მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
I
მადლი აღმითქვამს, დამბადებელო,
ამ უჩვეულო წყალობისათვის...
ცის დასავალთან მოდგა დაისი,
კვლავ აღმოენთო საღამოის უტყვი მშვენება...
ხმა მესიტყვება ადონაისი
თუ ანგელოსი მესიმღერება?
- სები, სადა ხარ? - როკვენ სეფენი,
კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება,
მზით შეივსება შესავსებელი,
ცა - ვარსკვლავებით შეისოსნება...
მე კი შენს ბილიკს დავემგზავრები,
გზა განმიბანე, ნათლის ნაკადო,
რომ გამარჯვების საგალობელი
ცის დარბაზებში ამოგღაღადო.
- მტერმან ვერაფერი მოიმაქნისაო,
მძლეობს კიპარისის ღერო,
ფრთეო ნათლისაო, ფრთეო ნათლისაო,
შარავანდისაო ჩემო.
აჰა, ტრედს ვუხმე ჩემი კარვიდან,
ხრმლით მოვუნიშნე ცათა შორეთი,
ქვე განვუფინე მზე და მთოვარე,
ფრთე დავუმძიმე ეპისტოლეთი
და ღრუბლებისკენ ავაფრთოვანე...
გარნა ფიქრი ჩნდა, აღსდგა ღრუბელი,
კვლა აღუღუნდა ხელში ღადარი,
და სალმობათა ნაფეხურებზე
ჩნდნენ მესიტყვენი გულისთქმათანი.
ეჰა, სად მიფრენ ფრთეო ტრედისავ!
სად დაეშვები, რომელ მხარეში,
გზა შენეული საით დახდება:
ზღვა გაგეგება სატახტრევანოდ,
თუ კაკანათი დაგეტახტება?..
... ყრუდ მილივლივებს ქარში ქედანი,
ცად განიხსნება ბნელი თაღები,
ძალს მომაგებენ ძალნი მძლეთანი
და საკრებულოს შევეზრახები:
- ასრე უენომ ვისთან იენოს,
ტრედმან ვით შესძლოს თავის ტერება:
ბაზი დააგდებს საბაზიეროს,
ან ბაზიერი დაემტერება...
ვიხმე სხვა ტრედი... ისიც ვაფრინე...
ფრთეო, ამზიდე, ამამზიანე,
ხელთამპყრობელო, ხელი გამომდე!
ხამს დამავიწყოს დღემან დღეისამ,
რაც შევიჭირვე მოაქამომდე...
- გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო,
ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო,
რომ ზენაარის საუფლოებში
ამამზევო და ამამუშთარო.
ტრედო, წარუძეხ ქროლვას ფიქრისას!..
ცის საკრებულოს შეატყობინე,
რა სასოებით ვხმობდი აქამდე
და ღთაებრივი ენამზეობით
აამჭევრე და აალაქარდე...
და, როცა გზებზე გასრულდება შენი თარეში, -
ბანს გარდაევლე იოსებისას,
გაეხმე ჩემს ყრმას და ეაბეზრე,
რომ განთიადის სინეტარეში
საუწყებელი ეუწყოს ესრე:
" - შვილო, განვიგდე მძიმე უღელი,
სახარებელი უნდა გახარო:
გუნდრუკს გიკმევენ მეგუნდრუკენი,
ნავარდალო და ნაზამბახარო!
საყუდარს ჩვენსას მზემან მოხედა,
ლხინი მოვქარგე ბედის ქარგაზე
და სარბიელი მეამბოხეთა
მოვირბიე და მოვიდარბაზე;
კვალად აღვმართე მკლავი ნაცადი,
კვლავ გულმაგარმან ჟამი ვიგულე,
კაცი კაცს ვტყორცნე, კაცად-კაცადი
ხრმლით ბედაურზე ვამანდიკურე...
"სისხლი სისხლის წილ!"- რეკდა მთიები,
თვალში ჩამიდგა უცხო სიალე,
ბზეს შევუსართე გადამთიელი,
ბზე - ქარიშხალში ავაბზრიალე.
