ნუთუ დამთავრდა დიდი ეპოქა,
და მხოლოდ ხურდას გვიბრუნებს წლები...
ერთი სიცოცხლე როგორ მეყოფა...
როცა მე დღეში ცხრამეტჯერ ვკვდები...
მესროლე, კიდევ, კიდევ მესროლე,
არ ამაცდინო არცერთი ტყვია...
ხშირად სიკვდილიც უშვებს შეცდომებს,
და ამგვარ სიკვდილს სირცხვილი ჰქვია...
ან ცხოვრებაში ვინ ეძებს ღალატს,
ღალატი მუდამ უეცრად მოდის...
ის თავის სახეს არასდროს მალავს,
არც არასოდეს არ იხდის ბოდიშს...
მე კი ნერვებით ცაზე ვკიდივარ,
ცას თითქოს შავი ბარხატი ფარავს...
აქ ახლოს ჭოტმა გადაიფრინა,
და გულს ფრინველის კივილი ბზარავს...
მე ავადა ვარ, წყალს თუ მომაწვდი,
თუ შემომივლი სარკმელს გავაღებ...
ახლაღა მივხვდი, თურმე დროს ავცდი,
ვერც შემოხვალ და ვერც მიღალატებ...
წესრიგს ვერ იტანს ჩემი ბუნება,
ალბათ, ამიტომ წლებიც ავრიე...
რატომ მგონია, რომ დაბრუნდება,
რაც ჩვენ უნიჭოდ დროს შევალიეთ...
მაინც ვერ ავცდი, რასაც ვუფრთხოდი,
ძვირფასო, დღეს ხომ ჩემს სულს მარხავენ...
ვიბრძოდი, თუმცა, მე არ ვმუხთლობდი...
თუ არა გჯერა, კუბოს ახადე!!!


