ცხვრის ერთ ფარას ცხვრები შეეჩვივნენ ცხვრის ტყავში გახვეულნი. დღისით ცხვრებთან ერთად "ძოვდნენ", კიკინიც ისწავლეს, ცხვრისებრი ბღავილიც, მწყემსის სალამურზე კუნტრუშიც, ხოლო ღამღამობით ფარეხში ყოფნისას დაერეოდნენ ფარას, ცხვრებს ყელს დაღადრავდნენ, მახლობელ ტყეში მიათრევდნენ საწყალობელთ და ავახშმებდნენ მათ თავიანთ თვისტომთ.
ამ ფერის მწყემსი მხედველობასუსტი იყო, ამადაც ვერ არჩევდა მგელს ცხვრებისაგან, (თუმც ზოგის აზრით იგი განგებ იბრმავებდა თვალებს მგლების შიშით).
ძაღლები დასაგლეჯად ეტენებოდნენ ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს, მაგრამ მწყემსი კომბალს უღერებდა და უგერიებდა, არიქა, ჩემი საყვარელი ცხვრები არ დამიგლიჯოთ, ხალხი რას იტყვის, ხომ გაუტყდებაო ჩემს ფარეხს სახელი.
მაშინ ერთ-ერთმა ნაგაზმა უთხრა მწყემსს: "დროა გამოფხიზლდე, განა ვერ ხედავ, ფარა გაგინახევრეს, მალე სულ გაგინადგურებენ, მერე შენც მოგდგებიან შესაჭმელად და ჩვენ ვეღარას გიშველითო".
მაინც არ დაუჯერა მწყემსმა. ერთ რამეს მგლებმა გული იჯერეს ცხვრის ხორცით, მერმე თქვეს: მოდით, ადამიანის ხორციც გავსინჯოთო, შეუცვივდნენ მწყემსს და გადასანსლეს ოჯახიანად. ასე დამთავრდა ფარეხის კეთილი სახელისათვის ზრუნვა.


