|
ბნელ ხევხუვს, პირმზითისაკე, ერთის ნაზოვრის პირასა, არჯაკელს გაჰღვიძებია, დაბლა კინჭუხის ძირასა. ყინვა ჰზრავს, ზვავის ნაჟური ნამი უდგია მზირასა, ნისლები დაჰლაღოვიან, მცენართან გასაცინარსა. უთქვეფავ ზვავსა ბექ-ბუქი, გამოქანულა შორითა, არჯაკელს წამოჰდგომია ბაგით, ვეშაპის სწორია... ზევით ჰტირიან თხილები, არყი იმტვრევა ღერითა, ზევით პირიმზე გაჰღვივის, გაღმა-გამოღმა გორითა, კლდეები ემუქრებიან, დასაქოლავად ყორითა. ეს კი შაფრფინვით დაჰხარის ჩახრიალთ წყალთა დენასა... მზის ჩასვლას, მთვარის მოსვლასა, დილით ნამისა ჭერასა. ბუნდად ცა-ღრუბლის რევასა, ნისლის ხროების დენასა, ღამეს ცას თვალ-თვალიანსა, ურიცხვ ვარსკვლავთა ბზენასა; ზამთარზე გაზაფხულისა გამარჯვებისა სმენასა. ვაი საწყალი ღრუბელი არ აიმართოს მთისაკე, თავზედ ღვართქაფი არ დაგცას, წაგიღოს კასპიისაკე! |


