მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი
... სად ჩაიცალა ნათლის ჩქერალი,
ცათა მისნებო, დროა გამენდოთ!..
ისევ ზამთარს წერს წერამწერალი,
მიწა გაშლილა საპერგამენტოდ. . .
აღსდეგ, გრიგალო, ღრუბლებს მიმართე,
კვესას ელვისას კალმად მოიტან....
მელნად წვიმა წვიმს დანაწვიმარზე,
სიყვად თოვლი თოვს სათოვლოიდან...
მზეო, სად მიხვალ, მიგაქვს ნათელი,
დისკოს მიდრეკ და მიადაისებ...
სხვას მოუწიე სავენახენი,
შენი ვენახი ვეღარ დაიცევ...
ჩაქრა იგი დღე, იგი ნათება...
აღარ ღუღუნებს ქარში ქედანი,
კვლავ სიძულვილი გვეგუმბათება,
ვლენ ნაშიერნი იქედნეთანი...
უსჯულოება ვითღა ვარჯულო,
ვერღა გალობენ დასნი დასურად,
მიწავ, სამოსელ-შემოძარცულო,
ცაო გაშლილო ფიანდაზურად...
თუმცა... უსმინეთ თრთოლვას იისას:
ბაღში კვლავ დავალს ძველი დროება,
მოდის მებაღე გამთენიისას,
ნათელს ელტვის და ესათნოება...
მაღლით იღვრება საღვთო შარბათი,
ზვრებს აამტევნებს ცათა სავსება
და ყვავილების სეფე-დარბაზი
მზის სანთიობოს დაემსგავსება;
იყავნ ნათელი! იტყვის მავანი...
შენ განმიდგები, ყრუო შავეთო,
ქვე მობრუნდება ზეაღმავალი,
ხმელს ენივთება სავარსკვლავეთო...
ხმელს ენივთება... დილა ისახვის,
კვლავ აღივსება ნათლის ტაგანი,
ამ საოცარი შესაქმისათვის
რის მაქნისია მოკვდავთაგანი!..
არარაისი, სულო ჩემო, არარაისი!..
შენ კი... უჩუმრად განასრულებ მწუხრის სერობას,
მზის საუფლოში წარგიძღვება ცათა მისანი
და გამიკვლევენ ტირისდენის ღამებნელობას
თვალნი შენნი ტრედისანი...
მერმე მოდგება, ნათელს მოიტან...
შენს მტილოვანში ოქრო ისახვის,
ქარს გადმოსძახებ სამრეკლოიდან:
აწ განემზადე უკუსვლისათვის!..
უკუსვლისათვის!..
უკუსვლისათვის!..
აქ კი ჟამი ხმობს, მაცნე მოელის. . .
ჰა, გარდმოეგო სვეტი მაღალი!..
ჩნდა მაყრიონი ზეგარდმოელის,
ცად ახმიანდა მუტრიბთაგანი.
ხმა ზესკნელისა ქვესკნელს შთაესმა,
ისევ ამღერდა ჩემი ვარდეთი,
კვლავ გარდმოიღო უზეშთაესმა
გაუქმებული შარავანდედი.


