მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
განუზომელი ფერების ზოლი...
ზოგი ზღვას მოსავს, ბილიკებს - ზოგი,
სამკაულია ზოგი ახოსი...
მზემ ლაჟვარდებში მოისროლა ალმასის ზოდი
და უზრუნველად შემოიქცა ზოდიაქოში...
ჰოი, მოსულხარ საიდან სადა,
შენ, გაზაფხულის მწვანე სამოსო,
ცით რომ იღვრება, ზეთია ცათა,
თუ სურნელია სავალსამოსო...
ყვავილთ აღავსეს მთების უბე და
ტყე-გათოშილი ზამთრის სიცივით,
ზარს არისხებენ... მოაღლუმეთა
ხმა აღავლინეს პარაკლისივით...
ტყე იმოსება-კეთილი ნიმფა,
ხმობს ნაკადული - ცელქი ნინველი,
ხე - საკვირველი, ხეზე ფრინველი,
დღე - ხარებისად მოსახილველი...
... მე მოვალ მაღლით, ბარში ვეშვები,
მთით მომაქროლებს ჩემი იაბო,
რომ ლალისფერი აზარფეშები
მზის სინათლეზე ავაკიაფო.
სერზე შველი ხმობს... ხმაურობს წყარო,
ბაღში ბილილა ყვავილობს სადღაც,
დროა, მოყვასო, შენც რომ ზრუნავდე:
განუკითხავად აღავსებდე კათხაზე კათხას
დასაბამიდან აღსასრულამდე.
თორემ დრო მოვალს - თაფლიან ბარძიმს
გესლით აღავსებს მეყვსეულად ჟამი უნასი...
ხარებაც თოვს და ცრემლებიც გაწვიმს
მზის უთავბოლო ნათელბრუნვაში...
მეც ამად ვილტვი, მაღლით ვეშვები,
მთით მომაქროლებს ჩქარი იაბო,
რომ მთვარეული აზარფეშები
მზის სინათლეზე ავაკიაფო...
ჰა, ჭალებიდან გამორბის რემა,
ცეცხლი გაიღეს კლდეზე კაჟებმა,
თვალს ზარხოშები სუხარის თვლემა,
ჯამს-იაგუნდის მოზარქაშება...
აწ განვედ ჩემგან, მთვარეო, ლიზღო,
შენც აღიგავე, ბნელო ღამეო,
შენი მისნობით და უგვანი მოგვით,
ცას ერკინება ნათელი დისკო
და ერკემლები მოდიან როკვით.
მოიქეც, მზეო, მოგვესალბუნე,
კვლავ მოგვესარკე შენი ოქროთი,
მზედ ბობოქრობდი, ვაშად მოქროდი,
თუ ტოლუმბაშად მოჯადოქრობდი...
მოჯადოქრობდი, რეკდა სამრეკლო,
ზვარში მღეროდნენ ოქროს მტევნები,
ახლაც შუქს გვიმცვრევ, შუქთა მცვრეველო,
ნათელს გვიკმევდა გვესაკმევლები.
მოიმღერ მაღლით, მიჯნებს მოარღვევ,
გარდამოდიხარ, ცეცხლო ზვიადო,
რომ დამაშვრალი სულის ფსალმუნად
კვლავ სიხარული მოგვიმზიანო.


