მამაჩემს - მოქანდაკე თემო ნაცვლიშვილს
|
მე არ ვუყურებ, ეს - შენ უყურებ რომს და პადუას ჩემი თვალებით, ჩემს წინ კი არა, შენს წინ დადიან იტალიელი ამორძალები.
სან-ანტონიოს დღეს მე კი არა, შენ გადაუღე ფერადი ფოტო.
ივსები რომით და ბოლონიით და ფლორენციით და ისევ რომით.
ისე უბრალოდ, თითქოს ჩვენს ბაღში ძირს ჩამოცვენილს კრიფავდე ჭერამს.
ჩემთვის ერთია, შენ კი ანსხვავებ ერთმანეთისგან სამივე დავითს.
ივსები რომით და ფლორენციით და ვენეციით და ისევ რომით.
დოჟთა სასახლის აჟურულ სვეტზე შენ შეამჩნიე - ბუდეა მერცხლის.
როგორ სიმღერით მიდის გონდოლა სადღაც სან-ჯორჯო-მაჯორეს მხარეს.
ივსები რომით და ვენეციით და ფლორენციით და ისევ რომით.
და წმინდა პეტრეს ტაძრის მტრედები ჩემსკენ კი არა, მოფრენენ შენსკენ.
ფონტანა-ტრევი შენგანაც ელის ლირას და ლირას, კაპიკს და კაპიკს.
ავდივარ ტრაპზე. მე არ მოვფრინავ, ეს - შენ ბრუნდები ახლა რომიდან. |


