მთარგმნელი: ლულუ დადიანი
|
პირველი ელეგია * * * * * * *
გაიგონებდა რომელიმე, ვიყვირო თუნდაც, ღაღადისს ჩემსას ანგელოსთა მხედრიონთაგან? და რომ ენება ერთს იმათგან გულს მირქმა ჩემი, უფრო ძლიერი მისიყოფნა სულს ამომხდიდა. რადგანაც არის მშვენიერი მხოლოდ საწყისი საშინელისა, რასაც ვუძლებთ და ვიხიბლებით, რადგან გულგრილად უკადრისობს ის ჩვენს მოსპობას, თითოეული ანგელოსი საშინელია. და აი, ასე თავს ვიოკებ და ხმობა-ძახილს ამოზრდილს მრუმე ქვითინიდან გულში ვიბრუნებ, ო, მაინც ნეტავ ის ვინ არის, ვინც ჩვენ გვჭირდება? არც ანგელოსნი, არცა კაცნი. ალღოგახსნილი ცხოველები კი უკვე გრძნობენ, რომ ჩვენ არც ისე იმედიანად გვეგულვის თავი ამ განმარტებულ სამყაროში. ჩვენ ალბათ ხე თუ შემოგვრჩება ფერდობზე მდგარი, რათა ვუმზიროთ დღენიადაგ, ან გუშინდელი გზაშარა გვრჩება და გაცვეთილი ერთგულება იმ ჩვეულების, ჩვენთან ყოფნა რომ მოსწონებია, დარჩენილა და აღარსად მიდის. ჰოი, და ღამე, ღამე, როდესაც ქარი აღვსილი სამყაროს სივრცით - სახეს გვიღარავს - ნეტავ ვისღა არ შემორჩება ის სანუკვარი, იმედების ნაზი მსახვრალი, გულს მარტოეულს მარადჟამს რომ მოელის ტვირთად, - განა ეს ღამე მეტრფეთ უფრო ეიოლებათ? ო, ისინი ხომ საკუთარ წილ-ხვედრს ერთმანეთით ემალებიან. შენ არ იცოდი ეს აქამდე? გადაისროლე მკლავებიდან სიცარიელე, სივრცეებს მიეც, იმავ სივრცეებს, ჩვენ რომ ვსუნთქავთ; გაფართოებულ ჰაერს ფრინველნი შინაგანი ფრენით თუ გრძნობენ.
ზოგიერთ ვარსკვლავს კი ეგონა, თითქოს მათ ჩასწვდი. წარსულის ტალღა წამოიგრაგნა, თუ ღია სარკმელს რომ ჩაუარე, ვიოლინო დნებოდა ჰანგად. გევალემოდა ჩასწვდომოდი ამ ყოველივეს. მაგრამ შეიძელ? განა ყოველთვის მოლოდინით დაბნეული არ იყავ ისევ, თითქოსდა სატრფოს გაუწყებდა შენ ყოველივე. (სად გინდა იგი დამალო, როცა სხვისი მაღალი აზრები ხშირად გტოვებენ, ისევ გესტუმრებიან, უმეტესად კი მთელი ღამით რჩებიან შენთან). თუკი მოგწყურდეს, ხოტბა უთხარ შეყვარებულებს, კარგა ხანია სახელგანთქმულ გრძნობას მიჯნურთა საკმარისი უკვდავება არ ღირსებია. თითქმის გშურს კიდეც მიტოვებულ მიჯნურებისა, რომელთა გრძნობას უფრო ძლიერ ტრფობად მიიჩნევ, ვიდრე სიყვარულს წყურვილმოკლულთა. მუდამ თავიდან წამოიწყე ქებათა-ქება, ვერასოდეს რომ ვერ მიაღწევს საწადელ მიზანს. გახსოვდეს: გმირი თავს ინარჩუნებს. თვით სიკვდილიც კი საბაბია მისი ყოფნისა: დაბადება უკანასკნელი. ხოლო მიჯნურებს ქანცმიხდილი დედაბუნება უკან იბრუნებს, თითქოს მეორედ მათ შესაქმნელად ძალა არ ჰყოფნის. თუ გიფიქრია შენ საკმარისად გასპარა სტამპას დიდ სიყვარულზე, ან მიჯნურისგან მიტოვებულ ქალწულზე, ვისაც ამ ამაღლებულ სიყვარულის ნიმუში შესძრავს: მისი მსგავსი თუ გავხდებიო? ბოლოს და ბოლოს ძველთაძველი ეს სატკივარი აღარ გახდება ჩვენთვის უფრო ნაყოფიერი? არ დადგა ჟამი, თან გვიყვარდეს, თან გავერიდოთ მეტრფეს და თრთოლვით ავიტანოთ ეს განშორება, ვით ლარს იგუებს ისარი, რათა ნახტომში ფრენად შენივთული თავს აღემატოს.
როგორც წმინდანნი ისმენდნენ ოდით: ვეება ძახილს, მათ რომ მიწიდან ზეცისაკენ აიტაცებდა; თუმც საკვირველნი მუხლმოდრეკით რჩებოდნენ ისევ და ვერაფერს ამჩნევდნენ ირგვლივ: ასე ისმენდნენ. შენ ვერასოდეს ვერ აიტან ღვთის ხმიერებას, შორსა ხარ მისგან, თუმც ისმინე უწყვეტ ნაკადად მიმქროლავი ამბავი მისი, რაიც თვითონვე იბადება სიჩუმისაგან. შემოგშრიალებს ახლა ბედი ნორჩ გარდაცვლილთა. განა არ გდევდა, არ ჩურჩულებდა ხვედრი იმათი შენთან უჩუმრად, სადაც არ უნდა შესულიყავ ტაძართა წიაღ, რომს თუ ნეაპოლს? ან თუ წარწერა მოგევლინა ამაღლებული, ვით სულ ახლახან „სანტა მარია ფორმოზაში“ საფლავის ფილა. რა სურთ მათ ჩემგან? მოჩვენებითი უსამართლობა უნდა ფრთხილად ჩამოვარიდო, რაიც ხანდახან აფერხებს ოდნავ წმიდა რხევას მათი სულების.
ძლივს შეთვისებულ ჩვეულებებს დაემშვიდობო, ვარდებს და ეგზომ მრავლისაღმთქმელ სხვადასხვა საგნებს არ მიანიჭო მნიშვნელობა კაცთა მომავლის; არ იყო იგი, რაც იყავი: შეფარებული უკიდეგანო შიშით აღვსილ შენს ხელისგულებს, და თვით სახელიც, საკუთარი დასთმო სახელიც, ვით სათამაშო დამსხვრეული, აწ უვარგისი. უჩვეულოა, აღარ გსურდეს არც სურვილები, უჩვეულოა, რაც ურთიერთკავშირში გახსოვს, სივრცეში მარტოდ მოფარფატე რომ დაინახო. დიახ, მძიმეა გარდაცვლილთა ყოფიერება, ნელა შეივსებს დანაკარგს და მარადისობას მისხალ-მისხალ ეზიარება, მაგრამ ცოცხალნი ცდებიან, როცა მეტისმეტად ასხვავებენ ამ ორ საუფლოს. (ამბობენ) არც კი იციანო ანგელოსებმა სად მიმოდიან, გარდაცვლილთა, თუ ცოცხალთ შორის...
საუფლოს გავლით მძლავრად მედინი, თან წარიტაცებს ყოველგვარ ასაკს და მყისვე ახშობს მას ორთავეში. და ბოლოს უკვე აღარ ვჭირდებით ადრე გარდაცვლილთ, მიწიერ ყოფას ვით დედის ძუძუს ნაზად, სათუთად გადაჩვევა სცოდნია თურმე, მაგრამ ჩვენ, - ვისაც ასე დიდი საიდუმლონი გვჭირდება მუდამ, რომელთა ძალით მწუხარებიდან წარმოსდგება ნეტარი წინსვლა, - გავძლებთ უმათოდ? ნუთუ ფუჭია თქმულება იგი, რომ დიდი ხნის წინ ლინოსის გლოვა-დატირებისას პირველშობილმა, გაბედულმა მუსიკის ტალღამ მაშინ პირველად გახევებული გარინდება გაარღვია და შიშისაგან შეძრულ სივრცეში - რომელსაც თითქმის ღვთაებრივი ყრმა მყის სამუდამოდ გამოეცალა, - სიცარიელე იმ რხევაში გადაიზარდა, რაიც ახლა თან წარგვიტაცებს, გვანუგეშებს და გვეხმარება.
