კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 20:34

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

პირველი ელეგია

 

რომც აღმომხდოდა შეძახილი, ვის შემისმენდა

შენ ანგელოსთა საუფლოდან? და თუნდაც ერთ-ერთს

იმათგანს გულშიც რომ ჩავეკარ, სულს აღმომხდიდა

მისი ძლიერი ყოფიერება.

რამეთუ არის მშვენიერი მხოლოდ საწყისი

საზარელისა, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ მაინც

როგორღაც ვუძლებთ და შევცქერით აღფრთოვანებით,

რადგან ჩვენს მუსრვას ის გულგრილად უგულებელჰყოფს.

ყოველნაირი ანგელოსი შემაზრზენია.

და ასე ვცდილობ, რომ როგორმე, თავდაოკებით

ყელს ჩავიბრუნო ყრუ ქვითინის ხმა მიმხმობელი,

მაინც ვინ არის ის, რომელიც ყველას გვჭირდება?

არც ანგელოსნი, არცა. კაცნი და საზრიანნი

ნადირნი უკვე იჭვით გრძნობენ, ქვეშეცნეულად,

რომ ჩვენ ამ ვითომც ამოხსნილი სამყაროს არსში

არც თუ იმდენად გარკვეულნი ვყოფილვართ თურმე.

ჩვენ გვრჩება იქნებ მარტოოდენ ხე რომელიმე,

სადღაც ფერდობზე მარტოდ მდგარი, რომ დღენიადაგ

იმას ვუმზიროთ: გუშინდელი ქუჩაღა გვრჩება

და ნებიერი ერთგულება ჩვეულებისა,

რომელსაც ჩვენთან ემყუდროვა და ამიტომაც

ჩვენთანვე დარჩა, დამკვიდრდა და არ განგვერიდა.


ო, ღამეც, ღამე, ოდეს ქარი, ქვეყნით აღსავსე,

გვიფიტავს სახეს, ვისაც არ უნდა შემორჩეს იგი,

სასურველი და თანაც ნაზად სასოწარმკვეთი,

მარტოდ დარჩენილ გულს მძიმედ რომ მძიმედ წარმოუდგება

ის განა უფრო იოლია მოყვარულთათვის?

ო, ისინი ხომ თავიანთ ხვედრს ერთიმეორით იფარვენ მხოლოდ.

ჯერ არ უწყი? სიცარიელე

მაგ მკლავებიდან გადაუგდე იმავ სივრცეებს,

ჩვენ რომ ვისუნთქავთ. ფრინველები ალბათ შინაგან

ფრენის ალღოთი გრძნობენ ხოლმე გაწეულ ჰაერს.


დიახ, შენ სურდი გაზაფხულებს, ბევრი ვარსკვლავი

თვლიდა კიდევაც, რომ შეგეძლო შენ მათი განცდა.

წარსულში ტალღა აღიმართა, ანდა, როდესაც

შენ ჩაუარე ღია სარკმელს, იქ ვიოლინო

თავდავიწყებით ხმოვანებდა. ეს ყოველივე

იყო მარტოდენ დავალება. მაგრამ შენ განა

დასძლიე იგი? დაბნეული არ მდგარხარ ჯერაც

მოლოდინისგან, თითქოს სატრფოს ეუწყებინოს

ეს ყოველივე? (სად დამალავ, როს დიდებული

სხვათა აზრები გამუდმებით გიბრუნდებიან

და ძალზე ხშირად ღამეებსაც ათევენ შენთან).

როდესაც სევდა მოგვეძალვის, მაშინ უმღერე

შეყვარებულებს, სახელგანთქმულ გრძნობას იმათსას

ჯერ კიდევ ბევრი რამ უკლია უკვდავებამდე.

თითქოს გშურს კიდეც მძიმე ხვედრი მიტოვებულთა,

რომელნიც უფრო მოგწონს, ვიდრე წყურვილმოკლულნი,

მუდამ თავიდან წამოიწყე მიუწვდომელი

ქება; იცოდე თავს ისახავს ყოველთვის გმირი,

სიკვდილიც მისთვის იყო მხოლოდ საბაბი მისი

არსებობისა, დაბადება უკანასკნელი.

