კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 23:18

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

სადით სად გინდა, ოცნებაო, ასე მატარო, 

ვის გაუქმებულ სამრეკლოებზე 

რეკთ, - 

მესიტყვენო გულისთქმათანო!..


ჟამად მთის კალთებს გაზაფხული მოამდელოებს, 

ცაზე მთვარე კრთის - 

ღამიეთის უტყვი მთეველი... 

მაგრამ... რად აზრობს ქარაშოტი ატმის ღეროებს, 

რად იცლებიან სიყვარულის წყალსატევები?


სადით სად გინდა, ცდუნებაო, ასე მატარო, 

ვის გაუქმებულ სამრეკლოებზე 

რეკთ, - 

მეჩანგენო გულისთქმათანო!..


... ჩვენ მივსტიროდით დამზრალ წყაროებს, 

ყრუდ აღიძვროდა ნისლი ხეობით, 

თვალს ვაცილებდით სამაღნაროებს 

და უდაბნოსკენ მივირხეოდით.


მივუყვებოდით მღვრიე ტრამალებს, 

გაღმით გვესმოდა მოთქმა სიონის

და საწუთროით გარე-მავალებს 

ფრთე მიგვიძღოდა ქერუბიონის.


აღმა ვილტვოდით აღმოსავლამდე, 

გზა დასავლისა თვლემდა ჩვეულად, 

თხემზე რომ შევდექ, სივრცე დავლანდე 

და გამაჟრჟოლა ანაზდეულად...


მთას შევუყევი, მზემან გამართო, 

შენ ციმციმებდი, სხივთა ამარტო, 

ისევ უგზო ჩნდა ჩვენი მეგზური, 

ისევ უცხო და უმისამართო.


აღმა ცა გაკრთა, მთვარე მოვანდა... 

გარნა ხმა გვესმა: "- ჯანღი მიედოს!.." 

მთათა თხემს მივწვდით - არმუროვანთა, 

და გადმოვხედეთ სადაღმიეთოს:


დაბლა ცეცხლის წრე მინდვრებს რკალავდა, 

წყალს ატოკებდა გუნდი ციაგთა, 

მაგრამ... მინელდა ცეცხლი კარავთა 

და ქარნიავი ამოწიაქდა.


ბნელში ატირდა მწუხრის მისანი, 

მერმე ცის კიდეს გრგვინვაც მოესმა 

და სახებანი ქვემოთისანი 

ზე ამოიხმო უზემოესმა.


ჩქამი ამოხდა, ამოხმიერდა...

შენც აგუგუნდი, ბჭეო კლდოვანო, 

ბინდში დავლანდეთ ვანი მღიერთა 

და უწმინდურთა საკეთროვანო.


უცებ აღიძრა კვამლის რტოები, 

მაღლა კვესი ჩნდა თვისი მკვესავით 

და მწირი ვინმე, - უდაბნოელი, 

წინ შეგვეყარა მეამბესავით.


"- სდეგ! - შემოგვძახა, - დღეა რიოში, 

სიზმრის ბადეს ქსოვს ბნელში საღათა, 

წინ ალმურია საიქიოსი, 

სდეგ!" - სასოებით შემოგვღაღადა.


არა ვისმინეთ მისი ღაღადი, 

ოდენ ცოდვა გვყვა სულთა სიამედ, 

ზენა დავთმეთ და ჩვენი ნაქადი 

ხმას ქვეშეთისას შევუხმიანეთ...


ხმა კი კვლავ ხმობდა: "- ამაოება!.. 

ამაოის ძე დაშვრეს ამაოდ!.. 

ეჰა, სად გალობ, სულო სულისავ, 

ვის საუფლოში სულთათანაობ!


მღერად რომ გიჩანს სრბოლა ჟამისა, 

ბოლოს ქვეყნისას როგორ ისახავ,

ხატად რა ხატი დაგეთავისა, 

სახედ რა დაგშთა ჩასახვისაგან?


ცოდვის ჭურჭელს ჰგავს შენი ქოთანი, 

ვეღარც მძლეს ჰგუობ, ვეღარც ძლეულებს

და ზნეობანი უაზნოთანი

გზიდან გაცდენს და გაუზნეურებს.


ლტოლვის ცდუნებას ძალი მიანდე,

მართლის გზებს ეძებ, ცრუო ზღაპარო,

რომ მიმწუხრიდან გამთენიამდე 

სივრცე მოვლო და მოიმთაბარო...


გარნა ფუჭია შენი მგზავრობა, 

რადგან დაცლას შობს ყოვლი სავსება

და შობილების სახემრავლობა

ჯერარშობილებს დაემსგავსება.


მიწყივ ურცხვი ხარ, მიწყივ უცები:

ხელში გიპყრიეს ვერცხლის ბღუჯები 

და ამაოთა ამაოებას

ამაოებით ებღაუჭები.


შენდა არ ბჭეობს ბჭენი სასახლის, 

მცველიც ვერ გიცავს ოქროს საცავით,

კვდომის წუთებს ჰგავს ჟამი ჩასახვის, 

წინსვლა ფუჭია უკუსვლასავით...