მეორე ელეგია * * * * * * *
თითოეული ანგელოსი საშინელია, ვაი, რომ მაინც თქვენ გიგალობთ, სულის ფრინველნო, მსახვრალნო ლამის, მე თქვენი არსის მესაიდუმლე. სადღაა დღენი ტობიასი, როცა თქვენს შორის უბრწყინვალესი, უბრალო კარის ზღურბლთან იდგა, ვით მგზავრი მცირედ შემოსილი, და ამიტომ აწ არსაშიში, (ყმაწვილი ყმაწვილს ცნობისწადილით უთვალთვალებდა). ახლა რომ მთავარანგელოსი, ხიფათით სავსე, ერთი ნაბიჯით ჩამოქვეითდეს გარსკვლავთ მიღმიდან დედამიწისკენ: ჩვენივე მალი გულისცემა სულს ამოგვხდიდა. ვინა ხართ ნეტავ? სხვათა უადრეს ნეტარქმნილნო სწორუპოვარნო, თქვენ ნებიერნო შესაქმისა, ხერხემალი და მზისცვარდაკრულნი ქიმნი ხართ ყველა წარმოშობისა, - გვირგვინგაშლილი ღვთაებრიობის ყვავილთა მტვერნო, სახსარნო სხივთა, გასასვლელებო, საფეხურნო, ტახტნო სუფევის, არსთა სივრცენო, ნეტარებანო, ქცეულნო ფარად, ქარტეხილივით აღმამფრენო გრძნობის მორევნო და მყის ცალ-ცალკე სარკეებო: თქვენ, ვინც საკუთარ გამოსხივებულ მშვენიერებას კვლავ ჩაიბრუნებთ საკუთარი ხატის წიაღში.
ო, ჩვენ თვითეულ ამოსუნთქვას ვატანთ სიცოცხლეს; ნაღვერდალივით აალებით აალებამდე მივინავლებით და რომ კიდევაც გვითხრას ვინმემ: დიახ, შენ სისხლში შემომეჭერი, ეს ოთახიც და ეს გაზაფხულიც ივსება შენით... ვერას გვიშველის, ვერ შეგვაჩერებს, ჩვენ ვიფერფლებით მის წიაღში და მის გარშემო, ან მათ მშვენიერთ, ო, ვინ იხსნის, ვინ შეაკავებს? მათ სახეებზე განუხრელად ჩნდება და ქრება რაღაც იერი. თითქოსდა ლორთქო ბალახიდან ქროლდება ცვარი; ისე მიილტვის ჩვენგან ჩვენი, აიზიდება, ვით ოხშივარი ცხელი კერძისა. ღიმილო, საით? ო, გამოხედვა ცინცხალი თბილი, მოუხელთები ტალღა გულისა - ვაგლახ: ჩვენ ეს ვართ - ნეტავ თუ დარჩა ჩვენი გემო იმავ სამყაროს, რომელსაც ასე უნაშთოდ ვერთვით? ანგელოსები ნუთუ მხოლოდ საკუთარს მკიან, თვის გამონაშუქს, თუ ზოგჯერ მაინც, თითქოს შეცდომით გამოერევა მისხალი ჩვენი არსებისა იმათ ნათელში? თუ მათ სახეზე მხოლოდ იმდენად ვართ აღბეჭდილნი, როგორც ფეხმძიმე დედაკაცთა სახეებზე იერი რაღაც ამოუხსნელი? ანგელოსები ამას ალბათ ვერც კი ამჩნევენ, საკუთარ თავთან უკუქცევის ორომტრიალში. (ან როგორ უნდა შენიშნონ).
ღამის ჰაერში საკვირველი ენით საუბარს. რადგან გარშემო თითქოს ყველა და ყველაფერი გვაიდუმალებს. ხედავ: არიან ხენი, სახლებიც, ჩვენ რომ ვბინადრობთ, ჟამს ჯერ კიდევ უმკლავდებიან. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ჩავუვლით ყველაფერს გვერდით როგორც ჰაერის მიმოქცევა, როგორც ნიავი. და შეკრა პირი ყოველივემ ჩვენს მისაჩქმალად, ცალკერძ რიდითა და ცალკერძ ალბათ გამოუთქმელი რაღაც იმედით.
თქვენ გეკითხებით, რას იტყვით ჩვენზე, თუმც ერთმანეთით ხართ ხელდებულნი, რა საბუთი მოგეძევებათ? და სახე ჩემი იქ წამიერ სავანეს ჰპოვებს - მხოლოდ მცირედი თვითშეგრძნება დამეუფლება. თუმცაღა მხოლოდ ამის გამო არსებობას ვინ გაბედავდა? თქვენ კი, რომელნიც აღტკინებისას ერთიმეორეს აღემატებით, ვიდრე იგი უკვე ძლეული ვედრებით ითხოვს: ვიკმაროთ ტკბობა; თქვენ, ვინც ურთიერთხელშეხებით უფრო მდიდრდებით, ვით ხვავრიელი ჟამი ვაზისა. ხანდახან ერთი თქვენთაგანი ქრება იმიტომ, რომ მეორე აღმოჩნდება უფრო ძლიერი; თქვენ გეკითხებით, რას იტყვით ჩვენზე. ვიცი, ერთმანეთს ნეტარებით ეხებით რადგან, თქვენივ ალერსი გავსებთ, გაყოვნებთ, რადგან არ ქრება ადგილი იგი, სათუთნო, თქვენ რომ თქვენით მოიცავთ, რადგან განიცდით მის წიაღში წმინდა გრძლიობას. ასე ჰპირდებით ერთიმეორეს ალერსით ლამის მარადისობას. და თუკი მაინც გაუძელით ძრწოლას პირველ შემოხედვათა, - და გადალახეთ მონატრება, სარკმელით მზირნო, და ორთა პირველ გასეირნებას - იმ ერთხელ ჩავლას ბაღის წიაღით - გაართვით თავი: შეყვარებულნო, არ იცვლით სახეს? როს ბაგე ბაგეს დაიგემოვნებს და კვლავ მოსწყდება: წყურვილით შესვამთ ერთიმეორეს: სასმელი სასმელს: ო, რა საოცრად გაეცლება დაწაფებული ქმედებას მაშინ. არ გაოცებდათ ბერძნულ სტელებზე ადამიანთა ფრთხილი ჟესტები? განა იმათ მხრებს სიყვარული და განშორება ისე მსუბუქად არ დაჰფენოდა - თითქოს სრულიად სხვა მასალისგან იყო ნაძერწი ჩვენგან სხვაობით? გაიხსენეთ მათი ხელები, რა სიმსუბუქით ასვენია მტევნები მათი, თუმცა ტორსებში განაბულა ძალა უშრეტი, სულმტკიცეებმა იცოდნენ ამით: აქამდე ჩვენ ვართ, და ასე გვმართებს ერთმანეთთან შეხება რადგან, უფრო ძლიერად ღმერთთა ხელი დაგვასვამს დამღას, მაგრამ ეს მხოლოდ ნებაა ღმერთთა.
ადამიანურ საუფლოდ რაღაც, აქამომდე ხელშეუხები, ნაყოფიერი მიწის ზოლი - ჩვენი კუთვნილი - მდინარებას და ქვიანეთს შორის, რადგან ჩვენივე გვიმონებს გული კვლავ როგორც იმათ. და აღარ ძალგვიძს თვალი ვადევნოთ მას იმ ხატებში, რომელნიც ღმერთთა სხეულებში მფეთქავ გულსაც ასათუთებენ, სადაც იგი ზომიერდება და მით უფრო დიდებულია.
მესამე ელეგია * * * * * * *
ერთია მიჯნურს სიმღერა უთხრა, ვაი რომ სულ სხვა, უმღერო სისხლის მდინარ-ღვთაებას, არსებაფარულს, ცოდვა-ბრალიანს. და თუ ქალწული გულის რჩეულს სცნობს შორიდანვე, ყმაწვილმა ვნების მბრძანებელზე არა იცის რა, მარტოობაში ჩაკარგულმა, ვიდრე ქალწული დაარწყულებდეს, ხშირად ვნება თავს არც ახსენებს. ო, რა უცნობი იდუმალი ნაჟურით მჟონი წამომართა თავი ღვთიური, უხმობდა ღამეს უსასრულო მღელვარებისკენ. ო, ნეპტუნი, სისხლის მპყრობელი, ო, საზარელი სამკაპი მისი, ო, ბნელი ქარი მისი მკერდისა, დაგრაგნილი ნიჟარიდან ამონაქროლი. იყუჩე, გესმის, ღამე მღვიმედ იღრუებს სხეულს, თქვენ ვარსკვლავებო, განა თქვენგან არ წარმოიშვა მიჯნურის ვნება, მას სასურველი სახის ხილვისას რომ ეუფლება? განა ეს ჭვრეტა შინაგანი, შეყვარებულის წმინდა სახისა, არ მოვლენილა წმინდა ციური სხეულებიდან?
