|
სწამდა განგება და სიმართლე ღვთიურ წესების. უყვარდა თესლით სავსე მიწა და ცა მბრუნავი. ჰქონდა გონება ბნელს ჩამარხულ მუხის ფესვების, და ნებისყოფა - ძელქვასავით გაუღუნავი.
სიკვდილის ლანდმა ჩამოჰბურა ზეცა მაღალი. წარბმოღუშულმა დაიქუხა: „მე ხომ დავბერდი! წესია სოფლის: ძველი გაქრეს დარჩეს ახალი!“
მივიდა ხატთან და შეჰკადრა: „რიგი ჩემია! უკვე მოვხუცდი, მეუფეო, და ვარ ნაცარი. შვილს მზე სწყურია, მე სიბნელე ამირჩევია!“
თბილ მიწას ცრემლად დააწურა გული ზვიადი. შემდეგ ჭადრის ქვეშ ააბღავლა ხბო შარშანდელი, და ხატს საძეო გაუმართა წმინდა ხმიადი.
და ვერც ზედაშემ, იმ საღამოს რაც დაიხარჯა. და მოხდა საქმე, მოხუცისთვის შეუცნობელი: მოკვდა საბრალო მამაჩემი, მოხუცი დარჩა!..
დააგდო წირვა. შეიძულა ცა მატყუარი. ვერ აპატია ქვეყნის შემქმნელს უსამართლობა და სიკვდილის წინ ზიარებას უთხრა უარი.
დიდია მსხვერპლი, საუკუნო ტანჯვას თუ ელი. მუდამ მამხნევებს მე ამ ბრძოლის მკაცრი დიდება, - მორწმუნე გლეხის ვაჟკაცური ღმერთთან დუელი.
თუ გულში ღველფი ამბოხების დარჩა უხმარად, რითაც მოხუცი პაპაჩემი ღმერთს შეეჭიდა, და ქრისტეს მისი წმინდა სისხლი გადაუღვარა!.. |


