მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი
|
განთიადს ეძებენ მამლები, ნისკარტებს იქნევენ სოლებად, როდესაც ბინდიან მთებიდან ეშვება მზისფერი სოლედად.
ფაშატის სუნთქვა და გესლია, ძუძუნი - გრდემლია ორივე, მრგვალ საგალობლებად კვნესიან.
რას ეძებ, რატომ ვერ ისვენებ. - მე მინდა იგი, რაც მე მინდა, მომეშვი და ნუღარ მიხსენებ. მე მინდა შვება და ხალისი და ჩემს გულს დავეძებ ისევე!
შმაგი და ავხორცი ფაშატი მირბის და ბნელ ზღვაში ვარდება, რომ იქვე მოკვდეს ან დაშავდეს.
შავლეგა წუხილის ბალახი კვლავ ხარობს მიწაზე, როდესაც ნიავი აჟრჟოლებს ჭალაკებს.
ნაღველი მწარე და საშური, შენ სტირი ლოდინის სიმწრისგან მოგვრილი ლიმონის ნაჟურით.
მე ვბორგავ სიგიჟის სახადით. და მიწით მივათრევ ნაწნავებს სამზადის კარიდან სახლამდე.
სურვილთა მღვივანი ფურცელი, ო, ჩემი პერანგის შრიალი და ყაყაჩოსფერი მუცელი
სიმშვიდით დაიწყე ზმორება, ნანა და ნანინა, მზისფერო, თვალები დახუჭე სოლედად.
ცისა და ჩიტების ქარია და გოგრის ყვითელი ყვავივლით თავს იმკობს ნამგალა კალია.
ყოველღამ ცეცხლად რომ ანთია - დაკარგულ კალაპოტს მისტირის და გზათა შორეულ განთიადს. |


