|
1
ვაი, სერაფიტ! შენი სახელი ხელიდან მტევანივით გამივარდა და აქეთ-იქით გაიფანტა მისი მარცვლები... მუხლზე დავეცემი, ვაი, სერაფიტ! უნდა წამოვკრიფო, იმიტომ დავცქერი. ასულო ზევახისა, ფარსმან მეფის პიტიახშისა. მეუღლევ იოდმანგანისა, პუბლიოს აგრიპას ძისა, ქსეფარნუგ მეფის ეზოსმოძღვარისა. რომელიც იყავ ახალგაზრდა და იყავ ისე მშვენიერი, არავინ იყო მსგავსი შენი სილამაზითა. ვაი, სერაფიტ! შენი ოქროს კილიტებით ბრწყინავს ჩემი სიზმრების მოსასხამი. შენს ყელზე ვერძისთავის ავგაროზად ქანაობს იისფერი ამეთვისტო და ნიკაპს ეხუტება ვერძის ცივი დრუნჩი. “ავგაროზის კოლოფში ასვენია კბილი გატეხილი, ბავშვობაში რომ მოიცვალე. გახსოვს, როგორ გვატრიალებდა კალოზე კევრი? ან როცა დათვრა დიონისე, ნიკაპი როგორ ჩამოდო საწნახელზე. ვაი, სერაფიტ! შენ ვერ დაგიტირებს ჩემი ცრემლი კოკისპირული... სიკვდილი მელის უსათუოდ! როგორც აქტეონმა, თუთის ჭალაში დაგინახე, შიშველი იყავ და ბანაობდი. ბავშვები ვიყავით, მომიტევე და მომეშველე, როცა ირმად გადავიქცევი, დამფლითავენ, ორ ქოფაკს კეტით ვიგერიებ!.. ვაი, სერაფიტ! არ მასვენებს შენი ღამეების სერდოლიკი, შენი თვალების სერდოლიკი, შენი სამაჯურის სერდოლიკი. დაბინდულია ოქროს მონეტაზე ანტონინუს პიუსის ხუჭუჭი წვერ-ულვაში და მარკუს ავრელიუსის შიშველი თავი. ამ ქვეყანაზე მოსულთაგან დღეს შენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე ჩემთან...
2
ბედნიერო! ამ ქვეყნიდან რომ წახვედი ადრე, მაგრამ თავი სიკვდილს მაინც რომ არ გაუყადრე. როცა ველზე დაგედევნა უსახური მხეცი, ნაბიჯს როდი აუჩქარე, როდი გაიქეცი. გადიარე მწვანე ველი შენი თეთრი ქოშით დედოფალმა, მიმავალმა ღამის სამეფოში. სანამ ქარში მოგუგუნე ზარებს დარეკავდი, შენ სიკვდილმა მოგახურა ღამის პალეკარტი. ახლა მხოლოდ ჩემს სიზმრებში აშრიალებ ქიტონს და თიბათვეს უმკლავდები... ვაი, სერაფიტო!.. გაცოცხლებულს სურვილს ხვატი გააფიცხებს თივით და მზე სამთითს ატრიალებს ეელზე ეშმაკივით. კვლავ ცახცახებს შენი ტანი სიცივით და ვნებით, ნაპოვნი და გალუმპული წვიმის ქარავნებით. ჩემს სიზმრებში შენ ვერავინ ვერ გიშიშვლებს სხეულს, ვერ კითხულობს ვერვინ შენი სულის არამეულს. და იცინი ისე, როგორც უწინ იცინოდი, ვიცი, გნახე, მაგრამ მაინც როდის გნახე, როდის? |
| პოეზიის გვერდი • • • |


