შემომხვდი, ოლე, ტანალმაცერად
თეთრი შველივით მისდევდა ტოლებს.
სხვა ვერაფერი ვნახე საწერად
და თუმნიანზე დავწერე „ოლე“.
და წაველ მერე. წელიც წავიდა,
ვიღაც მოვიდა წარსულის ნაცვლად,
დღეთა მძივებმა ისევ თავიდან
ჩვეულებრივად დაიწყეს მარცვლა.
მე ბევრგან ვიყავ. ფეხით გადაველ
კავკასიონის თეთრი თავანი.
ვნახე თვალუწვდენ ქვეყნის სათავე,
ფრთებდამტვრეული ქარის სავანე.
უსაზღვრო სცენად იწვა რუსეთი,
პარტერიც ეგდო - ზღვა ათიოდე
და ღამეები ოდნავ უწესოდ
დღეების როლში გამოდიოდნენ.
და დამავიწყდა შენი ხმის ეშხი,
შენზე წუხილიც დროს გავაყოლე
უცებ კი შეგხვდი: იქ ცივ რუსეთში
თუმანს ეწერა ქართულად „ოლე“.
ნეტავ სად იყო ეს თუმნიანი!..
თბებოდა რამდენ გულების ახლოს?
სად იყო? ვისი ალერსიანი
თითების ნაზი შეხება ახსოვს?
ვის მიაწოდა მოლარემ დინჯად?
ვის გულს უსმენდა, ვის სიმარტოვეს?
პირველად მუშის საფულე სინჯა,
თუ ჰონორარში არგუნეს პოეტს?
და იგი უცებ კაცივით ვიცან
არხში, სახლებში, ტანკების ხმაში.
ის თხრიდა მარად გაუთხრელ მიწას
და ვოლგის ტალღებს აწვენდა ყდაში.
ის აშენებდა მტკვარზე თუ დნეპრზე,
ის ანათებდა ცეცხლის კიაფით.
ის ადიოდა აუვალ მთებზე,
სახეშეცვლილი, როგორც წრიაპი.
ის აქოთებდა ტაიგას ტყიანს,
რომ დაესირმა სახლების რიგით
და ჩამოსხმული შაშხანის ტყვიად
ჩემს სამშობლოსაც იცავდა იგი.
ასე დაჰქროდა ბევრის მნახველი:
მთებზე, ჰაერში, ტალღების ზემოთ.
ზედ წარწერილი შენი სახელი,
ამ ყველაფერის მოწმეა, ჩემო.
გავხედე ზეცას, მზე, როგორც ფიქრი,
აჩენდა თეთრი სინათლის ზოლებს
და კვლავ მომწყურდი, რადგან მთებს იქით
თუმანს ქართულად ეწერა „ოლე“.