არ მოგიმშვილდავთ წარბები მისთვის, ელოდით თითქოს. ქალწულო, მიჯნურს ტანი რომ გიგრძნობს, განა შენდამი ხვავრიელი სიტყვის სათქმელად მოირკალა ტუჩები მისი? შენ, ასე ცისკრის ნიავივით ლაღად რომ დაჰქრი, მართლა გგონია, რომ ვაჟს გოგმანი შესძრავდა შენი? თუმცა გული კი შეუკრთე მაინც; უფრო ხნიერი, ძველი შიშები შეიჭრნენ მასში, შენთან შეხლისას. შეეხმიანე... თუმცა იმ ბნელი გარემოდან ერთიანად ვერ გამოიხმობ. რაღა თქმა უნდა, მას სურს თავდახსნა, დაიხსნის კიდეც, შვგებამოგვრილი ეჩვევა ფრთხილად შენს გულს იდუმალს და არსებობას თვითონვე იწყებს. ნუთუ ოდესმე მართლა ჰპოვა საწყისი თვისი? დედაო, მას შენ მოუვლინე პატარაობა, შენ პაწაწინას საწყისი მიეც. იგი შენთვისაც სიახლე იყო. ამ ახალ თვალებს შემოავლე სათნო სამყარო და ააცილე უცნობი მხარე. სად გაჰქრნენ წლები, როცა ნატიფი შენი სხეულით გადაეფარე მღელვარე ქაოსს და სულ უბრალოდ განარიდე იგი მის თვალებს? ამრიგად ბევრი რამ დაუმალე; ღამეულ ოთახს - ბუდეს შიშნეულს - უზაკველს ხდიდი და შენი სათნო, მფარველი გულით მის ღამის სივრცეს უზავებდი სივრცეს უფრო ადამიანურს. წყვდიადს კი არა, შენს უახლოეს არსებობას უნთებდი ლამპარს, და ენთო ისიც, ვით წყალობა გაღებული მოყვასისაგან. ჩქამიც კი არსად დაიძვრებოდა, ღიმილის ჩენით რომ არ აგეხსნა, კარგა ხნის წინათ იცოდი თითქოს, სიჩუმე როდის გამეფდებოდა... ყრმაც ყურს გიგდებდა სულგანაბული და მშვიდდებოდა. დედაო, ასე მრავლისშემძლე იყო ფაქიზი სიფხიზლე შენი, კარადის უკან ჩვილს მოსასხამით ელოდა ბედი და ფარდის მსუბუქ, თხელ ნაკეცებში კვლავ ნებივრობდა მერმისი მისი მოუსვენარი.
რულმოკიდებულ ქუთუთოებქვეშ შენი მსუბუქი სხეულის სიტკბოს განაზავებდა ნაჭაშნიკევ ძილ-ბურანში: ერთი შეხედვით დაცული ჩანდა... შინაგანად კი: ვინ აბრკოლებდა, ვინ აფერხებდა მის წიაღში დელგმად მოვარდნილ წარმომავლობას? ვაგლახ, სიფრთხილე აკლდა მძინარეს; მძინარი, მაგრამ სიზმრიანი, მაგრამ მხურვალი, სიცხიანი: როგორ დაინთქა საკუთარ თავში. იგი ახალი, უმწეო, მფრთხალი, როგორ გაება შინაგანი მოვლენების შორს განფენილი ნედლი ლერწებით უკვე მზა ქარგად გადახლართულ, მახრჩობელა, მომხუთავ ზრდაში და ცხოველურად მბორგავ ნაკვთებში. როგორ მიენდო - როგორ უყვარდა. უყვარდა თვისი შინაგანობა, თვისი წიაღის ველურობა, ტყე უსიერი საკუთარ თავში, რომლის მდუმარე იავარქმნაზე ღია სიმწვანით ხასხასებდა მისივე გული. უყვარდა ძლიერ, მაინც დასტოვა და გამოჰყვა საკუთარ ფესვებს ძლევამოსილ პირველსაწყისში, სადაც ნამცეცა დაბადება რა ხანია განვლილი ჰქონდა, ის სიყვარულით ჩამოეშვა უფრო ძველ სისხლში, იმ უფსკრულებში, სად შემაზრზენი გაწოლილიყო, გამაძღარი მამათა ლეშით, და ყოველი საშინელება იცნობდა მას და თვალს უკრავდა, როგორც შეთქმული.
იშვიათად გაგღიმებია შენ, დედაო, მსგავსი სინაზით, და ან კი როგორ არ ჰყვარებოდა, როცა მზარავი მას უღიმოდა. ყრმას შენამდე უყვარდა იგი, რადგან ადრევე, უკვე შენში დავანებული, ყრმა იმ სითხეში იყო გაქნილი, ამსუბუქებს რაიც ჩანასახს.
მარტოოდენ ერთი წლის ვადით: და როცა გვიყვარს, უხსოვარ დროის ჩამონაჟურით იჟღინთება მკლავები ჩვენი, ო, ქალწულებო, იცოდეთ ერთი: რომ ჩვენ ჩვენს თავში მერმისის ერთი პირმშო კი არა, არამედ უზღვავ-უთვალავი, აზავთებული არსება გვიყვარს; მხოლოდ ერთი ბავშვი კი არა, არამედ ჩვენი მამა-პაპანი, რომელნიც მთათა ნალეწივით ჩვენს საძირკველში გარინდებულან; არამედ მშრალი კალაპოტი ოდით დედათა; არამედ ვრცელი სანახები, ქუფრ ან ანკარა ბედისწერის ქვეშ მოქცეული; აი, ქალწულო, შენს სიყვარულს წინ რა უსწრებდა.
მიჯნურთა სულში ჟამი წინარე, რა შეგრძნებანი ამოტივტივდნენ აწ გარდასულ არსებათაგან. აქ რომელ ქალებს ეზიზღებოდი და რა მოღუშულ მამაკაცებს აღელვებდი შენ ყმაწვილის ცინცხალ ძარღვებში?
ო, წყნარად, წყნარად, ჰქმენ რაიმე სასურველი ვაჟის წინაშე, სადაგი დღის აჩუქე წვლილი, აახლე იგი ბაღნარის სამანს, მიეც ღამეთა მეტი ნაწილი... დაინარჩუნე...
მეოთხე ელეგია * * * * * * *
სიცოცხლის ხენო, ჰოი, როდის დაგიზამთრდებათ? ჩვენ არ გვჩვევია ერთსულოვნება და ვერც მძლევარ ფრინველებივით ვართ თანხმიერნი. ნაგვიანევად ავედევნებით მომქროლავ ქარებს დავენარცხებით ჩვენდამი გულგრილ ტბორს, უსულგულოს. ჩვენ ერთდროულად ყვავილობაც და მჭკნარობაც ვუწყით, სადღაც კი ისევ დაძრწიან ლომნი და უძლურების არრა იციან, გიდრე მათ ლომებრ ბრწყინვალებას ადგას გვირგვინი.
იგრძნობა, წამსვე რაღაც სხვა რომ აგვეღობება. მტრობაა ჩვენთვის ახლობელი ყველაზე მეტად. განა მეტრფენიც ერთმანეთში ბოლოს ნაპირთ არ აწყდებიან, თუმც ჰპირდებოდნენ ერთურთს სივრცეებს, სამშობლოსა და სანადირო ასპარეზობას.
მზადდება ფონი საპირისპირო: რომ სახილველად იოლი გახდეს, რადგან მას ცხადზე უცხადესად გვაგრძნობინებენ. ჩვენ გრძნობადობის კონტურებისა არა ვიცით რა, მხოლოდ ის ვიცით, რაც მის სახეს ძერწავს გარედან.
თვისსავე გულის ფარდის აზიდვას? და როცა ფარდა აიხადა: დეკორაცია ასახავდა გამოთხოვებას. რა იოლი ჩასაწვდომია. ნაცნობი ბაღი ირხევა წყნარად: ცოტაც და აი, როკვის ოსტატიც. ის არა, კმარა! თუმცა კი ლაღად უჭირავს თავი: გადაცმულია და ბიურგერად იქცევა მყისვე, და შინ თავისი სამზარეულოს გავლით ბრუნდება.
თოჯინა ბევრად უმჯობესია, სავსეა იგი. მსურს ავიტანო ეს ფიტული, თასმები მისი და სახე ქმნილი გარეგნობისგან. აქ ვარ. მზადა ვარ. თუნდ ჩაქრეს ყველა ლამპიონი, თუნდ ამიკრძალონ სულაც დარჩენა, ჰაეროვანი ნაცრისფერი სიცარიელეც რომ წარმოდინდეს ცივი სცენიდან, უტყვ წინაპართა მოდგმისაგან არავინ დარჩეს, და თაფლისფერი ელამი მზერით აღარ მიცქერდეს არც ყრმა, არც ქალი: მაინც დავრჩები, სანახაობა აქ ყოველთვის მოიძებნება.
ჩემს გამო რომ ასე გემწარა, მშობელო მამავ, ჩემი ვალმოხდის მღვრიე სასმელის მეჭაშნიკე იყავ ყოველთვის, როს ვიზრდებოდი, და შორეული უცხო მომავლის ჭაშნიკით მთვრალი, ჩემს მრავლისმეტყველ ამოხედვას იზიარებდი. შენა ხარ იგი, მამავ ჩემო, გარდაცვლის შემდეგ, ძალიან ხშირად, ჩემს იმედში, ღრმად ჩემს წიაღში, შიში რომ გავსებს და გარდაცვლილთა გულგრილობას, გულგრილობის სამფლობელოებს, გასცემ, გაიღებ ჩემი მისხალი ბედ-იღბალისთვის. არ ვარ მართალი? თქვენ გეკითხებით, არ ვარ მართალი?