ხოლო მოყვარულთ ქანცმიხდილი ბუნება ისევ

უკან იბრუნებს, თითქოს ძალი არც კი შესწევდეს

მათი კვლავ ქმნისა. შენ გასპარა სტამპას შესახებ

თუ გიფიქრია საკმარისად, რომ იმ ყმაწვილ ქალს,

მიჯნურისაგან მიტოვებულს, ამ მოყვარულთა

დიად ნიმუშზე რა განცდები დაუფლებია:

განა მეც გავხდე ისეთივე, როგორც ისინი?

ნუთუ ეს ძველნი განსაცდელნი არ უნდა იქცნენ

უფრო უმეტეს ნაყოფიერად?

არ დადგა ჟამი, რომ გვიყვარდეს და ამავე დროს

განვთავისუფლდეთ სატრფოსაგან, თრთოლვით დავძლიოთ

ეს, სწორედ ისე, ვით მშვილდის ლარს ტოვებს ისარი,

რათა ნახტომად შემართული თავს აღემატოს.

რადგან დარჩენა არსად ყოფნაა.


ო, ხმები, ხმები. გულო ჩემო, ისმინე ისე,

როგორც ნეტარი წმინდანები ისმენდნენ მხოლოდ:

მათ ხმა ძლიერი ეწეოდა მიწიდან ზემოთ,

მაგრამ ისინი, საოცარნი, მაინც ისევე

მუხლმოყრით იდგნენ ჯიუტად და ასე ისმენდნენ.

არა, შენ ღვთის ხმას ვერ გაუძლებ, მაგრამ უსმინე

მას, რაც მიმოჰქრის განუწყვეტლიე, იმ ამბავს, რაიც

მდუმარებიდან წარმოიშბის მარადიულად.

შენს სმენას ახლა უკვე აღწევს იმ ახალგაზრდა

მიცვალებულთა იდუმალი, ნელი შრიალი.

სადაც არ უნდა შესულიყავ, ნეაპოლის თუ

რომის ტაძრებში, განა შენთან მათს ბედისწერას

გულდამშვიდებით არასოდეს უსაუბრია?

ან შენს წინამე დიდებულად ამაღლდა უცებ

წარწერა, ისე, ვით ახლახან ამოიზიდა

სანტა მარია ფორმოზაში დაფა დიადი,

რას მოითხოვენ? ჩუმად უხდა ჩამოვაცილო

უსამართლობის ხილვადობა, რაიც დროდადრო

მათს სულთა წმინდა მოძრაობას ოდნავ აბრკოლებს.


უცნაურია, მართლაც, უკვე ამიერიდან

აღარ დასახლდეს დედამიწა, ოდნავ ნასწავლი

ჩეეულებები არასოდეს აღარ აღსრულდეს.

ვარდებს და საგნებს, საგანგებოდ მაიმედებელთ,

აღარ მიეცეს მნიშვნელობა კაცთა მომავლის.

და აღარ იყო უკვე იგი, რაიც იყავი

უკიდურესად მოკრძალებულ, სათუთ ხელთ შორის.

და საკუთარი სახელიც კი მიაგდო სადმე,

ვით სათამაშო გატეხილი. საოცარია,

რომ ყველაფერი, შებოჭილი რაც იყო ადრე,

უცებ იხილო, ვით ლივლივებს ლაღად სივრცეში.

სიკვდილში ყოფნა სამძიმოა და ამოგებით

არის აღსავსე იმდენად, რომ თანდათანობით

გრძნობ მცირეოდენ მარადისობას.

მაგრამ ცოცხალნი განაგრძობენ ერთსა და იმავ

შეცდომას, როცა ასხვავებენ ასე ძლიერად.

ანგელოსთ ხშირად (ამბობენ, რომ) არც კი სცოდნიათ,

მიცვალებულთა შორის იყვნენ თუ ცოცხალთ შორის.

მარადიული მდინარება ორსავ სფეროში

თან მიიდენის განუწყვეტლივ ყოველგვარ ასაკს

და ახშობს იმათ ორთავეში სამარადისოდ.


და ბოლოს უკვე არც ვჭირდებით ადრე გარდასულთ

მიწიერებამ გადაჩვევა იცის თანდათან,

ვით დედის ძუძუმ. მაგრამ ჩვენ კი, რომელთაც ასე

გვჭირდება სწორედ დიდებულნი საიდუმლონი,

რომელთათვისაც ძლიერ ხშირად მწუხარებიდან

თავად ნეტარი აღმავლობა წარმოიშვება:

ჩვენ განა ძალგვიძს უიმათოდ გაძლება ქვეყნად?

