|
დაღესტანს კოშკში ატირდა ნანა, თორღვაის ქალია: შენ, მამაჩემო თორღვაო, წელს ნუღარ გრტყმია ხმალია, ნუღარ გიხოცავს ლეკები, ნუმც გიკვლევია გზანია! მომერგო მეწისქვილობა, ორშაბათ-ღამე არია; იქავ მომიხდენ ლეკები, თავს დამაქციეს ბანია, იქავ მომიკლეს ძმა ლევან, სისხლისა დადგა ტბანია; დავჯექ და ბევრი ვიტირე, ზედ დავაფარე თმანია; ხელ მოსჭრეს, უბეს ჩამიდეს, გადამატარეს მთანია; ავიხსენ საყურ-ბეჭედი, იმით დავნიშნე გზანია, მკლავით ვიყარე ზალტები - მდევართ გაიგონ კვალია... შენც, ჩემო ქმარო გიორგი, სად ხარ ამდენი ხანია! ადექ და ჩქარა წამოდი, მაღლა შაიბი ხმალია, აისხი ტანზე აბჯარი, მხარს გადიკიდე ფარია, ჩამოდი დაღესტანშია, ნახე, რა დღეში ვარია! ჩონგური ხელში დამეწვა, აწ ვაი ჩემი ბრალია! ქალი, ქმრის უნაწილოი, ურჯულოს ვრჩები ცალია! მაჭმევენ ცხენ-კვიცის ხორცსა, ლამის ბუსურმან ვარია... ტყვის სახსარს ნუღარ მოსძებნით, უნდა მოვიკლა თავია, თუ დროზე არ მომეშველნით, სათქვენო აღარ ვარია! |


