|
ინისფერ მზეს ისხამს თვალებში სისხამზე, ქარების სიშლეგე ცხენს ნალად ატყვია. და სანამ ომები ახალ სისხლს ისხამენ, მზე სვირინგს დაადებს მის ყოველ ნატყვიარს.
იცავს მომავლისგან წარსულის სანახებს. ჰყავს ერთგულ მეგობრად ცხენი დარახტული, უცხოს არ ენდობა, არც სახეს ანახებს.
უდაბნო ქვიშით წერს უმკაცრეს კანონებს. აზიურ სიფიცხეს არ უყვარს ტყუილი, ნამგალა მთვარეც აქ ბასრ ხანჯალს გაგონებს...
თვალებში ზურმუხტი თითქოს მირაჟია. ქვიშის სამფლობელოს ისე ფლობს, მეფე ვით, თვლემს ცხენის ფაფარზე ბებერი აზია.
მზე თავის რჩეულებს მზის წნულში ეხება. ჯიშით ჯერ დაუღლელ არაბულ ბედაურს წითელი ქარები გართხმიან ფეხებთან.
ზოგჯერ ლომისფერი გადაჰკრავს ქვიშასაც. მზეს ლომის სახე აქვს და ნებას თუ მისცემ, მზის ბეჭდით თვალებსაც სულ ამოგიშანთავს.
სულ და ფეხშიშველნი უვლიან სალოცავს. წყლის წასვლა-მოსვლაში დარჩენილ ქვიშებმაც იციან კავშირი დერვიშის სალოსთან...
ლანდი ბედუინის ბორცვზე შეიმართა. წარსულს რწმენასავით სისხლი აზიური იცავს, რომ გულმართლად ილოცოს იმამთან... |


