|
მიგტიროდა გადამწვარი, გადამხმარი ცეცხლის ღვარით შენი ქვეყნის მთა და ბარი. შენც ატირდი, - ცრემლსა ღვრიდი, გულში გენთო სევდა დიდი, როს შენსა და მამულს შორის ჩატეხილი იყო ხიდი. დაგყოლია ავი ბედი, - ტანჯვა გახდა შენი ხვედრი, - მსუნაგთ, ორპირთ არ უმღერდი, არ გიხრია მათ წინ ქედი. ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ვინ დაითვლის ფოთლებს ტყეში, ვინ გაიგოს რამდენ პირშავს მზად ჰქონია ვით მხეცს ეშვი, რომ ჩაეკრა შენთვის მკერდში. „ქართლის ჭირი“ გულს გიკლავდა, - აოხრდა და გატიალდა მშობლიური შენი მიწა... უცქეროდი... ვეღარ იცან, - კაცს კაცობა არ უგავდა, ხალხს ორგულნი გაუმრავლდა, - საფლავამდე რაც შენ ზიდე საფლავშიაც ჩაგყვა დარდად. - „სულის ამბავს“ ლექსად სწერდი, - ოხვრა - კვნესას იქარვებდი, - გიტაცებდა ლექსის წერა, - ღამეს თეთრად ათენებდი, ნეტარებდი... ღმერთს შესთხოვე, - შეევედრე, - ძე გყოლოდა ან ასული, - დაწყევლილი იყავ თითქოს, - შემოგიჩნდა ავი სული, - „მამას“ არვინ გეძახოდა, - ღმერთმაც აღარ შეგიწყნარა, რომ „ნაყოფი“ აგყოლოდა და გეცხოვრა მყუდროდ, წყნარად. „დაჯექ და ლექსვა დაიწყე, - თქვი, თუ ვიშვილებ ამასო“, - ხმა სასიმღეროდ აიწყვე, - გულს ვინც ისარი ჩაგასო, - შერისხე ბედი მუხთალი, - „ლექსებს ზრდიდი დიდი ჭირით, რაც იცოდი საცოდნელი მას ასწავლე სიბრძნე - მცირით“. შენი ლექსით დღეს ჩვენ ვხარობთ, „დავითიანს“ ვასხამთ ქებას, - დავეწაფეთ სიბრძნის წყაროს, - დრო წარსული ჩვენს წინ დგება, - როგორც ძველი, როგორც ბნელი, საშიშარი, საშინელი. ფრთებს შევისხამთ და ჩვენს დროში ფართოდ გაშლილ მზიან დროშით თვალს მოვავლებთ ჩვენს სამშობლოს, - ხალხთა ძმობის ამ დიდ ოჯახს, - გადავცქერით მთელ სამყაროს, ჩვენ შორს ფრენას ვინ შებოჭავს... შენი ლექსით დღეს ჩვენ ვხარობთ, „დავითიანს“ ვასხამთ ქებას. |


