|
ნუ დამელევი, სიმღერავ, ნუ დამაძინებ ძილსაო, ვინც რა უნდა ჰთქვას, მიყვარხარ, როგორც ქართველის შვილსაო.
გული მქონია მტირალი, თვალზე კი ვერვის უნახავს ცრემლები ჩამომდინარი!
ბევრჯელ მეც მინდა ვტიროდე, ცრემლები მენატრებიან; ცა მოიწმენდავს, ღრუბელნი წვიმად რომ დაიღვრებიან.
ცრემლად არ დაიწურება, როგორც დიდი აქვს ვარამი, ისე ღრმად ჩაიხურება.
ხშირად საწუთროს კერამა, და გული გვიწყლას სევდამა, როგორც პრომეთეს ძერამა, -
ვთქვათ, თავს ნუ მივცემთ ძრწოლასა, ბოღმას ნუ შევამჩნევინებთ ნუ ვის იოტის ტოლასა!
ეგებ აივსოს ფიალი, რომ მერე ცოფი... რა მერე? ვისზე გავხეთქო ტიალი! უკვდავ უცვლელსთან რას იზამს ჩემი უღონო ფრთხიალი?
* * * * * * *
გული მიტირის... ნეტამც შემეძლოს გამობრუნება მე წარსულისა. მიყვარს ყვავილი გაზაფხულისა, ნეტამც მაჩვენა ჩემის გულისა. მაგრამ რა ვპოვო დაკარგულისა? წავიდნენ დღენი სიხარულისა, ამაოს ზედა დალეულისა! ნეტამც მას წარსულს უკმოაქცევდეს ჩემდამი აჯა სინანულისა. ნეტამც წარსულზედ, ფუჭად გავლილზედ, კვალი მაჩვენა ნაფეხარისა, და უდაბნოზე, ხრიოკს, ურწყულზე ტურფა ყვავილი ნაცეცხლარისა, რომ მისი მპყრობი მე ხელსა შინა ადრე ვდგომოდი სამოთხის გზასა, და სანატრელი მეცნიერების დავწაფებოდი უძირო ზღვასა, რომ ეგებ იმის შემვრდომებელის დაეწყო მოთქმა ჩანგსაც სხვა ჰანგზედ, და მგოსნის თქმული იმის ერსაცა გამოეხატა სჯულის ფიცარზედ, თორემ ცრემლს მაინც მრავალტანჯულსა ვინ შეაშრობდა ცრემლიან თვალზე?
* * * * * * *
ჰწვიმს და ჰშხეპს, ბნელა: გარეთა ძაღლი არ გაიგდებაო, ცა დედამიწას უწყრება, ჰტუქსავს და ემუქრებაო. ქარი მოგლეჯას უპირობს, ებრძვის და ეზიდებაო, გზის იქით კლდიანი არის, ფეხი არ ეკიდებაო. მე კი სამგზავროდ მივდივარ, ძალიან მეშურებაო: იქით სიცოცხლე მიმელის, აქეთ სიკვდილი რჩებაო. ბნელდება. ჯანღი ეხვევა, ტარება მიძნელდებაო, მაინც არ ვიშლი, მივდივარ, მოხდეს, რაც მომიხდებაო. ხელში სანთელი მიჭერავ, შუქი წინ მიმიძღვებაო, წვიმა და ქარი მატულობს, ვაჰმე, თუ გამიქრებაო! ნუ გამიქრები, სანთელო, ნუ დაჰბნელდები ღამეო!.. ნუ გამიცრუებ იმედსა, განგებავ, შვება მომეო!
* * * * * * *
დღე არ მასვენებს საგონი ღამ-ღამე საოცარია, ვაჰმე, თუ ტურა-მგლებს დაჰრჩეს ხოხობის საბუდარია. ვაჰთუ ის თავისიანით, მტრებმა არ შეიბრალონო, გასრისონ მისი სიტურფე, უდროვოდ მოინელონო. ვეღარ დაზარდოს ბარტყები, სამშობლოს ბარდებშიაო, აზადად ვეღარ იაროს, ალაზნის ჭალებშიაო. მე კი ნუ ვიყო ცოცხალი, ჰჯობს მკვდრებში ვირიცხებოდე, მიწამ შემჭამოს, სანამდე მე ამას შევესწრებოდე. მზემ ნუღარ მოგვცეს სინათლე და წვიმა წყალმა ზღვისამა, გვირგვინი ჩამოიყარონ მთვარე - მთიებმა ცისამა! |


