|
ამ ამბის შემსწრეთ, თვალებო, მიწამც გექნებათ სუდარად. მზეო, გაშავდი, ვარსკვლავნო მენამც გიხილავთ ნუღარა, ფშავ-ხევსურთ სალოცავებო, მიიღეთ ჩემი მუდარა. ნუ გვრისხავთ, თქვენი ჭირიმე, ნუ აგვარიდეთ თვალიო, თქვენს სახელს ენაცვალება, ფშავლის ბედკრული ქალიო. ვაჰმე! იღუპვის ქვეყანა, ვაჰ, ვაჟნო თქვენი ჯავრიო, ლეკები თავს დაჰცემიან, წასულა სისხლის ღვარიო; ლეკეთში გაურეკიათ ნაკვეთაურის ცხვარიო. სადა ხართ? რაღას უსხედხართ? რად არ იყრება ჯარიო? რას შემოგვხედავთ დედათა, ეგ ხომ ლაჩრობა არიო? იქნება არც კი შაგრცხვებათ, ქალმა შეირტყას ხმალიო? ნეტავი ქუდოსანი მქნა, თმიან არ ვიყო ქალიო. |


