ერთხელ ფრინველებმა ნახეს, რომ არწივი ბუზებს იჭერდა. მათ დიდად გაიკვირვეს თავიანთი მეფის ეს უცნაური საქციელი და შეჰკადრეს: "ეგ ვერაფერი გასართობი გიპოვნია, მაგ საქმეს ხომ მერცხალიც იოლად აუდისო".
არწივმა მიუგო: "ამ ბუზებში ზოგი ისეთი შხამიანი ურევია, რომელთაც თვით მერცხალიც ერიდება და რომელნიც დიდ საფრთხეს უქადიან ჩემს მოყვას ფრინველებს, ამიტომაც გადამიდიაო ეგზომ უღირსი საქმიანობისთვის თავი".


