|
(ვუძღვნი ვ. რუხაძეს)
აღმაფრენამ ფრთა შემახო, ლაჟვარდისკენ გამიტაცა, გულის სატრფო ჩანგის სიმებს, შეუთანხმა მყის მიწა-ცა. დაეუფლა სტიქიონებს, ამოჰკვერა გზნების გული, ალთ სიმებზე ამოჰქარგა დაუშრეტი სიყვარული. წყვდიადს ისრად გაემახა და სიმბოლოდ გამოსახა - ცეცხლის სული!
ჩავუკვირდი ჯოჯოხეთებს, შიშის სხივი ჩავაკვესე რისხვით მქშინავ ბოროტ ღმერთებს. თვით უმანკო ანგელოზსა წავუხდინე ტკბილი რული, არ დავინდე არც მშვენება ერთ წერტილზე დაისრული, ძველ სახესა ძირში სჭრიდა, მაგიერად ახალს ჰქმნიდა - ცეცხლის სული!
დაუდგრომლად სრიალებდა, რისხვით ჰფეთქდა, ქვეყნის ბურთი რომ სწრაფად არ ტრიალებდა. სურდა ალად გარდაექმნა თვით სიცოცხლე განაბული, და ფიქრების სარეცელად გაეჭედა სიხარული. სულ ჰყიოდა: დაჰკა მზესო, ყოველ კუთხით აფეთქდესო - ცეცხლის სული!
გრძნობა წამით ვერ შორდება: კაცთ ცხოვრება დაკვანძული მრწამს წუხილში გასწორდება. ამაოა ცრემლი, ლოცვა, ამაოა სინანული... მომარიდეთ!.. არასდროს არ შეიწირავს, ზვარაკს გული, რასაც თვალი სოფლად ხედავს, დასაბამით ჰქმნის და სჭედავს - ცეცხლის სული!... |


