|
დღეს ავად ვარ, მაგრამ თვალწინ არ მშორდება თეთრი კაფე, სადაც ბევრჯერ მუქ ფიქრებში ლექსის სახე გამოვკაფე; იქ დამსხვრეულ, მწველ აკორდზე ჩემი გული უხმოდ კვნესდა, იქ ექსტაზით ვიყავ მთვრალი… მაგონდება ყველა ეს და კვლავ განვიცდი წარსულ წამებს, კვლავ წარსულმა დამახანა და ხსოვნაში, ვით ეკრანზე, იხატება ყავახანა - მაგიდები, ელექტრონი, ყავა, ბროლი, მინანქარი ცუგრუმელა ფარეშებზე თეთრი ფიფქის წინსაფარი. ძველ ნაცნობთა პროფილებში ვამჩნევ უცნობ სილუეტებს, ზოგი უხვად სიცილს აფრქვევს, ზოგიც ღიმილს ვერ იმეტებს და ციგარის სურნელოვან, ნაზ-მოლურჯო ბოლის გველი, იკლაკნება მათ გარშემო, ვით ზღვის ნისლი, ვით ღრუბელი. აი, ვხედავ შენს ქარც სახეს, მკრთალს, ფერმიხდილს, დაღალულსა, ჭკვიან შუბლსა, ბევრის ფიქრით დახაზულს და დაღარულსა, და, გიცქერი დაჟინებით, და გიცქერი ხარბად, ვნებით, თვალს სწყურია, აღიბეჭდოს შენი სახე ზედმიწევნით, მაგრამ... შენ კი როს შემნიშნე, მომესალმე ისე ცივად, რომ ეხლაც კი მოგონება გულს მეჭრება ყინვის სხივად... და ვიწამე: რომ ამ ქვეყნად ყველა არი წარმავალი, და შენც, კარგო, ჩემს წინაშე მოგიხდია შენი ვალი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