ასე გოდებდა ბინდის მეგზური...

ჩვენ მივდიოდით ვიწრო ხეობით

და შორეული სინათლისაკენ

მივირთხმეოდით... მივირთხმეოდით...


ქარს გადმოჰქონდა გმინვა ახოთა,

ცა აღიძვროდა ცეცხლის სვეტებით,

"- ვის მიელტვითო!" - გადმოგვძახოდა -

ვის საუფლოში მიეხეტებით!..


გაღმით ბინდი ხმობს, განუჭვრეტელი,

ჭირი გარდმოვალს ჭირთა ზედაო,

უკვე ახლოა ცოდვის კედელი...

სდეგ, წინამძღვარო მესოფლეთაო!..


...თითქო არ გვესმა მისი ნაქადი,

კვლავ სიბნელეში ლტოლვას ვუმატეთ

და მწუხრეული სულის ღაღადი

ბნელ სივრცეებში მივაჩუმათეთ...


მაღლით შუქი ჩნდა შუქში მჩინარის,

მიფარფატებდა შუქში იმედი,

უხმოდ დავაგდეთ ზღვარი მდინარის

და მოვიძიეთ ჭალისპირეთი.


გაღმით ხმას გვცემდა თეთრი პეპელი, -

ჩვენმი გვიხმობდა ჩვენდა მესავით

და უდაბნოთა მღაღადებელი

ჩქამს გვადევნებდა მეჩანგესავით.


ჩქამს გვადევნებდა, მონანაობდა...

"- ვის მისძახიო! - ძრწოდნენ ტოტები, -

ვის მისძახიო! - სულთან დაობდა,

რა უთავბოლოდ მიებღოტები...


აღარც წმინდა გწამს, აღარც რიოში,

უხმოდ მიიკრეფ დაღლილ კიდურებს,

იქით მზე გიძღვის საიქიოსი

და უდრტვინველად გაიქითურებს...


გაღმა გადახვალ, გადაქანდები...

აღმა ილტვი და... დაღმა მოექცე,

ღამეს ვერ აქრობს შენი კანდელი,

დილა ვერ მძლეობს საღამოეთზე...


...ყურად არ ვიღეთ ესე ამბავი,

არე-მიდამოს გავცდით მდუმრიად,

თითქო შლეგს უთქვამს სოფლის ანბანი,

ან მოლიზღარებს გაუხუმრიათ...


ისევ მივდედით ვიწრო ხეობას,

გულს ვიოხებდით მინდვრის ხავერდით,

ხან ვამძუვნებდით სისხლის ღრეობას

და ბოროტებას ვაბუღრავებდით...


ბნელში მოსთქვამდა მწუხრის ხიზანი...

ჩვენ კი ვერ ვპოვეთ შვება მცირედი,

ვლახეთ ბილიკნი ჭიუხისანი

და მოვიძიეთ თხემის ძირეთი...


გარნა კვლავ მიწყდა ღრუბლის თარეში,

ისევ გაბრწყინდა ბაღში კედარი

და ზეგარდმოულ სინეტარეში

ჩნდნენ საყუდარნი მესაყდრეთანი...


ისევ ამღერდა თეთრი შროშანი, 

მცველმან ისურვა მტრისგან ვეცავით

და ლანდი იგი, ტანაბჯროსანი,

კვლავ დაგვადევნა სინათლესავით.


მთებზე ნისლი დგა ზანტი ზმორებით,

ნისლში მოსთქვამდა მწუხრის თამადა:

"სდეგ!" - შემოგვძახა განმეორებით, -

"სდეგ!" - მერამდენედ შეგვეკამათა...


ჩვენ კი მისი ხმა უკუ ვაბრუნეთ,

პირაქეთური ვხადეთ პირიქეთ,

კვლავ მივაქციეთ პირი საბრუვედ

და იქედნურად ჩავიქილიკეთ...


...კვლავ აღიძვროდა კვამლი ხეობით,

ისევ მძლედ ვხმობდით ცათა მწეობით

და გაღმიეთის სინათლისაკენ

მივიქცეოდით... მივიქცეოდით...


"- ხმა აღიმაღლე, ჩანგი შემართე!“ - 

ყრუდ გუგუნებდა ჰანგი ხმიერის 

და მიღმიეთის მისაქცევარზე 

ხმა მიგვიძღოდა გადაღმიელის:


-„დაჰკარ ცოდვის ზღვას, ზვირთებს შეები, 

ლოცვა მადლად მცხე, მადლი - მალამოდ, 

რომ მოგინიშნო სანიშეები 

ასე უვნოდ და უჭირვარამოდ.


გუთანს კვლავ მივცე ძალი საგუთნო, 

შენი არის და... შენვე გაყუდნო, 

თორემ ვიდრე ჰხვალ ასე უმიზნო, 

ასე უგზო და უნავსაყუდრო.


მაინც ვიდრე ჰხვალ... დროა, დავანდე, 

თორემ კვლავ აღსდგეს ქარი ქარულად 

და სათავიდან შესართავამდე

ცა გადმოინთხეს ნიაღვარულად...