ჩემი თქვენდამი სიყვარულის იმ პატარა საწყისისათგის, რომელსაც მუდამ გავურბოდი იმიტომ მხოლოდ, რომ სივრცე თქვენი პირისახისა, რაიც მიყვარდა, სამყაროსეულ სივრცეებში მიმოიფანტა და გაჰქრით სრულად: ოდესმე თუკი მომეგუნება მე თოჯინათა სცენის წინაშე ლოდინი კიდევ, არა ლოდინი, არამედ სრული ხილვითი შერწყმა, ისეთი მძაფრი, რომ ჩემი მზერის აწონ-დაწონვას დასასრულ თვითონ ანგელოსი მოიწადინებს და მსახიობად მოგვევლინება, რომელიც ფიტულს მყის აიტაცებს აი, თოჯინა დ ანგელოსი: ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტი სანახაობა! მაშინ კი ერთად შეიყრებიან, ცალ-ცალკე რასაც ვსახავთ ნიადაგ, როცა ვარსებობთ. მხოლოდ მაშინღა წარმოიშვება წრებრუნვა სრული ცვალებადობის წელიწადის დროთა სვლისაგან. და სწორედ მაშინ ჩვენს ზეგარდმო ანგელოსი ათამაშდება. შეხე სულთმობრძავთ, ეგებ ხვდებიან, რა აღსავსეა ქვეყნად საბაბით ჩვენი საქმენი. თავად მყოფი არაფერია. ო, საათებო სიყმაწვილისა, როს ფიგურების მიღმა ბევრად მეტი რამ იყო ვიდრე წარსული და ჩვენს წინაშე არ სჭვიოდა ჯერ მომავალი. თუმც ვიზრდებოდით და ხან გვეწადა უფრო სწრაფად გავზრდილიყავით, სანახევროდ მათ საამებლად, ვისაც აღარა გააჩნდა რა ასაკის გარდა. და მაინც ჩვენ ამ მარტოსვლაში კმაყოფილებას გვანიჭებდა ეს სანგრძლივობა; და ვიდექით სამყაროსა და სათამაშოს შუალედში მოქცეულები, ისეთ ადგილზე, რომელიც მხოლოდ წმინდა მსვლელობას ეკუთვნოდა დასაბამიდან.
ვინ მისცემს ადგილს ვარსკვლავთა შორის და გინ მიაწვდის მას ხელებში მანძილის საზომს? ვინ გამოძერწავს ბავშვის სიკვდილს თალხი პურიდან, რომელიც ხმება - და ჩაუტოვებს მას მრგვალ ხახაში, მშვენიერი ვაშლის თესლივით! ადვილია გაუგო მკვლელებს. ეს კი: სიკვდილი, მთელი სიკვდილი დაბადებამდე ასე სათუთად ატარო და არ გაბოროტდე, არის მართლაც აუწერელი.
მეხუთე ელეგია * * * * * * *
რანი არიან, მითხარ, ყარიბი ჯამბაზები, თვით ჩვენზედაც ოდნავ უფრო სწრაფწარმავალნი, ვისაც სისხამზე, გამალებით, - ვის, ვის სალხენად, არავინ იცის, - სწურავს ნიადაგ აღუვსები ნების წადილი? და განა მარტო სწურავს, ქედს უდრეკს, გრეხს, გაქანებულთ აისვრის ზევით და კვლავ დაიჭერს; ისინი თითქოს ზეთით გაპოხილ, გლუვი, სრიალა ჰაერიდან ცვივიან ქვევით უკვე გაცვეთილ, მათი მარადი ხტომისაგან შელახულ ხალზე, უკიდეგანო სამყაროში ჩაკარგულ ხალზე, მიწას სალბუნად რომ დასდებია, თითქოს ქალაქის გარეუბნის ცამ იქ, დედამიწას რაღაც ატკინა. რიგიანად არც დაშვებულა, ფეხზეა უკვე და ზარზეიმით წარმოგვიდგება: აქადგომის ასომთავრული... უკვე იწყება თვით უძლიერეს მამაკაცთა ორომტრიალი, მუდივი ფანდით, სხარტი ილეთით, თითქოს მოკალულ სინს დრეკდეს ხელით მონადირე ავგუსტ ძლიერი
მაყურებელთა მზერის ვარდი: ჰყვავის და ჭკნება. ამ ნატერფალი ბუტკოს ირგვლივ, ამ დამღის ირგვლივ, საკუთარი აყვავებული მტვერი რომ ხვდება, ისევ და ისევ შეუცნობელი უხალისობის ყალბ ნაყოფად რომ ჩაისახვის - სიფრიფანა ზედაპირით ბრწყინავს, ბრჭყვიალებს, ადვილად, ყალბად მომღიმარი უხალისობა.
ბებერი, ის ვინც დაფდაფს სცემს მხოლოდ, ისეა თავის უზარმაზარ კანში ჩაფლული, თითქოდა უწინ ორ მამაკაცს იტევდა ლამის, ახლა კი ერთი სასაფლაოს მკვიდრია უკვე, ხოლო მეორე ცოცხალი ჯერაც, სმენადავსილი და ხანდახან ოდნავ შეშლილი, აწ დაქვრივებულ ტყავში ფაფხურობს.
მონაზვნის და მუქთახორისა, ტყავში ვერ იტევს ჩამოსხმულ კუნთებს და სიმარტივეს.
ვინც ტკივილს, ჯერ სულ პატარას, წილად ხვდით ერთხელ თავშესაქცევად, მისი ერთ-ერთი ჟამხანგრძლივი მოკეთებისას...
იმგვარად სწყდები, ჯერ უმწიფარი დღეში ათასჯერ, ერთობლივ ნაგებ მოძრაობის ხეს (რომელიც წყალზე უსწრაფესად, ორიოდ წუთში. მოილევს ხოლმე გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას) - ჩამოსწყდები და მიაწყდები საკუთარ საფლავს. ხანდახან, მცირე შესვენებისას, თითქოსდა უნდა დაგეფინოს სათნო იერი დედის ალერსს დანატრებული, მაგრამ სხეული შენი სახეს სიბრტყივ გათელავს - სახეს შეუმკრთალს... და ისევ კაცი ტაშისცემით გიწვევს სახტომად.
მუდამ რაშივით მალემსრბოლი გულის მახლობლად, დაასწრებს უმალ მცხუნვარება ფერხთა გულების ტკივილის მიზეზს, მყის შენს თვალებში ჩაღვენთილი სხეულის ცრემლით, და მაინც ბრმაა ეგ ღიმილი...
წვრილ-წვრილყვავილა სამკურნალო მცენარეები. შექმენ ლარნაკი და შეინახე! იქ მოათავსე, ჩვენთვის ჯერ უცნობ სიხარულთა გარემოცვაში; წარმტაც ურნაში ჩაასვენე და განადიდე ყვავილოვანი, ქარაგმული ზედწარწერილით: "Subrisio Saltat."
შენ, უწარმტაცეს სიხარულთაგან უბრად წასულო, ჯინჯილები შენი სამოსის შენს მაგივრად ხარობენ ალბათ - ან ახალგაზრდა, მკვრივ ძუძუ-მკერდზე ლითონისებრი მწვანე ატლასი უსასრულოდ ლაღობს, ნებივრობს, არც რას საკლისობს, შენ, ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად ხარ შეგდებული წონასწორობის მერყევ სასწორზე, ასე სახალხოდ, ორივე ბეჭით, - ვით გულგრილობის გასაყიდი მწიფე ნაყოფი.
ადგილი, სადაც ისინი დიდხანს იყვნენ უძლურნი, ერთი მეორეს სწყდებოდნენ ისევ, ვით აღრეულ-შეჯვარებული, შეუთავსები წყვილი ნადირთა, სად წონადობა მძიმეა ჯერაც: სადაც ჯერ კიდევ ყელყელაობენ თეფშები ასე უმაქნისად აწრიალებულ ლატანთა წვერზე...
გამოუთქმელი ადგილი, სადაც წმინდა სიმცირე ამოუხსნელად გარდაისახვის - აკეთებს ნახტომს იმ დიდ, ცარიელ სიუხვეში, სად მრავალნიშნა ამოცანები რიცხვთა გარეშე ამოიხსნება.
სადაც მოდების კანონმდებელი Madame Lamort დედამიწის მოუსვენარ გზებს უსასრულო ზონრებად ხლართავს, ახვევს და მათგან ახალ-ახალ ბაფთებს იგონებს, რუშებს, ყვავილებს, კოკარდებს და ხელოვნურ ნაყოფს ყალბად შეფერილთ - ბედისწერის იაფფასიან საზამთრო ქუდთა მოსაკაზმავად.
იქ, გამოუთქმელ ხალიჩაზე წარმოედგინათ მიჯნურთ, რაც მათთვის აქ რჩებოდა მიუწვდომელი თავგანწირული ილეთები გულისძგერისა, იმათი ვნების ციხე-კოშკები, სადაც საყრდენი არასოდეს არა ყოფილა, და კიბეები ეყრდნობოდნენ ერთურთს ცახცახით, - და შესძლებოდათ უთვალავ, უხმო გარდაცვლილი მატურებლით გარშემოტყმულებს, ნუთუ ისინი, უკანასკნელ, მუდამ მომჭირნედ შემონახულ, ჩვენთვის ჯერ უცნობ, ბედნიერების მუდამ ვარგის უზალთუნებს არ გადაჰყრიდნენ, ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად მომღიმარი წყვილის წინაშე დარწყულებულ, მშვიდ ხალიჩაზე?
მეექვსე ელეგია * * * * * * *
ხეო ლეღვისა, რახანია უკვე მენიშნა, რომ ყვავილობის გამოტოვებით, შენეულ წმინდა საიდუმლოს მძლავრად ჩაწურავ დროულად ზრდასრულ, მწიფე ნაყოფში. ვით შადრევანთა სადინარები, შენი ტანმრუდე ტოტები ლაღად დენიან ნექტარს აღმა და დაღმა: ისიც ძილიდან ამოსხლეტილი ძილ-ბურანშივე მიაშურებს თვისი უტკბესი აღსრულების ბედნიერებას, ხედავ: ვით ღმერთი გედის სხეულში.
ყვავილობა გვეამაყება და ჩვენეული საბოლოო ნაყოფის სიღრმეს, დაგვიანებულს, უკვე ღალატით დაღდასმულნი მივეახლებით. ო, ცოტა ვისმე თუ მიაწყდება ასე ძალუმად ქმედების ტალღა, რომ მოთმინებით მცხუნვარებდნენ სისავსეში საკუთარ გულის, როს ყვავილობის ცთუნება ტკბილი იმათ ბაგეთა სიყმაწვილეს და ქუთუთოებს მიეკარება, როგორც დამცხრალი ღამის ჰაერი, ეს შეეხება ალბათ ან გმირებს, ანდა იმქვეყნად ადრე წასულებს, რომელთა ძარღვებს სულ სხვანაირად ხლართავს სიკვდილი - მებაღე მათი. აი, ესენი ელვასავით ჩაგვიქროლებენ: საკუთარ ღიმილს წინ უსწრებენ, ვით რაშთა წყვილი კარნაკის მიმქრალ სურათებზე მძლეთამძლე მეფის კაზმულ ტახტრევანს.
ყოფიერების ხანვრძლიობა არ ედარდება. მისი აღმასვლა არსებობაა; ნიადაგ შორეთს მიექანება და შეაბიჯებს თვისი მარადი განსაცდელის სახეცვლილ თანავარსკვლავედში. სადაც ცოტანი თუ იპოვნიან, მაგრამ ჩვენივე უმოწყალოდ დამდუმებელი ბედისწერა მყისიერად აღტკინებული მას ჰანგად აქსოვს თავის მშფოთვარე ქვეყნის ქარიშხლებს. მე მხოლოდ მისი მესმის ნათლად, ასე აშკარად, მისი ხმა ბინდით დაფარული გამმსჭვალავს უცებ მომქროლავი ჰაერის ჭავლით.
რომ ვყოფილიყავ, ო, ვყოფილიყავ ბიჭი პატარა და რომ მქონოდა კიდევ ერთხელ უფლება ყრმობის, - და ვიკითხავდი სამსონის ქებას, თუ როგორ შობა სამსონის დედამ ქვეყნად ყოველი, თუმცაღა ადრე ყოფილა ბერწი.
განა ჯერ მაშინ ისევ შენში არ ისაწყისა არჩევანმა მისმა ზვიადმა? ათი ათასნი ირეოდნენ შენსა წიაღში და იმ კაცად სურდათ გაჩენა, მაგრამ ხომ ხედავ: ჩაიგდო ხელში და კვლავ დასტოვა, აირჩია და შესძლო კიდეც. და როცა სვეტთა საძირკველს შლიდა, აღასრულებდა მხოლოდ იმიტომ, რომ დაუტევა სამყარო შენი სხეულისა და უფრო ვიწრო სამყაროში გადმოინაცვლა, სად არჩევანი კვლავ მისი იყო, ძალაც ერჩოდა; გმირთა დედანო, ო, სათავენო წამლეკავი ნაკადებისა! გულის მაღალი ნაპირიდან ქალიშვილები - მომავალნი მსხვერპლნი ვაჟისა.
ყოველი მისთვის ანაძგერი ფეთქვა გულისა ზე ამაღლებდა, მაგრამ უკვე პირშექცეული, იგი ღიმილთა დასასრულისას - იდგა სხვაგვარად.
მეშვიდე ელეგია * * * * * * *
მოიხმობ ნუღარ, აღიკვეთე ხმობა ამიერ, ლაღი, ახსნილი ხმა იყოს შენი ძახილის არსი; თუმც შენც ანკარად ხმობ ფრთოსანივით, წლის აღმავალი ჟამი ზეცად რომ აიტაცებს და ავიწყდება თითქმის, რომ ჩიტი სულდგმულია ბედშავი ერთი, და არა მხოლოდ გული ეული, შინაგან ცათა ლაჟვარდში რომ გადაისვრის დრო წელიწადის. ხმობაში ტოლს არ დაუდებდი შენც არც ერთ ფრინველს, - და უხილველად შეგიცნობდა შენ მეგობარი, წყნარ-უჩუმარი, ვისშიც პასუხი ნელა იწყებს გამოღვიძებას და ემატება მხურვალება შენი მოსმენით, - შენი თამამი გრძნობისადმი ანთებული თანამგრძნობელი.
იდუმალ ხმას რომ არ გამოსცემდეს ხმას მახარობელს; თავდაპირველად იმ პატარა, კითხვით აღსავსე ამოკვნესისა, რომელსაც მზარდი მდუმარებით შემოეხვევა წმინდა დღე უტყვი დასტურის ნიშნად. შემდეგ კი, - უკვე აღმავალი საფეხურებით, ხმობის გრძნეული საფეხურებით, ზევით, მერმისის ნანატრ ტაძრისკენ, - შემდეგ ტრელები, შადრევნები ზეატყორცნილი, რომლის ჩქერალიც გულისსმობს ვარდნას დაპირებებით სავსე თამაშში... როცა წინ ჯერაც არის ზაფხული.
გარდასახვა დილისა დღეში და ელვარება საწყისის წინა, განა მარტო დღეები თეთრად რომ ევლებიან ჟვავილებს ნარნარ, უფრო მაღლა კი, აშოლტილ ხეებს ძლევამოსილი მეუფებით ეგებებიან, განა მარტო მოწიწება ამ განშლილი ძალთახმევისა, განა მარტო სავალი გზები, განა მარტო მდელოები საღამო ჟამის, განა მარტო სულჩადგმული გამჭვირვალება ნაგვიანევი ნაავდრალისა, განა მარტო კარს მომდგარი ძილის ბურანი და წინათგრძნობა მიმწუხრისას... არამედ ბნელი ღამეები! ჰოი, მაღალი ღამეები ზაფხულისა, არამედ სავსე გარსკვლავები, ვარსკვლავები დედამიწისა, ო, თუნდაც მოვკვდე და კვდომის ფასად უსასრულოდ ჩავწვდე მათ სახეს ვარსკვლავებს ყველას: რადგან, ო, როგორ, როგორ, რა ძალით გადავივიწყო ეს საოცრება!
სუსტ საფლავთაგან მოაშურებენ ქალიშვილები და იდგებიან... რადგან ვით შევძლო, როგორ მოვსაზღვრო ამოხდენილი ძახილი ჩემი? ისევ და ისევ დედამიწას ეძიებენ გარდასულები. თქვენ, ო, ბავშვებო, საგანი, ერთგზის ხელდებული თქვენგან ამქვეყნად, იტვირთავდა უამრავ აზრსა და მნიშვნელობას. ნუ გეგონებათ, რომ ბედისწერა მეტია, ვიდრე სიყმაწვილის შრეთა სიმკვრივე. თქვენ კი რა ხშირად გადაგისწრიათ მიჯნურისათვის, გულამოვარდნილთ, ნეტარ სრბოლისას, სიარაფრისკენ რომ მიილტვოდით ღია სივრცეში.
