|
ქალაქი ჩემთვის წიგნია - სქელტანიანი, ეპოქალური და მოსაწყენი. ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე; პროსპექტი - ერთი ნაწილია ამ წიგნის, - ეს წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან. ქუჩა - თავია ამ წიგნის, - ეს წიგნი შედგება მრავალი თავისაგან, შესახვევი - ქვეთავია ამ წიგნის, - ეს წიგნი შედგება უამრავი ქვეთავისაგან. ჩიხი - ეპიგრაფია ამ წიგნის, - ეს წიგნი შედგება მრავალი ეპიგრაფისაგან. მოედნები - ცარიელი ადგილებია ამ წიგნის, ბაღები - ამ წიგნის თავების მხატვრობაა, მიწა და ზეცა - ყდებია ამ წიგნის. ეს წიგნი შედგება დაახლოებით 700000 სტრიქონისაგან, ეს სტრიქონები არ არიან ერთმანეთთან გარითმულნი, მაგრამ მკაცრი აუცილებლობით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ამ წიგნის უხილავი ავტორი ყოველდღე შლის სტრიქონებს, მთელ თავებს, ქვეთავებს, ეპიგრაფებს და წერს ახალს. იგი წერს ძალიან ძნელად და ნერვების მომშლელად. ადამიანები - სტრიქონებია ამ წიგნის. |