განა ფუჭია ის ლეგენდა, რომელიც გვამცნობს,

ლინოსზე მოთქმა-გოდებისას თუ ვით განმსჭვალა

გაშეშებული გაოგნება უპირველესმა

საცდელმა ჰანგმა; რომ მარტოდენ იმ შეძრწუნებით

შემკრთალ სივრცეში, საიდანაც სამარადისოდ

გავიდა თითქმის ღვთაებრივი ჭაბუკი უცებ,

სიცარიელე იმ რხევაში გადაიზარდა,

რომელიც ახლაც გვანუგეშებს, გვხიბლავს და გვშველის.

 

მეოთხე ელეგია

 

ჰოი, ხეებო სიცოცხლისა, როდის იზამთრებთ?

ჩვენ არ გვჩვევია გაგება და ერთსულოვნება,

ვით მორ მანძილზე გადამფრენ ფრინეილო.

ნაგვიანევნი და სრბოლაში ჩამორჩენილნი

მოულოდნელად. ვეტმასნებით დანაბერ ქარებს

და შემდეგ გულგრილ ჭაობში ვცვივით.

ჩვენ ყვავილობას და ჭკნობასაც გგრძნობთ ერთდროულად.

ხოლო სადღაც კი კვლავ დადიან დიდი ლომები,

რომელთაც. ვიდრე ძალმოსილნი არიან თვითონ,

სიძაბუნისა არ-რა იციან.


ჩვენ კი, როდესაც ერთს ვგულისხმობთ, მთელი არსებით,

იქვე ვგრძნობთ ხოლმე, რომ სხვა რაღაც იხარჯვის უკვე.

ჩეენთვის მტრობაა ყველაფერზე უახლოესი.

განა ყოველთვის არ მიდიან შეყვარებულნი

კიდეებამდე, ერთმანეთში, დანაპირებნი

შორეულ სივრცეს, დადევნებას და სათვისტომოს.

და აქ მზადდება წამიერი მონახაზისთვის

საპირისპირო ფონი, თითქოს ძალდატანებით,

რომ უკვე შეეძლოთ მისი ხილვა; ჩვენთვის ეს ასე

უფრო მკაფიოდ და თვალნათლივ საჩინო ხდება

ჩვენთვის არ არის საცნაური გრძნობის კონტური

მარტოდენ იგი, რაც მას აძლევს გარეგან ფორმას.

შეძრწუნებული ვინ არ მჯდარა თავისი გულის

ფარდის წინაშე? იხსნებოდა იგი თანდათან:

დამშვიდობება იყო მისი დეკორაცია.

ამის გაგება იოლია. ნაცნობი ბაღი,

ნიავით ოდხავ შერხეული: მხოლოდ შემდეგღა

გამოჩნდა თავად მოცეკვავე. ოღონდ ის არა,

საკმარისია! რადგან იგი თუნდაც რომ ლაღად

გვეჩვენოს კიდეც, ის ხომ მხოლოდ გადაცმულია,

გადაიქცეეა კვლავ ბურგერად და, ჩვეულებრივ,

სამზარეულოს გავლით შევა თავის ბინაში.


მე ამ ნახევრად დატენილი ნიღბების გროვას

ისევ თოჯინას ვამჯობინებ. იგი სავსეა.

მე მსურს, ვითმინო ეს ფიტული, მისი ძაფები

და მისი სახე, ქმნილი ხოლოდ გარეგნობისგან.

აქ ვიმყოფები. ამის წინაშე.

თუნდაც ჩააქრონ ჭაღები და მითხრან, რომ უკვე

აღარ იქნება სანახავი აღარაფერი,

თუნდაც სცენიდან რომ დაჰბეროს სიცარიელემ

რაღაც ნაცრისფერ, გამჭოლ ნიავად,

და ჩემს მდუმარე წინაპართაგან

თუნდაც რომ გვერდით აღარ მეჯდეს უკვე არავინ,

არც ერთი ქალი, და პატარა ბიჭიც კი არა

ყავისფელი და ელამი თვალით:

მაინც დავრჩები, რადგან ყოველთვის

მოიძებნება სანახაობა.