დიახ, თქვენც კი, დაჩაგრულნო თითქოსდა ბედით, ჩაკარგულებო: თქვენ, ვის ქალაქის ავბედობით სავსე ქუჩებში გდიოდათ ჩირქი და სული თქვენი ღია იყო დაცემისათვის, რადგან თვითეულ თქვენგანს ხომ ჰქონდა ერთი საათი, ეგებ არც სრული ერთი საათი, არამედ რაღაც დრო მოქცეული ორ ჯამს შორის - დროის ათვლით ვერ გასაზომი, ოდეს გავსებდათ ყოფიერება. ყველაფერი. ყოფნით გქონდათ ძარღვები სავსე. მაგრამ ჩვენ ხომ ასე იოლად გივიწყებთ, რასაც მომღიმარი მეზობელი არ გვიდასტურებს ან არ შურს ჩვენი. ბედნიერება გვსურს ვაქციოთ ცხადად, საჩინოდ, თუმც უცხადესი ბედნიერება თავს მხოლოდ მაშინ შეგვაცნობინებს, თუკი გარდავქმნით მას შინაგანად. არსად იქნება, მიჯნურო ჩემო, სამყარო სხვაგან, თუ არ ჩვენს გულში. ჩვენი სიცოცხლე გვეთხოვება გარდასახვებით, სადაც ოდესღაც მარადიული სახლი იდგა, გადაიშლება გამოგონილი სახება მისი, პირუკუ მდგარი, ისე მთლიანად გამოგონილი, თითქოსდა ტვინის ბინადარი იყოს ის ჯერაც. დრო-ჟამის სული ძლიერების ყულაბას იქმნის, ფორმის გარეშე ვით ძაბვის ტალღა, რომელსაც იგი ამოიგებს ყველაფრისაგან. ტაძარი მისთვის აღარ არსებობს. გულის ამ ფლანგვას ვზოგავთ მომჭირნედ, უფრო მალულად. და თუკი მაინც გადაურჩება წარმავალობას, ერთი ოდესღაც სალოცავი საგანი რამე, სათაყვანო, მუხლმოსაყრელი, - უკვე უხილავ სამყაროსკენ ექნება პირი. და მრავალნი ხედავენ ამას, თუმცა არ ესმით თუ რამდენად სჯობს, რომ ბოლოს მხოლოდ სულში ააგო უფრო დიადი სვეტები და ქანდაკებები!
მემკვიდრეობა - უპოვარნი, გისაც წარსული აღარა აქვს და მერმისიც ჯერ არ ეკუთვნის; რადგა მერმისი, უახლოესიც, მაინც შორსაა კაცთა მოდგმისთვის, თუმც ამის გამო არ გვმართებს შფოთვა და ფორიაქი: დე, ამან უფრო განგვიმტკიცოს სულის სიღრმეში შემეცნებული საგნის სახება. ადამიანთა გარემოცვაში იდგა ეს ერთხელ, შემმუსვრელი ბედისწერის გულის გულში იმყოფებოდა, გზისა და გეზის არცოდნის შუა იდგა იგი ცოცხალი თითქოს და მოიწვდიდა გარსკვლავებს თვისკენ შეუვალ ცათა თაღებიდან. ო, ანგელოსო, შენ დაგანახვებ მე მას ჯერ კიდევ, აი იგი! - შენსა მზერაში თუ დარჩება ხსნილი ის ბოლოს, ახლა უკვე საბოლოოდ ზეაღმართული. სფინქსი, სვეტები, პილონები, აღზევებული ძალისხმევა უცხო ტაძრისა, რუხი ფერი რომ დაჰკრავს უკვე სულმობრძავი ქალაქიდან ამოხდენილი.
ო, დიადო, ამბადა სთქვი, რომ მსგავსი რამ ჩვენ შევიძელით. ჩემი სუნთქვა არ ყოფნის ხოტბას. აი, ხომ მაინც მოვიხელთეთ ეს მწყალობელი, ეს ჩვენეული სივრცეები, (რაოდენ ვრცელი, შემაძრწუნებლად ვრცელი უნდა იყვნენ ისინი, რომ ვერ აავსეს ათასწლოვანმა ჩვენმა გრძნობებმა). კოშკი კი მართლა მაღალი იყო, ასეა არა? ო, ანგელოსო, შენ გვერდითაც კი მაღალი ჩანდა, შარტრი - მაღალი - მუსიკა კი ილტვოდა ზევით, მაღლა, სულ მაღლა, ჩვენს ზეგარდმო ამაღლებული. და მაინც ერთი მიჯნური მხოლოდ - ოჰ, მარტო მდგარი ღამის სარკმელთან... ნუთუ მუხლამდეც არ გწვდებოდა? ნუ გეგონება, რომ ხმობა ვიწყე, ო, ანგელოსო. თუნდ გიხმო კიდეც, არ მოხვალ, რადგან ჩემი ხმობა სავსეა მუდამ წარმავალობით; ასე ძლიერი მდინარების საპირისპიროდ, შენ ვერ შესძლებ წარსდგა ნაბიჯი. გაწვდილ მკლავსა ჰგავს ძახილი ჩემი: წასატანებლად გაშლილი ხელი რჩება გაშლილი შენს წინაშე, როგორც თავდაცვა და გაფრთხილება. მიუწვდომელო დაუსაბამოდ.
მერვე ელეგია * * * * * * *
ერთიანად მზერადქცეული ხედავს განხმულს ცხოველთა მოდგმა. ჩვენი თვალნი კი, თითქოს უკუღმა შებრუნებულნი, ხაფანგებივით ალყად უდგანან მათ ლაღ გასასვლელს სამყაროს გულში. რაც ჩვენს მიღმაა, მხოლოდ ცხოველის სახის იერით შევიცნობთ მუდამ; რადგან სრულიად ყრმასაც კი უკვე მხარს ვაცვლევინებთ და ვაიძულებთ, რომ მან უკუღმა დაინახოს სამყაროს ხატი, არა - განხმული, რაც ასე ღრმაა ცხოველთ სახეში, თავისუფალი სიკვდილისაგან, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვხედავთ სიკვდილს; თავისუფალი ცხოველი კი აღსასრულს თვისას ნიადაგ უკან ჩამოიტოვებს და ჰყავს წინარე მარტოდენ ღმერთი, და თუკი მიდის, ნაკადულივით მარადისობის საუფლოში მიედინება. ჩვენ არასოდეს არ გვქონია წინ, ერთი დღითაც კი, ის წმინდა სივრცე, სადაც ყვავილნი დაუსაბამოდ იფურჩქნებიან. ყველგან ყოველთვის არის სამყარო და არასოდეს არსად ყოფნა არას გარეშე: წმინდა, თვალთაგან მოუხილავი, რითაც ვსულდგმულობთ, რაც უსასრულოდ ვიცით და მიტომ არა გვწყურია. ყმაწვილობისას ჩაიკარგება ადამიანი შეუმჩნევლად, იქ, მის წიაღში და ხელაღებით კვლავ გამოჰგლეჯენ თავდავიწყებას. და როცა კვდება, უკვე იმ სივრცედ გარდაიქმნება, რადგან სიკვდილთან ახლოს მყოფნი სიკვდილს ვერ ვხედავთ, ვიმზირებით უკვე მიღმა, ალბათ ცხოველის ვეება მზერით. მეტრფენი, რომ არ არსებულიყო ის სხვა, ვინც ხედვას უმრუდებს მუდამ, ახლოს არიან სიკვდილთან და თავადვე უკვირთ... თითქოს შემთხვევით გაეხსნება იგი მათ მზერას, - მიჯნურის მიღმა... ხოლო ამ სამანს ვერვინ გასცდება და მათ წინაშე მუდამ რჩება სამყარო ისევ. ჩვენ მიქცეულნი დღენიადაგ პირველქმნისაკენ, თავისუფლების ანარეკლს მხოლოდ მასზე თუ ვხედავთ, - დაბინდულს ჩვენგან. ანდა პირუტყვი, უჩუმარი, გამჭოლი მზერით როს ამოგვხედავს, - თავისუფლებას ხედავს ჩვენს მიღმა, ესაა ბედი: პირისპირ ყოფნა, სხვა არაფერი, მარად პირისპირ.
მიმართულებით მოილტვის ჩვენსკენ, - მყის მოგვაქცევდა თავისი ქცევით, ცხოვრების ნირით. მაგრამ მისი ყოფიერება მისთვის მუდამ უსასრულოა, შეუცნობადი, საკუთარი მდგომარეობის ვერდამნახავი, ისევე სუფთა, ვით გამოხედვა მისი მოდგმისა. სადაც ჩვენ მხოლოდ მომავალს ვხედავთ, ის ჭვრეტს ყველაფერს და ყველაფრში თავისთავს უმზერს, განკურნებულს სამარადისოდ.
სიმძიმილი და ფორიაქი დიდი ურვისა. რადგან იმათაც შეიპყრობს ხოლმე, თითქოსდა ერთხელ, ეს ყველაფერი, რისკენაც ვილტვით, ოდესღაც იყო უფრო ერთგული და მახლობელი, მასთან შერწყმა კი უსასრულოდ ნაზი, ფაქიზი. აქ ყველაფერი მანძილია, იქ სუნთქვა იყო, და იმ პირველი სამშობლოს შემდეგ, მეორე მისთგის ორსქესაა და ქარიანი. ო, ნეტარებავ ერთი ციდა ქმნილებებისა, ვინც იმ საშოში რჩება ნიადაგ, რომელშიაც თვით ჩაისახა;
საკუთარი ქორწილის დროსაც: რამეთუ საშო ყველაფერია შეხედეთ ჩიტის ნახევარრწმენას, ვინც ლამის ორთავ იდუმალებას ფლობს საკუთარი წარმოშობისა. თითქოს ცხედრიდან ამოხდენილი ეტრუსკების სულია იგი, რომელიც სივრცემ გაითავისა, თუმცა სარკოფაგს სარქველად ედგა განსვენებულის მშვიდი სხეული, და რარიგ არის გაოგნებული იგი, რომელმაც იფრინოს უნდა - და საშოში კი იღებს სათავეს. ის საკუთარი თავის წინაშე შემკრთალივით შეარხევს ჰაერს, შეარხევს თრთოლვით, თითქოსდა ფინჯანს სერავდეს ბზარი: ასე გასერავს მწუხრის ფაიფურს ღამურის კვალი.
