|
პარიზის ქუჩები შენსავით ურჩები ჯერ ქუდს არ გიხდიან, შენც ფეხზე გკიდია და ბედს ეურჩები, ბონჟურ, მოდილიან! თოვს სევდა დილიდან, იღბალი გახსენებს, რომ უნდა გახელდე. შენ სისხლში ახველებ ფერების სისრულეს, შენ სხვა გზა ისურვე... ბრავო, მოდილიან! უკვე ქედს გიხრიან შეშლილნი მონმარტრის. სავსე ხარ ცით სულაც და ყველა იმ სურათს რომელსაც დახატავ, მტვერს დრო არ მოაყრის. ბედ-იღბლის დილიჟანსს გზადაგზა ეწევი და თვალში ბეწვივით გიზის ხელმოცარვა, ფუნჯი შენს ცოლს ქარგავს და ჟანა ტილოზე წუხს უბედობაზე, შენზე, უტრილოზე. ბონჟურ, მოდილიან! ღამეა დილიდან და ნუ გაიიკვირვებ, დაიჭერ წამს როცა! სურს,რომ დაგიმსგავსოს, შენი შურს პიკასოს, მას შენი სახელი სიკვდილთან წამოსცდა... შენ სხვა ბედს ელტვოდი და სანამ ეტყოდი პარიზის ხალხმრავალ კაფეს და დარბაზებს, სულ ბოლო ნაფაზმა გიცვალა ანფასი... და მხოლოდ მას შემდეგ ათასჯერ დაფასდა გრძელი კისრები და უძირო თვალები. სხვა ამბებს ყვებიან დღეს შენი ფუნჯები თრიაქით, ქალით და ბოჰემით მთვრალები. განცდებით უძღები, რა ტკივილს უძლებდი მერეც და მანამდეც, იცოდა, იცოდა, იცოდა ჟანამ ეს... ჟამიდან ჟამამდე გაღებულ ფანჯარას ბოლომდე არ სჯერა დაღი მონპარნასის - სიმწრის ტუჩნაჭდევი ვიწრო ქვაფენილზე, ძირს დანარცხებული ოცნება ჟანასი...
პ.ს.
მონპარნას ცხრამეტით დასრულდა ფრაგმენტი. შენი ტილოები დღეს ფასს ვერ ითვლიან. დრო ხურავს ჟალუზებს, ჟამი წუხს ჟანაზე, შენ ისევ ფლანგავ მზეს, ბრავო, მოდილიან!.. |


