მთარგმნელი: დავით აკრიანი
|
მკერდზე დამადე თავი, ყრუ და სასტიკო სულო, დამადე, ვეფხვო საყვარელო, ეგ მშვიდი სახე, მე მსურს, ხანგრძლივად ეს თითები მთრთოლ-მოცახცახე მძიმე ფაფარში ღრმად ჩაგიყო და ვაფათურო.
ჩაგიდო თავი, დამძიმებულ-ანატკივარი, და ვისუნთქო და ვყნოსო, როგორც ყვავილი მჭკნარი, ტრფობა, რომელსაც სამუდამო ძილქუშით სძინავს.
მსურს, დამეუფლოს სიკვდილივით უძირო თვლემა და ასეთ ძილში დაგიფარონ კოცნებმა ჩემმა ტანი, რვალივით მბზინავი და ქანდაკებრ თლილი.
ყველაფერს მიჯობს მაგ საწოლის უძიროება, შენს ბაგეებზე დავიწყების ბურუსი წვება და შენს კოცნებში ლეთას წყალი მოედინება.
მე ქედს მოვუხრი: ის ხვედრია ჩემი და წილი, მორჩილი მსხვერპლი, უცოდველი სიკვდილმისჯილი, ვინც სიბეჯითით ზრდის საკუთარ სასჯელს და ტკენას,
უცხო ბალახთა მძლავმოქმედი წვენების დარ წვენს, შენ საამოდ აბურცული მკერდიდან ნადენს, რომელსაც ჯერ არ დაუპყრია არავის გული. |