ყველაფრისაკენ მიდრეკილნი, არასდროს გარეთ! საწყაულივით აღვივსებით, გადმოვდინდებით. და ვაწესრიგებთ აქ ყოველივეს, ირღვევა ისევ. კვლავაც თავიდან ვამყარებთ წესრიგს და თვით ვირღვევით.
მაინც მარადჟამს გზას ვადგევართ იმ ყარიბივით, აწ საბოლოო ბორცვზე შემდგარი, თავის მინდორ-ველს ერთხელაც რომ შეავლებს მზერას, შემობრუნდება და დააყოვნებს, - ამგვარად ვცხოვრობთ: დღენიადაგ გემშვიდობებით.
მეცხრე ელეგია * * * * * * *
რატომღა, რისთვის, თუ შეიძლება, რომ ამოვწუროთ ვადა ყოფნისა, დაფნისნაირი მსუყე სიმწვანით, ყველა სხვა მწვანე მცენარეულზე მცირეოდენი ჭარბი სიმუქით. მცირე ტალღებით მოვარაყებულ ფოთოლთა კიდით, (თითქოსდა ქარის იყოს ღიმილი): მაშინ რატომღა არის საჭირო ადამიანთა ვალმოხდის ნება - და ბედისაგან თავარიდებით ნატვრა-სურვილი იმავ ბედისა?..
ეს ადრეული სარგებელი მოახლოებულ დანაკლისისა, ანდა უბრალო ცნობისმოყვარე სურვილის გამო, ან იმისათვის, რომ ყოფილიყო გულისცემა თუნდ დაფნაშიაც... არამედ იმად, რომ აქ ყოფნა ბევრია ძალზედ, რადგან ყველაფერს აქ არსებულს ვჭირდებით თითქოს, წარმავალს ყოველს, ჩვენ რომ გვეხება ასე საოცრად, ჩვენ უწარმავლესთ, ერთგზის ყოველი, ო, მხოლოდ ერთგზის, ერთგზის და აღარ. და ჩვენც ასევე ერთგზის მხოლოდ, არასდროს მეტად, - მაგრამ ამგვარი ერთგზისი ყოფნა, თუნდაც ერთგზისი: მიწიერი სახით მოვლენა, არის თითქოს გარდაუვალი.
და აღსრულების სურვილი გვიპყრობს. აღსრულებულის შენარჩუნება გვწყურია რადგან, ჩვენ ამ უბრალო, შიშველ ხელებში, ნაჯერ მზერასა და უთქმელ გულში, გვინდა, გვწყურია სიცოცხლედ ვიქცეთ - და გავიმეტოთ? გვიჯობს ყოველი დავინარჩუნოთ სამარადისოდ... ოჰ, თუმცა სულ სხვა მიმართებაში, გაგლახ, ო, ხეტავ ვის რა მიაქვს მიღმიერ მხარეს? ვერც ცქერით ტკბობა, რაც აქ ასე ძნელად ვისწავლეთ. ვერც სააქაოს მოხდენილი რაიმ ამბავი, სულ ვერაფერი. მაშ ტკივილები, მაშ უპირველეს ყოვლისა დრტვინვა, მაშ სიყვარულის უძველესი გამოცდილება - მაშასადამე ყველაფერი ენით უთქმელი, შემდეგ კი უფრო მოგვიანებით ვარსკვლაგთა შორის, რა საჭიროა ეს ყველაფერი: ისინი ენით გამოუთქმელნი უმჯობესნი არიან ბევრად. ხომ არ ჩამოაქვს მოგზაურს მთათა ქანობიდან მიწით სავსე პეშვიც კი ბარად, ყველასთვის ენით გამოუთქმელი, არამედ მხოლოდ მონაპოვარი სიტყვა მჭვირვალი, ვით ყვითელი და ცისფერი რტო მთის ნაღველასი. ჩვენ ალბათ იმად ვარსებობთ ქვეყნად, რათა ვთქვათ სახლი, ნაკადული, ხიდი, კარიზჭე, დოქი, სარკმელი, ხეხილი ანდა უფრო მეტი - სვეტები, კოშკი... მაგრამ იცოდე, თქმას გააჩნია, ო, სთქვი იმგვარად, როგორც თვით საგნებს არასოდეს უგულისხმიათ შინაგანად ყოფნა ასეთი, განა არ არის იდუმალი რამ ცბიერება გულჩახვეული დედამიწისა, როცა იგი მიჯნურთ აწყვილებს, რომ მათს გრძნობაში ყველა კუნჭული თვით აღიგზნება? ზღურბლი: რა არის იგი ორი მეტრფესთვის, ის, რომ ისინი უძველეს ზღურბლს მათი კარისა სულ ოდნავ სცვეთენ, მსგავსად მრავალი წინმავალისა და მომავალთა გაჩენამდე... მსწრაფლი შეხებით.
სთქვი, აღიარე. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ილტვიან შორეთს საგნები სრულად განსაცდელი, რადგან ის, რაიც გამოდეგნით მათ ჩაინაცვლებს, არის ქმედება სახის გარეშე ქმედება ქერქში მომწყვდეული, მორჩილად რომ დაიბზარება, როგორც კი წიაღ მოქმედება აღმოცენდება და თავს სხვაგვარად შეიბოჭავს. უროებს შორის ძლებს ჩვენი გული, ისე ვით ენა კბილთა შორის გამომწყვდეული, რომელიც მაინც, მიუხედავად ყველაფრისა მეხოტბე რჩება. სთქვი ანგელოსთან სამყაროს ხოტბა და არა ენით გამოუთქმელი, მასთან ვერასდროს დაიტრაბახებ შენ საუცხოოდ აღსრულებულით. იმ სამყაროში, სად იგი უფრო ზემგრძნობიარედ შეიგრძნობს ყოველს, ხარ ახალბედა, ამად აჩვენე უბრალო რამე, რაც თაობიდან თაობებზე გადმოსვლისას ყალიბდებოდა, აქვე ჩვენს ხელთით და ჩვენს მზერაში. უთხარ საგანნი, იგი შესდგება განცვიფრებული, როგორც შენ იდექ მებაგირის წინარე რომში, ან მექოთნის წინ ნილოსის პირად. აჩვენე, თუ რა სვებედნიერი შეიძლება იყოს საგანი, რა უცოდველი და ოდენ ჩვენი. თუ თვით მჭმუნვარე კაეშანი რა სიწმინდით განსხეულდება, გვემსახურება როგორც საგანი, ან კვდება მასში - და ვიოლინოს მიღმიერ მხარეს ნეტარებით განერინება. და მათ საგნებმა, წარმავალი ცხოვრებით მცხოვრებთ, კარგად უწყიან, რომ შენ მათ აქებ; წარმავალობით სნეულები ჩვენვე გვანდობენ გადასარჩენს, ჩვენ, უწარმავლესთ. სურთ, რომ უჩინარ გულში იგი მთლად გარდავსახოთ, ო, უსასრულოდ - ვქმნათ ჩვენ არსებად! ვინაც არ უნდა შევიქნათ ბოლოს.
რომ უჩინარად აღმოცენდე ჩვენსავ სიღრმეში? განა არ არის შენი ოცნება: უჩინარი გახდე ოდესმე? მიწავ, სრულიად უჩინარი! რა არის თუ არ გარდასახვა, მოუთმენელი მოთხოვნა შენი, მიწაო, ჩემო სიყვარულო, სურვილად ვიქეც. ოჰ, დამიჯერე, შენ ჩემი გულის მოსაგებად გაზაფხულები არ გჭირდებოდა; ერთიც კი უკვე, ო, გაზაფხული ერთადერთი, სისხლისათვის მეტისმეტია. უსახელოდ ვარ ამოხსნილი მე შენს წინაშე, შორსა ხარ თუმცა. მუდამ სიმართლით მართავდი შენ და უზენაესი აზრი შენი არის სიკვდილი. ხედავ, მე ვცოცხლობ, როგორ, რისაგან? არც ბავშვობა და არც მომავალი არა მცირდება... აურაცხელი ყოფიერება კვირტს ისხამს გულში.