არ ვარ მართალი? შენ, რომელსაც ჩემს გარეშემო

ასეთი სიმწრით გიგემნია შენი ცხოვრება

და იქვე ჩემიც გაგისინჯავს, მამავ, ჩემივე

იძულებული არსებობის თავდაპირველი

მღვრიე ნაყენი. და როდესაც მე ვიზრდებოდი,

შენ გამუდმებით უსინჯავდი გემოს ჩემს ყოფნას

და სხვის მომავლის წახემსებით ასე გართული

ყოველთვის სცდიდი ჩემს საზრიან ზეამოხედვას, -

შენ, მამავ ჩემო, შენ, რომელიც სიკვდილის დღიდან

კანკალებ ჩემში, ჩემს იმედში და გულგრილობას,

მიცვალებულთა გულგრილობის მთელ სამეფოებს

თმობ ჩემი ბედის ნამცეცისათვის,

არ ვარ მართალი? თქვენც მოგმართავთ და გეკითხებით:

არ ვარ მართალი? თქვენ, რომელთაც ასე გიყვარდით

ჩემი თქვენდამი სიყვარულის რაღაც ოდნავი

საწყისისათვის, რასაც მუდამ თავს ვარიდებდი,

რადგანაც სივრცე - თქვენს სახეში, მე რომ მიყვარდა

გადადიოდა სამყაროულ დიად სივრცეში,

სადაც თქვენ უკეე აღარ ჩანდით.. როდესაც ასე

ვარ განწყობილი, თოჯინების სცენის წინაშე

ვიცადო, არა, მზერად ვიქცე მთელი არსებით,

ისე, რომ ჩემი განჭვერეტის და მზერის მზომელად

იქ მსახიობად ანგელოსი უნდა გამოჩნდეს, -

ამ ფიტულების მპყრობელი და ზეამომწევი.

ო, ანგელოსი და თოჯინა: აი, ეს არის

ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტი სანახაობა.


და მხოლოდ მაშინ მოხერხდება იმისი შერწყმა,

რასაც ჩვენ მუდამ ვაცალკევებთ, არსებობისას.

მხოლოდ მაშინღა წარმოიშვის და წრედ შეიკვრის

მთლიანად ჩვენი წელიწადის დროთა დინება.

მაშინ ჩვენს მიღმა ანგელოსი ათამაშდება.

მოდი, მომაკვდავთ დააკვირდი, ნუთუ მათ ჯერაც

არ უფიქრიათ, თუ რაოდენ საბაბს შეიცავს

ის ყოველივე, რის შექმნასაც ჩვენ აქ ვახერხებთ.

ყოველი არსი მარტოოდენ თვითონ არ არის.

ო, სიყმაწვილის საათებო, როდესაც იქით,

ფიგურებს უკან უფრო მეტი რამ იყო, ვიდრე

მხოლოდ წარსული, და არ იდგა ჩვენს წინ მყოფადი,

ჩვენ ვიზრდებოდით, მართალია, ზოგჯერ ამ გაზრდას

ვჩქარობდით კიდეც, ნაწილობრივ მათ საამებლად,

ვისაც სიმწიფის გარდა ქვეყნად არ-რა გააჩნდა,

სიმარტოვეში კმაყოფილნი ვიყავით მაინც

იმ სიხანგრძლივით და ვიდექით ასე მარტონი

სამყაროსა და სათამაშოს შუალედს შორის,

იმავ ადგილზე, რაც თავიდანვე

დაფუძნებული იყო წმიდა ქმედებისათვის.


ვის შეუძლია. რომ მაჩვენოს, როგორ დგას ბავშვი?

ვინ ჩააყენებს მას შორეულ თანავარსკვლავედს

შორის და ხელში ვინ ჩაუდებს სიშორის საზომს?

ვინ გააკეთებს ბავშვის სიკვდილს შავი პურისგან,

რომელიც ხმება? ვინ ჩატოვებს მას მომრგვალებულ

პირის წიაღში ისე, როგორც ლამაზ ვაშლის გულს?