ხრმალი ჩამოვკარ, დავჭერ ზარადი, -
ისევ შემწედ მყვა ჩემი უფალი,
კვლა დავითრიე ძალის ძალათი,
ჩამოვაგლიჯე კაბა-ჯუბანი.
კემსი მივეც და... გაქრა მკემსავი,
კათხა მივეც და - ღვინო ემწარათ...
მწყემსმან დააგდო დასამწყემსავი,
ცხვარი გარბოდა დაუმწყემსავად.
გარნა თვისი გზა ვეღარ განიგნო,
ბნელში ვერ ჰპოვა ძალი მფარველი,
მე კი... ვერ ვკადრე სიტყვა სალიქნო,
ვერ განვუქარვე განსაქარველი...
თვალით გავტყორცნე ცეცხლის ისარი,
ვაშად მენიშნა ესე ნიშანი
და მოშუღართა ნასახლარებზე
ვცან მედროშენი სალმობისანი.
ხრმალი დავლესე, დაულესავი,
და, რაც დავლესე, ვაშად დავლესე:
ციხე დავლეწე, დავეც ბეჭედი
საჭურჭლესა და სანადავლეზე.
მზე გამქრალიყო... გლოვდა ტაძარი
თვისი მრევლით და თვისი მლოცავით,
კერის პირს მივდექ, - ვპოვე ნაცარი,
ჯდა ხამლიანი უხამლოსავით.
სისხლში ჩავახშე მთელი სოფელი,
მესავს უმტყუნა თვისმა სასომან:
ვეღარ შეესწრო შობას მშობელი,
ვეღარ იტვირთა თესლი საშომან;
ცამდე აღზევდა სისხლის ღრეობა,
ბნელი ვარსკვლავი აღჩნდა სანიშოდ...
დედაშვილისკენ მიიქცეოდა, -
ძრწოდა უგზოდ და უანგარიშოდ.
მაგრამ გაცუდდა მისი მცდელობა:
სისხლი წთოლავდა ჩვილის ბაგეზე...
გლოვად შეიქცა მათი სერობა,
მე - სიხარული მოვიტრაპეზე.
მოვიტრაპეზე, შვილო ჩემო, მოვიტრაპეზე...
რბევად ეწადათ უპოვართა სათვისტომონი,
გარნა, ღმერთს მადლი, - მისაგები თვითვე მიეგოთ!..
გულბორგნეულმან მოვარღვიე მათი ბომონი
და მარბიელი გარდავაგე უსარბიელოდ.
თვალწინ განმერთხა მთელი კრებული,
ახლაც წინ მიდგას მათი სახება:
მტერი ისევ გლოვს თავდაღებული
ისევ ვაებს და მევახვახება.
მგონი, ქვაც მოლბა, გალმობიერდა,
მე კი ვერ ჩავკალ ძლევის ცდუნება
და სალმობანი სალმობიერთა
კვლავ სასოებად მესალბუნება.
აჰა, ჩამიცხრა მწველი იარა,
ცამან მომაგო რძე და შაქარი,
თუ სარწყულებმა ამაწყლიანა -
ნასიცხარიდან ახორშაკალი?..
მზემ შარავანდი დაითავისა,
ისევ დღე მოდგა - შუქთა მკმეველი...
ძალმან ვერ სძლია ძალი მკლავისა,
ვერ დაგვირბია დაურეველი.
ისევ გაბრწყინდა ოქროს ლატანი,
ასრე აცხადდა შენი ზმანება:
მტერს გაუმწარდა ნაშარბათალი
და გოლეულიც ესამსალება.
ვაშად აღსრულდა ჩემი გუმანი,
მომხდურს მივუგდე შუბის ნატეხი,
ნაომარი და ნააღლუმარი
ისევ მთის კიდეს გარდმოვადექი.
მე მწყალობელმან დამამწყალობა,
მათი გოდება ქვესკნელს შთაესმა,
გმინვად გარდიქცა მათი გალობა,
მე - ამამღერა უზეშთაესმა.
უზეშთაესმა, შვილო ჩემი!.. უზეშთაესმა...