მეათე ელეგია * * * * * * *
რომ მე ოდესმე ულმობელი ცოდნის მიწურულს, ქება-დიდების საგალობელი ვუთხრა თანამგრძნობ ანგელოსებს, რომ ჩემი გულის ხმანათელი ჩაქუჩებიდან არ მიღალატოს არცერთმა, როცა ჩვილ ეჭვით სნეულ, ან მწყდომარ სიმებს აახმიანებს, რომ სახე ჩემი ცრემლდამდინარი მეტ ნათელს მფენდეს; რომ ჭეშმარიტი ცრემლი ჰყვაოდეს ოი, რარიგად მეყვარებოდით ღამენო მაშინ, სავსენო ნაღვლით, რომ მუხლთა მოყრით, უნუგეშოდ შთენილო დანო, არ მოგეახლეთ, რომ თქვენს გაშლილ თმებს მისხალ-მისხალ არ მივეც თავი. ჩვენ კი, ტკივილთა გამფლანგველები, ვით ვჭვრეტთ წინასწარ მათს კაეშნიან მდინარებაში, უჩანს თუ არა სატკივარს ბოლო. ისინი ხომ არიან ჩვენთვის ზამთრის საფარი ფოთლოვანი, მარადმწვანე სიმუქე აზრის, იდუმალი წლის დროთაგან ერთი, - და განა მარტო ჟამია იგი, - არის ალაგი, სარეცელი, სათვისტომო, საძირკველი და საცხოვრისი.
სადაც ყალბსა და ხშული ხმაურით ქმნილ სიჩუმეში, სიცარიელის ყალიბიდან ჩამოსსმული ქანდაკი ასე ძალუმად ბრწყინავს: ოქროცურვილი აურზაური, მსკდომარე ძეგლი. ო, რა უკვალოდ გაუქარწყლებდა მათ ანგელოსი ნუგეშის ბაზარს, ეკლესია რომ ემიჯნება, შეძენილი მზამზარეულად: სუფთად მოვლილი და ჩარაზული - გაწბილებული იმედების ამარა მდგარი, ისე ვით ფოსტის სამსახური კვირადღეობით. გარეთ კი ისევ იკლაკნება ჭრელი ბრბო ბაზრის, საქანელები თავისუფლების! ოინბაზები და მყვინთავები ხარბი ჟინისა! და კოხტაპრუწა ბედნიერების მორთული ტირი, სადაც ცმუკავენ სამიზნეები და სპილენძის ზრიალიც ისმის, თუკი ყველაზე მოხერხებული ახვედრებს მიზანს. ტაშისცემიდან შემთხვევისკენ წაბარბაცდება, ეძახის რადგან ქანდარათა ნაირფერი ცნობისწადილი, დოლისცემა და ღრიანცელი. მოზრდილთათვის კი გაშლილა მეტად მიმზიდველი სანახაობა: ანატომიურ თვითგამრავლებას ვით ახდენს ფული, თავშესაქცევად კი არა მხოლოდ: ფალოსი ფულის, ყველაფერი სრული სისავსით, მთელი მსვლელობა, - გვასწავლის ჭკუას და გვაზიარებს ნაყოფიერ ყოფიერებას... ... ოჰ, მაგრამ იქვე მიყოლებით, ბოლო რიკულის უკანა მხარეს . მიკრულ პლაკატთა წარწერის მიღმა: „უსიკვდილოა“, ის მწარე ლუდი, მსმელებს რომ ტკბილი ეჩვენებათ, თუკი ჩაროზად იცოსნიან ნიადაგ ცინცხალ სანახაობებს... იქვე რიკულის უკანა მხარეს, იქვე მის უკან, მართლაა ვიღაც, ცელქობენ ბალღნი, მიჯნურები ერთურთს ეკვრიან მოფარებულში მწირ ბალახზე თავდავიწყებით და ძაღლებიც ფლობენ ბუნებას. ყმაწვილს შორს, იქით მიუწევს გული, ვაითუ ნორჩი გოდება უყვარს... აედევნება ყმაწვილი სატრფოს მდელოთა გავლით. ასული ეტყვის: შორსაა ჯერაც... ჩვენ ვცხოვრობთ იქით, მიღმიერ მხარეს. სად? და ყმაწვილი მის კვალს მიჰყვება, მას ხიბლავს ქალის აღნაგობა ამაყი, მხრები, თლილი კისერი, ალბათ თუ არის დიდებული წარმოშობისა. თუმცა ჩამორჩა, ზურგი აქცია, მობრუნდა, ხელი ჩაიქნია, რა გაეწყობა? იგი ხომ მხოლოდ გოდებაა, სხვა არაფერი.
ჟამგარეშე გულგრილობას ზიარებულნი, გადავიწყების თეთრი სუდარით მიჰყვებიან მას სიყვარულით. ქალწულებს იგი ელოდება და ეფერება. უჩვენებს ფრთხილად რაც თანა აქვს: მარგალიტები ურვისა და მოთმინების ნაზი პირბადე - ხოლო ყმაწვილებს მიაცილებს იგი მდუმარედ.
გოდება ერთი უხუცესთაგან მიეახლება ყმაწვილს, თუ ის ჰკითხავს რაიმეს: ჩვენ ერთ დროს დიდი მოდგმა გაგვაჩნდა, ჩვენი მამანი იქ დიდ მთებში ეწეოდნენ სამთო საქმეებს, ადამიანთა შორის ხანდახან იქნებ კიდევაც მიაკვლიო ნატიფად თლილი წინარეურვის რაიმე ნატეხს ანდა ბებერი ვულკანიდან ამონთხეულ, ქვადქცეული სიბრაზის ლავას. ასეა სწორედ. იქიდან მოდის ყველაფერი. ძველად მდიდარნი ვიყავით ძალზედ. -
და მიუძღვება ვაჟს მსუბუქად გოდების ქვეყნის ვრცელ სანახებში, უჩვენებს სვეტებს ტაძრებისა, ანდა ნანგრევებს იმ სიმაგრეთა, საიდანაც გოდებათა ერისთავები ქვეყანას ბრძნულად მართავდნენ ოდით. უჩვენებს მაღალ ხეებს ცრემლისა და მინდორ-ველებს ვაებათა ყვავილობის ჟამს. (ცოცხალნი ამას ნორჩ ფოთლებად იცნობენ მხოლოდ) უჩვენებს როგორ სძოვენ ბალახს გლოვის პირუტყვნი - და იშვიათად შეიფრთხიალებს ფრინველი, მათი მზერის გამჭოლი, გაშლილი ფრთებით რომ ეზიდება მისივ ეული ხმამყივარობის წერილ ხატებას. - საღამოს მიჰყავს იგი იქით, გოდების მოდგმის უსუცესთა აკლდამებისკენ, სად სიბილები და მაცნენი განისვენებენ, როცა კი ღამე მოახლოვდება, დარონინებენ უფრო და უფრო ფეხაკრეფილნი. და უცებ მთვარე ამობრწყინდება, ყველაზე უფრო თვალფხიზელი ძეგლი საფლავთა ვით ტყუპისცალი ნილოსის პირას აღმართულისა - ზვიადი სფინქსი: - საიდუმლო სენაკის ხატი. და იოცებენ გვირგვინოსანი თავის ხილვას, ვინც საუკუნოდ, ჩუმად, მდუმარედ, ადამიანთა პირისახე ვარსკვლავთ სასწორზე დაასვენა.
ნაადრევი სიკვდილისგან ბრუდახვეული. გოდების მძიმე გამოხედვა კი, სფინქსის გვირგვინით გამონასხლეტი, აფრთხობს ბუს, ნელა რომ გაუსერავს მას ალმაცერად ღაწვს - ამ უმწიფეს სავსე სიმრგვალეს, მოხაზავს რბილად გარდასულთა ახალ სმენისთვის, ორსავე მხარეს გაშლილ ფურცელზე, მონახაზს ენით აუწერელს. უფრო მაღლა კი ახალ-ახალი ვარსკვლავებია. ვარსკვლავები ურვის ქვეყნისა. მძიმედ ჩამოთვლის გოდება ცთომილთ: - აი აქ, ხედავ, მხედარია, კვერთხიც იქვეა, უფრო სავსე თანავარსკვლავედს უწოდებენ ნაყოფთა გვირგვინს, შემდგომ, უფრო შორს პოლუსისაკენ: აკვანი; გზა; და შემდეგ წიგნი ალმოდებული; თოჯინა; და აი, სარკმელიც, იქით, სამხრეთის ცარგვალზე კი, წმინდა ვით ხელი კურთხეული, ნათელმოსილი „დონი“ დედათა მაუწყებელი...
ბაგემდუმრიად ხეობამდე, სად მთვარის შუქზე ციმციმებს წყარო სიხარულისა. მოწიწებით იხსენიებს წყაროს გოდება: ადამიანთა მოდგმისათგის იგი მზიდი მდინარებაა. -
იგი მტირალი გარდაცვლილ ყმაწვილს. სულ მარტოდმარტო აუყვება ვაჟი თავის გზას, წინარეურვის მთაგრეხილებში. და ერთხელაც კი არ გამოსცემს წკრიალის ხმას მისი ნაბიჯი დამუნჯებული ბედისწერიდან. მაგრამ თუ ჩვენში უსასრულოდ გარდაცვლილები რაიმ გულისხმას გააღვიძებენ, მიგვანიშნებენ ალბათ განძარცულ თხილის გვირგვინთა კიდულ კუნწულებს ან გვაუწყებენ წვიმის შესახებ, რომელიც მიწას ბნელით მოცულს დაესხურება გაზაფხულის ჟამს.
თავბრუდამხვევი გულაჩუყება დაგვიპყრობს თითქმის, როცა კი რამე ბედნიერი მიწად ჩამოვა. |


