|
ბრძანე მეუფევ..! მე ვარ დაღლილი... ბევრნი ვევნე და ბევრი ვიომე, უფლის სახლამდის გზა და მანძილი, გამიმოკლე და გამიიოლე...
არაფერს ვითხოვ.. სულის სალბოდ და სულის სალხენად, დახეთქლილია ძარღვები სისხლით და ყელს მიხერგავს ფილტვის ნახევა...
მეუფევ, ვისმენ საკმაოდ ვლოკე დრო და მარილი, თავს რომ დამრუნავს მგლისფერი ნისლი, ეგ მეგო თავქვეშ სასთუმალივით..
არაფერს ვნანობ, როგორც მეწადა, ვიცხოვრე ისე, მეუფევ, ჩემი ცოდვების გამო, შენ ვერ გამიწევ მსტოვრობას ცისკენ...
გონებას წყეულს ვერ შეეწევი ლოცვის შეწევნით, მე ვარ სამყაროს რისხვა და წყევლა და ჩემს წილ ჭაპანს კვნესით ვეწევი...
ბრძანე, მამაო!.. ახლა ვარ მშვიდი და ვარ მორჩილი, ვაგლახ, თუ ცოდვა არის ამაო... და უდღეური ჩემი ჩონჩხივით...
მიხმობს ნაპირი, ცრემლებს შენ მაინც ნუღარ მიგროვებ, აქ არ მოვსულვარ სმენად ნატირლის, რომ გავჩნდი, მაშინ გამომიგლოვეს...
რამე ისეთი, სულს ახსნას ტვირთი, შვება მოჰფინოს მტვრად მოიქცევა მთელი მსოფლიო...
არა, მეუფევ!... არა, მამაო!... მე ვერ დავმშვიდდი შენთან სალმობით, მზე დამავალი ყვითლად ქანაობს, ამ სიყვითლეში ვთრთი საწყალობლად,
გათავდა, მორჩა, მინავლდა ჩემი ყოფნის ხანძარი, მზე იწვერება... და მწუხრში მოსჩანს, ნათელი კარი - ჩემი საძვალის. |
| პოეზიის გვერდი • • • |