მკვლელთა გაგება იოლია. მაგრამ ეს: სიკვდილს,

მთელ სიკვდილს, უკვე სიცოცხლემდე ასე სათუთად

რომ შეიცავდე და არ იყო მაინც ბოროტი,

აი ეს არის აღუწერელი.

 

მეექვსე ელეგია

 

ხეო ლეღვისავ, მე ჯერ კიდევ როდის შევნიშნე,

რომ ყვავილობის დაუდევრად, შენ ადრე გაშლილ

ნაყოფში რარიგ უანგაროდ მიდენი შენსავ

წმიდათაწმიდა საიდუმლოს. და დაგრეხილი

ტოტები შენი შადრევანთა მილების მსგავსად

ზემოთ და ქვემოთ მიდენიან წვენს თავის წიაღ,

რომელიც, თითქმის გაუღვიძრად, მძინარებიდან

გადადის თავის სრულქმნის უტკბეს ნეტარებაში.

შეხედე: როგორც ღმერთი - გედში.

... ჩვენ კი ვყოვნდებით,

გვეამაყება ყვავილობა და ამიტომაც

ჩვენი სიმწიფის ნაგვიანევ და საბოლოო

ნაყოფის წიაღს ვაღწევთ უკვე ნაღალატევნი.

ბეერს არ სჩვევია სრულქმნილების ძალის ამგვარი

ჭარბი მოქცევა, რომ მიმდგარი იყოს და უკვე

თავისი გულის სისავსეში ენთოს კიდევაც,

ოდეს მის სიყრმის ნორჩ ბაგეებს და ქუთუთოებს

ნასაღამური პაერივით ნაზი და ლბილი

შეეხებოდეს ყვავილობის ჩუმი ცთუნება:

ეს ეგებ გმირებს ემართებათ, ანდა მათ, ვისაც

იქ ნაადრევად უწევთ ყოფნა, ვისაც მებაღე -

სიკვდილი ძარღვებს ისე არ უხრის.

ისინი ჰქრიან; წინ უსწრებენ საკუთარ ღიმილს,

როგორც კარნაკის ჩაღრმავებულ, ლბილ სურათებზე

გამარჯვებული ხელმწიფის ეტლს ბედაურები.

მაინც საოცრად ემსგავსება გმირი გარდაცვლილ

ჭაბუკებს. ხანი მას არ ერჩის. მისი შემართვა

ყოფნაა, იგი გამუდმებით მიექანება

და მიეახლვის საკუთარი, მარადიული

ფათერაკების სახიშეცვლილ თანავარსკვლავედს.

ვერ მიაგნებდა იქ მას ბევრი. მაგრამ ჩვენს მიმართ

მრუმედ მდუმარი ბედისწერა, უცებ ზეგარდმო -

შთაგონებული, იმართვის და თავის მშფოთვარე

ქვეყნის გრიგალში მისი ქება სიმღერით შეაქვს,

მე არავისი მესმის ისე, როგორც იმისი.

ჰაერის ტალღით მმსჭვალავს მისი მიმქრალი ხმები.


შემდეგ, როგორი სიხალისით ავირიდებდი

ამ სევდას. ოღონდ ვყოფილიყავ, ო, ვყოფილიყავ

კელავაც ყმაწვილი. შემძლებოდა ისევ ყრმად ქცევა,

მომავალ ნიდაყვთ დაყრდნობილი ვიჯდებოდი და

წავიკითხავდი  ისევ სამსონზე,

თუ როგორ მოხდა, რომ დედამ მისმა

ჯერ არაფერი, ხოლო შემდგომ შვა ყოველივე.


ო, დედავ, განა ის შენშივე არ იყო გმირი?

განა მან მანდვე, შენს წიაღში არ წამოიწყო

თავის ძლიერი არჩევანი? მანდ შენს საშოში

მირიადები ირეოდნენ და მათგან ყოველს.

სურდა, რომ თვითონ გამხდარიყო ის, მაგრამ ნახე:

ის თვითონ სწვდა და განირიდა - ჰქმნა არჩევანი

და შეძლო კიდეც. და როდესაც სვეტებს არყევდა,

ამის მიზეზი ის იყო, რომ დასაბამითვე

შენი სხეულის სამყაროდან მოვიდა იგი

ამ უფრო ვიწრო სამყაროში, სადაც მან კვლავაც

ჰქმნა არჩევანი და შეიძლო. გმირთა დედანო,

აბობოქრებულ ნიაღვართა სათავეებო,

თქვენ ხართ უფსკრულნი, რომლებშიაც გულის კიდიდან

მოთქმით ჩაცვივდნენ ქალწულები, ძის სამსხვერპლონი.