აღარც ქსელი ჩნდა, აღარც - მბეჭველი,
ჯავრი გულისა ასრე ვიქარვეთ,
დამთრგუნველი და და-ცა-მლეწველი,
ღვთის სადიდებელს წარვთქვამ - ვითარმედ:
- მტერმან სიხარული მოინაკლისაო,
მძლეობს კიპარისის ღერო...
ფრთეო ნათლისაო, ფრთეო მადლისაო,
შარავანდისაო ჩემი!..
II
მოვალ მთის ქიმზე, დროშა ქანაობს,
ხელში მიპყრიეს ოქროს სანათი,
მაგრამ ვისი ხმა თანისთანაობს,
ვინმე სიტყვება სულთათანათი?
თუმცა რა მგამა!.. ვისთან ვიდავო, -
ბნელში ჩავკრიფე მათი სულები,
სრულად დავლაშქრე არე-მიდამო
და შინისაკენ მოვეშურები
მოვეშურები, სიხარულო, მოვეშურები!
მზის სინათლეში განფენილა ჩვენი ტყე-ველი,
იქ კი... მტერი გლოვს, - სიტკბოება მოგვეშხამაო...
აჰა, ესერა, დავათხიე დასათხეველი,
გარნა გული ხმობს: - ესეც ამაო!..
საზღვარს ყოვლისას დაუსაზღვრებს ცათა უფლება,
ცათა უფლება... ჰაი, ავაჰმე!..
მაგრამ ყოველი სიბნელეში ჩაიმწუხრება,
ჩაიმწუხრება... აჰავაი, ვაი, ავაჰმე!..
გული კი დაობს, მრავალფერი უჩანს სადაო:
"ვინ მოვიხელთო, სადაური მოვისადაო!"
შენ ხმობ: - მამაო, უბედობა არა მგამაო,
ესეც ამაო, შვილო ჩემო!.. ესეც ამაო!...
მაგრამ... რად ვმონებ პირქუშ დროებას,
მღერად რად მიჩანს ბრძოლის წუთები,
თუ ამაოთა ამაოებას
ვეღარაოდეს ავეზღუდები?
თვალი ცრემლებმა რატომ დაბურდა,
ტაძრად რად მოვდექ შენდა მლოცველი,
დაბა თუ მაინც გაუდაბურდა,
თუ წარიხოცა წარსახოცველი?
...მხოლოდ შენ გელტვი, შენთვის ვიგალობ,
შენს საფიხვნოში ვჯდები მეფურად,
ჩემო ციხევ და, კლდეო პიტალოვ,
შენ გესიტყვები კვლავინდებურად;
შენთვის ძალს მაძლევს ძალი ძლიერი,
შენსკენ მომაქცევს ჩემი ოცნება
და სიხარული სულისმიერი
კვლავ სიმღერებად შეგეფრთოსნება.
გაღმით გიხმობ და შენი მშობელი,
შვილო, გულისთქმა გინატრიდაო,
ნათლად გიძღოდეს მანათობელი,
სვეტო, - ნაზარდო სინათლითაო!
სხივი შენსკენ რბის, თავზე გევლება,
მზემაც მოასწრო თვალის შევლება
და სასოების საკურთხეველზე
გესანთლება და გესაკმევლება.
წამოდექ, შვილო, - გიხმობ სმისანი, -
მრევლი არწყულე ლექსის წყაროზე,
მკლავზე ინიშნე ესე ნიშანი
და სამკლაურად იავგაროზე!
სულმან თუგკითხოს: - ვინ ვარ, რა ვარო,
ან სადაური საით დავალო! -
გულს ჩაიჭედე ჯავარდენულად,
გულჯავრიანო მამის ჯავარო!
მე კი... ჩემს მცნებას სისხლით დავიცავ,
შენც მოგიწოდებ - მამებს წარბაძო,
ბჭეო სახლის და სალოცავისავ,
სულის ბურჯო და ციხე-დარბაზო!..
თორემ ხომ გესმის, - დრტვინავს შავეთი,
ბნელ ტალანებში მრევლი გროვდება
და უხილავი მალახ-მავეთი
ყრუ ნაბიჯებით გვიახლოვდება...


