(ბალადა)
აონი ხატია ივრის ხეობაში
"აონ: პირქუშ ღვთის მონაწილევ: ბარისა და მთის მფარველო: ესე ზარი შემოგწირე მე: იოანე ბექაურმა: ჩ... წელსა: მიშველე, აონ“.
(წარწერა ზარზე, რომელსაც "ზარების მთავარს“ ეძახიან)
ხევსურის ბიჭმა ზარს დაჰკრა თოფი,
ამბობენ: ტყვია ზარს ვერა სჭრისო.
გამოძვრა ბერი, საყდარში მყოფი,
და გაეშურა თემისკენ ხვთისო.
- რა ამბავია? ნარბენალი ხარ!.. -
იყო შეკითხვა წამოშლილ სოფლის.
ის იდგა ჩუმი, ოხრავდა დიდხანს
და იწმენდავდა სახეს გაოფლილს.
- ალუდას ვოჟმა ზარი დათოფა!
ხალხმ უნდ გასაჯოს სასჯელი მისი.
სადაღას თემი ან ადათობა?
წაიბილწაო საყუდარ ხვთისი.
მერე ელოდა გულატკეცილი
ხალხის ნათქვამს და თავი დახარა,
მაგრამ ბიჭებში ჩადგა სიცილი,
ზოგმა ხმამაღლა გადიხარხარა.
მაშინ დასწყევლა ჭაღარამ ხალხი,
ციცაბო ბილიკს შეუდგა ხვნეშით.
...დაბინდდა, ხევში ჩაფინეს თალხი
და მზე კრუხივით ჩაეშვა მთებში.
ხეები ხეებს ეტმასნებიან,
ხევში ლოდები კაცურად სხედან,
ჩაჰყვები ბილიკს, ყველგან ქვებია,
და თავშლისგაშლა ცის ნაჭერს ხედავ.
ნაზარდა იფნი სიმაღლეს აფენს,
თურმე ბუტბუტი სცოდნია ხესაც.
ბილიკს ჩაუდის ციცაბო თავქვე.
ჩადის ბილიკი და ჩასდევს ხევსა,
დაბლა მდინარე კლდის ლოყას ალბობს,
მთაც უხილავ ხელს დაუტორია.
ამის შესახებ არაფერს ამბობს,
დუმს ისტორია.
ღამით, აონის მთა როცა
ღრუბლის ნაბადს მოიხვევს.
ცა ფითრდება ნელ - ნელა,
სადღაც ქარი ავდება.
მთვარე ისევ დაილევა,
ისე პატარავდება!
იძენძება ნისლი ცაში,
შუქი ჩნდება აისის.
იქ, აონის სალოცავში,
ბუს კივილი გაისმის.
ხესთან ნიშია: ნაწყობი ქვანი,
ლუდის ქვაბი და ირემთა რქანი,
ზარები ( ქარი აქანებს თოკებს)
ჩამომხრჩვლებივით ჰკიდიან ტოტებს.
ის აქ მოვიდა, ჩამოჯდა ქოხთან,
იღებდა მიწას, მკერდს იხუტებდა.
მერე ისმოდა მოხუცის ოხვრა
და ბაგის ჩუმი აბუტბუტება.
- ვინ დაანგრია დიდხანს ნაშენი?
თუკი გაძარცვეს, ვინღა შემოსავს?!
აონ, დიდება რა იქნა შენი,
აონ, ნათელი რატომ არ მოჩანს?
მე მიჭირს სუნთქვა...
გატეხილია შავი კარები.
ძლიერი იყავ და აწი ნუ გქნა,
მიყვარდი, მაგრამ არ მეყვარები.
გამხმარხარ, ჩემო ცხოვრების ხეო,
შენი სიმწვანე ყინვამ მოლია.
ძაღლიც შეღმუის ცას: მიშველეო,
მაგრამ საშველი მაინც შორია.
მოსწია თოკებს პატარა ზართა,
გაისმა რეკვა: გვიშველე, ცაო!
გაცურდა ეხო და გაიზარდა
- აონ!
აონ!
აონ!..
გრიგალი სწეწდა ღრუბელთა ხვეულს,
ქუხდა და ელვა ანთებდა ხანძარს,
ხან შოლტსა ჰგავდა, ხან ლახტს მოქნეულს,
ხან გასაგმირად ამართულ ხანჯალს.
მთების მახლობლად ჩამოჰკრეს კვესი,
დაეცა მუხას მეხი ტიალი,
ხეობას გაჰყვა წივილით, კვნესით
ზარის რეკვა და კაცის ღრიალი.
- რად არ მიუზღავ მტერს, თუ გაქვს სული?
შელანძღა ნიში, ხატიც ჩაწიხლა.
გამოიტანა ქოხიდან ცული
და ნაჯახის ხმა ისმოდა დიდხანს.
დაეცა ცაცხვი... მერე ხევებში
გაბმით ისმოდა ზართა ჟრიალი,
ვიღაც გარბოდა მოსახვევებში,
ვიღაც გიჟი და თვალჟინჟღლიანი.
გარბოდა იგი: ჩქარი, საზარი...
გარბოდა იგი გული სტკიოდა,
თითქოს მისდევდა დაჭრილი ზარი,
მისდევდა ზარი და მიჰკიოდა.
წინ გადაუდგა მორბენალს ხევი
და კლდეებს შერჩათ ჩოხის ნახევი.
გადმოსულიყო წყალი პატარა,
ღამეც გაფრინდა როგორც ქედანი,
მერე იორმა ჩამოატარა
თავგაჩეხილი კაცის ცხედარი.
...ამბობენ: როცა სინათლის მძივი
მოაზარნიშებს წყლის ნაპირებსო,
მოხუცის ლანდი, ტანდაძონძილი,
მიდის ნიშთან და ღმერთს აგინებსო.
ღმერთს აგინებს და ბაგენი თრთიან,
დგას კედელივით ნესტიან ქარში.
მერე იკიდებს ზარებს ერთიან
და სამჭედლოსკენ გამოსწევს ბარში.


