კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 05:18

 

მთარგმნელი მაგალი თოდუა

 

არაბს ტომრის ორი ცალი, პირამდე რომ იყო სავსე, 

აქლემისთვის აეკიდა და მოჰქონდა გზაზე ასე.


ვიღაც კაცი დაემგზავრა (ღარიბს ჰგავდა შესახედად), 

არაბს ტკბილად უსალამა, არც არაბი ეთავხედა.


აქეთურზე, იქითურზე ისაუბრეს ასე დიდხანს. 

“ამ ტომრებით რა მოგაქვსო?” ბოლოს მგზავრმა არაბს ჰკითხა.


“ხორბალი მაქვს ერთში, ძმაო, მეორით კი ქვიშა მომაქვს”.

 “ქვიშა? ტომრით ქვიშის თრევა რა ეშმაკმა მოგანდომა?”


“მაშ, რა მექნა, ცალ ტომარას აქლემს როგორ ავკიდებდი!” 

“სრულ ჭკუაზე ვერ ხარ, ძმაო, როგორც ახლა გაკვირდები”.


“იქნებ გზაში დამეყარა, ანდა სადმე გამეყიდა!” 

“ორად უნდა გაგეყო და  აქეთ-იქეთ დაგეკიდა”.


“ბიჭოს, ეს რა ბრძნული ხერხი მოიფიქრე კაცმა ერთმა,

 ეს რა კარგი რამ მასწავლე, აგაშენა მამაღმერთმა!


მოდი, უკან შემომიჯექ, ვისაუბროთ გზაზე ტკბილად. 

ბრძენკაცივით მსჯელობ, თუმცა მოყმე ჩანხარ ჩემი კბილა.


ვინ ხარ, ძმაო, სადაური, რა კაცი ხარ, ერთი, მითხარ! 

ასე ჭკუით დატენილი მეფე ხარ თუ ვეზირი ხარ?”


მგზავრს ამაზე გაეცინა, არაბს მეტი არც აცალა: 

“რისი მეფე, რა ვეზირი! - ბოგანო ვარ, მაწანწალა”.


“საქონელი რაერთი გყავს ან აძოვებ რამდენ აქლემს?” 

“რა აქლემზე მეუბნები? მოიხედე, კაცო, აქეთ!


ერთი ვინმე გლახაკი ვარ, ტიტველი და ძონძიანი, 

ღმერთმა ასე მომისაჯა სხვის კარდაკარ წოწიალი”.


“ფული მაინც რამდენი გაქვს  შავი დღისთვის შენახული?”

 “ან თვალში ვერ იხედები, ან არ გჯერა შენ ნახული.


რა ფერია, არ მინახავს თვალით ფარაც გახვრეტილი. 

ვმათხოვრობ და სულს ვინახავ მშიერი და გაღლეტილი”.


ის არაბი იმ მათხოვარს დააკვირდა მაშინ კარგად 

(ბიჭოს, მართლაც ღვთის გლახაა, შეძლებულ კაცს მართლა არ ჰგავს!).


“წადი, თავი გამანებე, ნუ მოდიხართ ჩემკენ აქეთ! 

ეს რა ბოთე რამ ყოფილხარ, მიკვირს, წეღან როგორ გაქე.


მე მიხვედრა არ მაქვს დიდი, ხორბლის ცალად ვათრევ ქვიშას, 

მაგრამ შენთან შედარებით, როგორც ვატყობ, არა მიშავს.


მთლად გონებასუსტი ვიყო და ქონება მქონდეს, ვარჩევ, 

ვიდრე ვიყო მიხვედრილი და შენსავით გლახად დავრჩე!”

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯალალ ედ-დინ რუმი  • • •    ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen