ო, რამდენ დღეთა დამღლელი რიგი
ვათიე შენთან, ოთახო ჩემო.
ცრემლებიც ისე გაწვიმდა შიგნით,
როგორც წვეთები სახურავს ზემოთ.
ვიწექი ცივი სიჩუმის გვერდით,
სატრფოს მაგიერ ყინვასთან ვიწექ,
და სიბნელეში დაღლილი გედი
ნელ - ნელა ყორნის ბალახად ვიქეც.
და როცა ჩემი სიკვდილი მიყმობს,
მიყმობს დუმილი და სასაფლაო,
მოვლენ, იტყვიან, აი, აქ იყო,
ვინც შემდეგ ყველგან დაესახლაო.
მოვლენ მაგ ვიწრო კედლების ყდაში,
გკითხავენ ღამით დაკარგულ ამბავს.
მაშინ დადუმდი, ნუ გამცემ მაშინ,
ჩემი ლექსების ფარულო სტამბავ.
ნუ გამცემ, ოხვრა ცრემლად ნადენი
რამდენჯერ ნახე, რამდენჯერ გესმა.
ნუ გამცემ, კოცნა გახსოვს რამდენი,
ან ვნებიანი რამდენი კვნესა.
თვითონ იგრძნობენ ლექსების იქით,
ფრაზების იქით ზოგჯერ რა ხდება,
იგრძნობენ, როგორ კვდებოდა იგი,
ვინც შემდეგ ყველგან დაესახლება.


