით აივსოს, ხინიკო, ხინკიკო!
შავმან ბედმან უცებ დამკრა, დავარდი, სოფლის გარეს, ვაის მხარეს გავარდი! ხინიკო, ხინკიკო!
გესლით სავსე აწ გულს ისარი მეცა... ნუგეშად პყრობილსა მექმნას მე ცა! ხინიკო, ხინკიკო!
ვის ვეტრფოდი სულით, და მანც მისმინა... სიამით აწ ვეღარ ვნახო მის მინა! ხინიკო, ხინკიკო!
სიყვარულის გულს მეგზნება ახ, ალი! მოვშორდი, ვჰსცან ოხრვა, კვნესა ახალი, ხინიკო, ხინკიკო!
ვაის უფსკრულს ვგდივარ, - მაგრამ გონება მაინც მასვე შორით ეტრფიალება. ხინიკო, ხინკიკო!
არ იკმარა, გულს ლახვარი დამასვა! არ მაკმარა, - განმაშორაცა მას, ვა! ხინიკო, ხინკიკო!
ჭიანურო! შენც სიმი რაღად ჰსწყვიტე! მაშ შენც, ჩემო თავო უბედო, ხმა ჰსწყვიტე! ხინიკო, ხინკიკო!
ჩემს ჭიანურს ადგილი წალკოტს ბოლო. ეგებ ვინმემ ჰსთქვას: ვაჲ გრიგოლ საბრალო! ხინიკო, ხინკიკო! |