რადგან გმირს, მქროლავს სიყვარულის სადგომთა მიღმა,

გულის ყოველი ფეთქვა მისი მგულისხმებელი,

აღიტაცებდა უფრო მაღლა და ზურგნაქცევი

ღიმილთა ბოლოს იგი უკვე იდგა - სხვაგვარად.

 

მეცხრე ელეგია

 

რატომ, თუ ასეც შეიძლება, ყოფიერების

ჟამის გალევა, მსგავსად დაფნისა,

ყველა დანარჩენ მწეანეულზე სულ ოდნავ მუქის,

თითოეული ფოთლის კიდეს გარს რომ ევლება

წვრილი ტალღების წყება (როგორც ქარის ღიმილი) -

მაშ რატომ არის აღამიანის

იძულებითი არსებობა - და, ბედისაგან

განრიდებისას, იმავ ბედზე სევდა და ურვა...

არა იმიტომ, რომ არსებობს ბედნიერება,

და მცირე უპირატესობა დაკარგვისწინა.

ცნობისწადილოს გამოც არა. არც იმისათვის,

რათა დაამდეს გულის ჩვევა, რომ ყოფილიყო

იგიც დაფნაში...


არამედ მიტომ, რომ აქ ყოფნა უკვე ბევრია,

და იმიტომ, რომ ყოველივეს, რაც აქ არსებობს,

თითქოს ვჭირდებით, ამ წარმავალთ, ასე საოცრად

რომ გვეხებიან, ჩვენ, იმათხე უწარმავალესთ.

ერთხელ ყოველი, მხოლოდ ერთხელ. ერთხელ და უკვე

აღარასოდეს. და ჩვენც ერთხელ. და აღარ. მაგრამ

ეს ერთხელ ყოფნა, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ

მიწიერყოფნა თითქოს არის უცილობელი.

და აი, ერთურთს ვამჭიდროვებთ და ყველა ვცდილობთ

ეს აღვასრულოთ. გვინდა ამის შენარჩუნება

მარტივ ხელთ შორის, უტყვ გულსა და სავსე მზერაში.

გვსურს ამად ვიქცეთ. ვის დავუთმობთ,

ვის მივცემთ ამას?

უმჯობესია, ყოველივე შევინარჩუნოთ

სამარადისოდ... ოჰ, სულ სხვაგვარ მიმართებაში,

რაღას წაიღებ იმა ქვეყნად? ვერც ჭვრეტის უნარს,

რაიც ამ ქვეყნად ძლივსძლივობით შეგვისწავლია

და ვერც ერთ ამბავს აქ გარდამხდარს,

ვერც ერთს იმათგან.

მაშასადამე, მარტოოდენ მწვავე ტკიეილებს,

მაშასადამე, ღრმა სიმძიმილს, უპირატესად.

მაშასადამე, სიყვარულის ძალზე ხანიერ

გამოცდილებას. ესე იგი, ყველაფერს, მხოლოდ

სამარადისოდ გამოუთქმელს, მაგრამ შემდეგ კი,

გარსკვლავთა შორის, რა აზრი აქვთ: ისინი ისევ

გამოუთქმელნი უკეთესნი არიან ბევრად.

მწირს მთიდან ბარად ხომ არასდროს ჩამოაქვს მიწის

ერთი პეშვიც კი, ყველასათვის გამოუთქმელი,

არამედ მხოლოდ ნაძიები სიტყვა, უზადო,

როგორც ყვითელი და ცისფერი ყვავილი მთისა.

ეგებ აქ მისთვის ვიმყოფებით, რომ გვეთქვა: სახლი,

ხიდი, კარიბჭე, წყარო, დოქი, ხე მსხმოიარე,

სარკმელი, - ანდა უმეტესი: სვეტი და კოშკი...

მაგრამ თქმა შესძელ, იმნაირად,

როგორც თვით საგნებს

თავისში ყოფნა არასოდეს ჰქონიათ აზრად.