პირმან მწყევრისამ შემოგაწყევლოს, 

ელვამ ცისამან სივრცე დახიოს, 

საქმეს ნუ იზამ ასე საცრემლოს, 

ასე სავნოს და სავაგლახიოს“...


... ვერა გვასმინა თვისი გალობა, 

ტყვია ვერ სტეხა რკინის სატეხით, 

ისევ ვარჩიეთ კიდეგანობა 

და მთაგრეხილებს გარდავადექით...


ხმა კი კვლავ ხმობდა: "- ბინდი მაშინებს... 

ნეტავ, რად ლამობთ, ცეცხლი წარიღოთ, 

რად მიუყვებით უჩინმაჩინებს 

ასე უგზოდ და უთადარიგოდ!


რად წარმიხადეთ ძლევის ისარი, 

რად დამიტევეთ, მარქვით - რაისად! 

ცამ დაგიმწუხრათ თვალნი მზისანი, 

ღამემ დაგცათ და დაგადაისათ.


გარნა ცოდვის ხმა კარგად გვეცნობა, 

რა უხანოა თქვენი მგზავრობა, 

თქვენი სიბილწე, თქვენი ცვედნობა, 

თქვენი სიძვა თუ მამათმავლობა!


ნასკვით ვერ ნასკვოთ შეუნასკვავი, 

მიჯნებს ვერ მისწვდეთ - ბევრიც ექანოთ, 

ისევ უზღვროდ ჩანს ქვეყნის საზღვარი, 

კიდეგაშლილა უკიდეგანოდ.


ვითომ ცას მორთავ, მოაგვირისტებ? - 

გიჯობს მობრუნდე, სულო მცინარო, 

ისევ არ წარდგა ფეხი წინისკენ, 

არც მალემსრბოლი გაიწინარო.


თორემ ყოველს ჰხდეს გარდასახადი, 

ვინაც რა ჰხადოს, დაშვრეს ამაოდ...

... ბოდვად ჩავთვალეთ მისი ღაღადი 

და შევიქეცით სამასხარაოდ...


უცებ გახევდა მწუხრის თამადა, 

ზოგმა ისა ვთქვით, ზოგმა ესაო: 

ნეტავ, ვისი ხმა შეეკამათა, 

ვისი საყმო და სანათესაო?..


გაღმა რად მიდგა, რისთვის მიბრუნდა, 

რას აუწყებდა თრთოლვა წიაღთა,

"- ამაოება!“ - წართქვა ჩურჩულით 

და პირისახე აუწყლიანდა.


"- ამაოება!“ - ცრემლით დასძინა, - 

"- ამაოის ძე დაშვრეს ამაოდ!.."

ვაი, სად გალობ, სულო სულისავ, 

ვის სამკვიდროში სულთათანაობ!..


დრომან შეგძრა და შეგაბორძიკა? 

უკვე ჟამია - დაცხრე ჩემსავით

და განუტევო სამწყსო ხორცისა 

თვისი მწყემსით და დასამწყემსავით.


თუმცა... რა მგამა, დროა დავდუმდე... 

აბა, რას მარგებს უქმად გედაო, 

სდეგ! - მაინც გეტყვი უკანასკნელად,

სდეგ, - წინამძღვარო მეჩანგეთაო!


მე იგავებით სმენა გავართე, 

აწ განმგებელი მოგეთათბიროს!..“

... და ბნელმეტყველის ნაიგავარზე 

ანაზდეულად შეკრთა ასპიროზ.


უცებ ცას მოსწყდა ბნელი ისარი, 

მთათა სასმენელს გრგვინვა მოესმა 

და მეკობრენი ქვეშეთისანი 

ზე აღიტაცა უზემოესმა.


ცით გარდმოეშვა ცეცხლის ნაკადი, 

შავი სანთელი გაკრთა მთიებად, 

ძლივს!.. გაგვახსენდა მწირის ღაღადი 

და შევემზადეთ მონანიებად...


მაგრამ აღმოხდა ჩქამი შავეთით, 

ჩვენ, შიშნეულნი, ხევში ჩავედით 

და ვაძრწუნებდით ერთიმეორეს 

ქვეყნის კიდით და შესართავეთით...


"- იყავნ ნება ღვთის!" - ვხმობდით გალობით, 

შუბლს ვიგრილებდით ნედლი ალერდით

და მოწამეთა უანგარობით 

სხივს მეუფისას ვუთვალთვალებდით.


ბოლოს ინათა... გაკრთა ვარდეთი... 

გაღმა ვაფრინეთ თეთრი ქედანი 

და ზეგარდმოულ სილაჟვარდეში 

ჩნდნენ საუფლონი მეჩანგეთანი.


ამღერდა ჩანგი: „- ისევ ცისა ვარ!.." 

ბნელს განერიდა სხივთა ამალა 

და ანგელოსმან მეუფისამან 

კვლავ სივრცეებში შეიფრთამალა.


ისევ ჩაგვესმა მწირის ღაღადი... 

ჩვენ აღვიჭურვეთ რძით და ქადებით, 

კვლავ ავიკრიფეთ გუდა-ნაბადი 

და წასასვლელად შევემზადენით..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen