|
(მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნას)
მტრის მხილებისთვის დასჯილ დიდ მწერალს, ქრისტესავით ჯვარცმულს, წამებულს, რომლის დარგულ ბერმუხასაც საქართველოდან ვერაფერი ვერ ამოძირკვავს, დროა, რომ წმინდა მიხეილად ვახსენებდეთ შთამომავლები... სწორედ ჯაყოს ორეულმა, სისხლიან ხელით, ჯვარს აცვა იგი, ჯაყოების მამხილებელი... ასე დასაჯეს სიმართლისათვის თავის დროზე იოანე ნათლისმცემელიც...
ღვთისა და ადამიანის წინააღმდეგ, ქვეყნისა და სამყაროს წინააღმდეგ, - ყველა ყაენის, ყველა კაენის სიმბოლოა ეს ურჩხული, გარყვნილი და ქვეყნის გამრყვნელი, ჯოჯოხეთიდან ამოხეთქილი კაციჭამია მტრების სული, ბოროტი სული, ურცხვი, ვერაგი დამპყრობელი, "მოყვარე მტერი", ქართველთა სისხლს მოწყურებული მყრალი პირუტყვი, მხეცად ქცეული, თავი კაცი რომ ჰგონია, ის არაკაცი...
ის - კნეინა მარიამია, დაკნინებული სეხნია წმინდა მარიამის, ვის ფრესკებსაც გუმბათმოხდილ ტაძრის კედლებზე თვალები ტყვიით ამოსთხარეს უამრავმა ჯაყოებმა, კაცის მსგავსმა ურჩხულებმა, სიცილ-ხარხარით... მტრის მიერ ცოცხლად დამარხული ქართლია მარგო, გაცოცხლებას და აღდგომას რომ ელოდება... თეიმურაზი ვინღა არის? - ნაკაცარს კი ვუწოდებთ, მაგრამ არაკაცს მაინც ხომ ჯობია, - კეთილშობილი რაინდია, ოღონდ, უდროოდ, უადგილოდ კეთილშობილი, გულუბრყვილო ხევისთავი, წმინდანების მოჭრილი თავი, უძველესი წმინდა სისხლი, უღვთოდ გასვრილი, ყიამყრალი ჯაყოებისგან შერცხვენილი, შეგინებული, მტრისგან მასხარად აგდებული, ფეხქვეშ მატლივით გასრესილი საქართველოს მეფეთა მოდგმა, რწმენისათვის, სიკეთისათვის ქრისტესავით ჯვარცმული და უღვთოდ დასჯილი...
წმინდა სამების დამცირებისა - სატანის მსახურ ჯალათთა მიერ, ჯაყოს მსგავსი მხეცების მიერ... და სწორედ ჯაყოს ორეულმა, სისხლიან ხელით, დასაჯა წმინდა მიხეილი, სიმართლის მთქმელი, ამქვეყნად ყველა ჯაყოების მამხილებელი, როგორც დასაჯეს თავის დროზე იოანე ნათლისმცემელი... ქართული სულის გაღვიძებისთვის და სიმართლისთვის დასჯილ მწერალს, ქრისტესავით ჯვარცმულს, წამებულს, რომლის დარგულ ბერმუხასაც საქართველოდან ვერაფერი ვერ ამოძირკვავს, დრო არის, წმინდა მიხეილად ახსენებდეს შთამომავლობა!.. |