ეს შეფარული ცბიერება არ არის განა

მდუმარ მიწისა, მოყვარულთ რომ აჭდობს ერთმანეთს,

რომ მათს გრძნობაში ყოველივე აღაფრთოვანოს?

ზღურბლი: რას ნიშნავს განა ორი მოყვარულისთვის

ის, რომ ისინი ცოტათი ცვეთენ

თავიანთ კარის უძველეს ზღურბლს, ისინიც, მრავალ

წინამავალთა კვალობაზე და მომავალთა

მოსვლამდე... ოდნავ.

გამოსათქმელთა დრო აქ არის, აქ არის მათი

სამკვიდრებელი. შენც გამოთქვი და აღიარე.

განცდილ საგანთა სრბოლა ბევრად უსწრაფესია,

ვიდრე ოდესმე, რადგან იმათ რაც ენაცვლება,

გამოდევნისას, უსახური მოქმედებაა;

მოქმედებაა თვინიერად მხლეჩვარე ქერქთქვეშ,

როგორც კი იგი მათს წიაღში წამოიზრდება

და უკვე სხვამფრივ შემოიფარგლვის.


უროებს შორის ფეთქს ჩვენი გული,

ეით კბილთა შუა მოქცეული ენა, რომელიც

მაინც განაგრძობს ქება-დიდებას.

აქე-ადიდე ანგელოსის წინაშე მთელი

ქვეყნიერება, ოღონდ არა გამოუთქმელი.

შენ მის წინაშე ვერასოდეს დაიტრაბახებ

მშვენივრად განცდილს; სამყაროში, სადაც ის შენზე

მგრძნობიერად გრძნობს ყოველივეს. ხარ ახალბედა.

ამიტომ სჯობს, რომ მას აჩვენო რაიმე სადა,

რაც თაობიდან თაობამდე ყალიბდებოდა,

და როგორ ცოცხლობს ჩვენეული მზერის წიაღში

და ხელთა შორის. მას საგანთა შესახებ ამცნე.

იგი დარჩება უფრო მეტად გაოცებული,

ვიდრე შენ, ოდეს რომაელი მებაგირის თუ

ნილოსისპირა მეთუნეთა წინაშე იდექ.

აჩვენე, რარიგ ბედნიერი, შეიძლება, რომ

იყოს საგანი. რარიგ წმიდა და რარიგ ჩვენი,

და მოქვითინე მწუხარებაც რა ნათელ სახეს

იღებს და თვითონ საგანივით გვმსახურებს, ანდა

საგანში კვდება და უკვე იქით

ვიოლინოდან ნეტარებად ამოიღვრება.

აი, ამ საგნებს, თავიანთი სიკვდილით მცხოვრებთ,

კარგად ესმით, რომ შენ მათ აქებ; და გადასარჩენს

თეით წარმავალნი ჩვენ გვანდობენ უწარმავალესთ.

სურთ, რომ ისინი ჩვენს უხილავ გულში ვაქციოთ,

ო, უსასრულოდ ჩვენად! იმის მიუხედავად,

თუ საბოლოოდ ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ.


მიწაო, განა ეს არ არის შენი სურვილი:

რომ უჩინარი აღორძინდე, შენ ჩვენს წიაღში?

არ გაქვს ოცნებად, რომ ოდესმე უჩინრად იქცე?

- მიწავ, უჩინრად! სხვა რა არის შენი მუდმივი

დაჟინებული დავალება, თუ არ სახეცვლა?


მიწაო, ჩემო საყვარელო, მსურხარ, ო, მენდე

და დამიჯერე, რომ შენს მიერ ჩემს ლპობას

არ გჭირდებოდა მეტად შენი გაზაფხულები, -

რადგანაც ერთი გაზაფხულიც, თუნდ ერთადერთი

გაზაფხულიც კი სისხლისათვის ძალზე მეტია.

მე, უსახელო, შორიდანვე ვიხსნები შენთვის

მართალი იყავ შენ ყოველთვის და იდუმალი

სიკვდილი არის შენი აზრი წმიდათაწმიდა.


მიყურე, ვცოცხლობ, მაგრამ რისგან? არა მცირდება

არც ბავშვობა და არც მერმისი... რაღაც ზედმეტი

ყოფიერება ჩამესახვის გულის წიაღში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen