|
მე იმის მშობლებს ისე ხშირად ვედარბაზები! (საღამოობით სულ არა მაქვს მე მოთმინება). ჩაის რომ დავლევთ, ხილს მოიტანს მაღალ ვაზებით, მთხოვს, რომ მივირთვა, და თან ჩუმად გაეცინება.
ჟამი გადვიდა, ხელს დაეყრდნო ის მინაზებით... ასე მგონია, საცა არი მიეძინება თეთრი ღაწვების ვარდისფერი გალამაზებით!
აზრით მოსვლია თურმე ჩემი ბედის გაგება! აი მაგიდაც მოიფინა გაშლილ კარტებით.
ის საიდუმლოდ იღიმება და კმაყოფილი მიხსნის ყველაფერს თავდახრით და ფრთხილ განმარტებით. |


