სიკო ფაშალიშვილს
|
ძმაო პოეტო! ეს წერილი ლექსი არ არის. შენც კარგად იცი, ლექსებისთვის არა მცალიან, მე ჩავიძირე ძველმანების სქელ ნიჟარებში, სადაც ძვირფასი მარგალიტის მადანი ბუდობს... და მარტოოდენ საქართველოს წარსულით ვსუნთქავ! ვნანობ, რომ ჩემი ნორჩი სიყრმე უქმად დავკარგე... მაგრამ მე ჩემი დამარცხების ზეიმს არ ვიხდი! ეხლა ვასრულებ, რაც ოდითვე უნღა დამეწყო, ეხ, ლამაზია ჯეელობის 19 წელი! ახალგაზრდობა! ამ სიტყვაში ყველაფერია, წინათ სხვა იყო... წინათ თვეში ერთ ლექსს დავწერდი, წავუკითხავდი რომელიმე პირგაშლილ ცირას და ეს შეხვედრის სიხარული ერთ წელს მყოფნილა. ეხლა კი, ძმაო, უნდა სიქა გაიგდებინო, უნდა დღედაღამ ჩაჰკირკიტო ძველისძველ წიგნებს, რომ დაიჭირო შენი გმირის უცხო თარიღი, ესეც თრობაა რომ იცოდე, რა საამოა, როცა შეხვდები უცნობ ფრაზას, ნანატრ ოცნებას, როცა ფიქრობ, რომ ეს ეტრატი არვის უნახავს, ან თუ უნახავს, სულ სხვა ხაზით, სხვა ეშმაკებით. რა შეედრება ამგვარ განცდას.. აი, თვით ეხლაც ვგრძნობ ერთმა წიგნმა გამიღიმა, თვალი ჩამიკრა, მომესურვილა, მომესალმა, ცელქობს, ორძილობს და მეუბნება: "ჩემი შუბლი გაიზიარე!“ არა! იმ თარიღს მე ხვალ უნდა თავს დავათენდე თუნდაც ამ გულმა მთლად მომიდნოს - ექიმის სიტყვით, ჰო-და, შემინდე, რომ ერთმანეთს ვერ ვხედავთ ხშირად, თითქოს სიცოცხლეს ვეჩქარები. ვშრომობ, ვერ ვიცლი, შენს მოსაგონრად მე დამჩემდა ოხვრა ფარული, მერე როგორ მსურს მუსაიფის ბროლი ანკარა; ღიმილს დაჩვეულს, რა ხანია ვერ ვხედავ ღიმილს, ნუ ჩავკეტილვართ, მეგობარო, ჩვენსავ ნაჭუჭში, მოდი, საუბრით ამოვწმინდოთ ჭვარტლი გულისა! მოდი, ვიფიქროთ პოეზიის ტიალ განცდებზე. რად გამახსენდი? ამას წინად შემხვდა შემთხვევით „სახალხო საქმის“ ერთი რაღაც ძველი ნომერი და სიხარულით გაიტენა მსუნაგი ფიქრი: და მომაგონდა, პირველი დრო ჩვენი შეხვედრის, და მომაგონდა, მეგაზეთე სიმონას ხულა, და მომაგონდა ჩემი ლექსის პირველი ღამე, და მომაგონდა დღეს ცოცხალი ამხანაგები: სამსონი, გიგო, ქრისტეფორე, მიშა, არჩილი - და ნაღვლიანად მივაშტერდი შემოდგომის ხეს. ერთ განცხადებას მოვკარ თვალი... გახსოვს, ყოველთვის ახალ წელიწადს აცხადებდნენ ბრგე ასოებით: „ხელის მოწერა მიიღება.. ასე და ისე..“ და მერე, ძმაო, ჩამოთვლილი იყო ან-ბანზე თითქმის სუყველა თვალსაჩინო თანამშრომელი; ბევრი ნაცნობი გვარი შემხვდა... იყავი შენც... მეც... და... ინერციით, - თვით არ ვიცი - რისთვის და რატომ, ჩამოთვლილ პირებს, ვინც არ იყო უკვე ცოცხალი, წითელი ფანქრით ხაზს ვუსვამდი ხელის კანკალით. რამდენმა ფიქრმა გაიელვა ამ დროს, ვერ გეტყვი. რამდენი ჭკუა დაგვიკარგავს, ძვირფასო ძმაო! იმ გვარებიდან ოციოდე წასულა კიდეც. შენ გრძნობ თუ არა, რა ძვირფას დროს ჩვენ გვიცხოვრია! ჩვენ ვტრიალებდით იმათ წრეში, ვისმენდით მათ ხმას, ვსუნთქავდით მათი ამოსუნთქვით, ცოდნით, ნიშატით; და დღეს კი ამ ხალხს დიდსულოვანს, ეპოქის დამღას, უკვე სამარე მოუნახავთ მოკვდავთა შორის! ნუთუ ეს არის ყველას ბოლო? არა! არ მჯერა! ნუთუ ამ გაზეთს სხვა ჩაიგდებს... და მერე ისიც ჩვენს საწყალ გვარებს ხაზს გაუსვამს წითელი ფანქრით? |


