რას იტყვი, ვითომ იქნება ისეთი ქალაქელი ბავშვი, საშაქარლამოში რომ არ ყოფილიყო? რაღაც არა მგონია. მაშ, აბა ვერცხლის ქაღალდში გახვეული კვერცხებიც გეცოდინება. ანდა რა ცოდნა უნდა - რომელ საშაქარლამოს ვიტრინაშიც შეიხედავ, სუყველგან აწყვია.
მარტო შენ კი არა, ის კვერცხები ალბათ ბევრ სხვასაც უჭამია და შიგ ჩადებული პაწაწკინა თოჯინა და ქეთლიც ზედ მიუყოლებია. ჰო, როგორ არა, შიგნით ციცქნა სათამაშოც არის ხოლმე. კბილი მოხვდება თუ არა, გატეხილი თხილის გულივით ჩაგივარდება პირში.
რაღა შორს მივდივარ, მგონი, შარშან იყო... პროფესორმა ტიბოლამაც სწორედ ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული შოკოლადის კვერცხები მიუტანა თავის პატარა შვილებს.
აიღო ერთი ცალი, დაადო დანა, მოდი ვნახოთ, რა არის შიგ დამალულიო, და... აბა, თუ გამოიცნობ რა იყო? არა, არც თოჯინა გადმომხტარა და არც ჩიტი გამოფრენილა. სკუპ, სკუპო, და ბამბის ქულასავით თეთრი წიწილა იყო.
აი, როგორც შუაზე გაჭრილი ვაშლი ნახო, ისე ჰგავდა ჩვენებურ, კრუხის გამოჩეკილ წიწილას, ოღონდ თავზე კოკროჭინა მუზარადი ეხურა და ზედ ორწვერა ტელეანტენა ერჭო.
კვერცხიდან წიწილის გადმოხტომა და პროფესორ ტიბოლას ოჯახის დაწიოკება ერთი იყო. უიმეო, აღმოხდა სუყველას ერთად და ენა მუცელში ჩაუვარდათ.
წიწილამ კი მომდურავივით მოავლო თვალი იქაურობას და მუზარადიანი თავი გააქნ-გამოაქნია - ძალიან ჩამორჩენილხართ ეს დედამიწელი ხალხიო.
- აქ ჯერ თურმე კვირაა, - წივწივებდა წიწილა, - იქ მარს-8-ზე კი უკვე ოთხშაბათია.
ამ თვისა? - ჰკითხა პროფესორმა ტიბოლამ.
- არა, რას ბრძანებთ! მომავალი თვის ოთხშაბათი, რასაკვირველია. წლებს ხომ ნუღარ იტყვით, მთელი ოცდახუთი წელიწადით წინა ვართ.
ლაპარაკ-ლაპარაკში წიწილა მაგიდაზე შეფრინდა და ახლა იქიდან მოჰყვა წიავ-წიავს, რა საწყენია, რა დასანანიაო.
- რა იყო, ეგრე რამ გაგაბრაზა? - ჰკითხა სინიორა ლუიზამ, პროფესორ ტიბოლას ცოლმა.
- რამ გამაბრაზა და ხომალდი დამიმსხვრიეთ, ამაზე მეტი გასაბრაზებელი
რაღა გინდათ? - დაიწივლა წიწილამ. - რა ვქნა, რიღათი დავბრუნდე იმ ჩვენს პლანეტაზე?
- რაო, რაო? - ვეღარ მოითმინა პროფესორმა ტიბოლამ, - რა ხომალდზე ლაპარაკობ? ეგ კვერცხი დღეს დილით ვიყიდე საშაქარლამოში
- არაფრის გაგება არა გქონიათ, - სიტყვა გაუტრიზავა წიწილამ. - ეს კვერცხი კი არა, ნამდვილი კოსმოსური ხომალდია. შოკოლადის კვერცხს განგებ დავამგვანეთ, თქვენი თვალის ასახვევად. მე ამ ხომალდის მეაური ვარ, კაპიტანი, დედამიწაზე წიწილის ნიღბით მოვლენილი...
- მაშ, თუ ეგრეა... თქვენი ეკიპაჟი სადღაა?
- ჩემი ხომალდი ერთადგილიანია და ამიტომ ეკიპაჟიც მე ვარ და მეთაურიც.
თუმცა რაღა ვარ, ვიცი, აუცილებლად ჩამომაქვეითებენ! პოლკოვნიკობა თუ მაკმარეს, დიდი ბიჭობაა.
- კაი ჩამოქვეითებაა, მე და ჩემმა მზემ! - გაიკვირვა პროფესორმა ტიბოლამ.
- სად კაპიტნობა და სად პოლკოვნიკობა?!
- ეგ დედამიწაზეა, გენაცვალე. აქ, ვხედავ, ყველაფერი პირიქით არის. ჩვენს პლანეტაზე კი - ყველაზე დიდი წოდება უბრალო მოქალაქეობაა... ეჰ, ნეტა რა მალაპარაკებს, დავალება შეუსრულებელი დამრჩა.
- ძალიან ვწუხვარ და გვწყინს კიდეც ეგ ამბავი, მაგრამ რით დაგეხმაროთ, როცა არ ვიცით, რა დავალება გქონდა.
- მე თვითონაც არ ვიცი და თქვენ რა გითხრათ! ხომალდიანად იმ საშაქარლამოს ვიტრინაში უნდა ვმჯდარიყავი, სანამ ჩვენი საიდუმლო აგენტები ხმას არ მომაწვდიდნენ.
- უყურეთ ერთი ამას! - შუბლი მოიჭმუხნა პროფესორმა. - მაშ საიდუმლო აგენტებიცა გყავთ დედამიწაზე?! მერე არ გეშინიათ, რომ წავიდე და... ყველაფერი პოლიციას ვუამბო!
- უამბეთ რა! ეტყვით თუ არა, შინ კოსმონავტი წიწილა გვყავსო, სუყველა მასხარად აგიგდებთ.
- შენც მართალი ხარ. მაშ, სანამ მარტონი ვართ და უცხო არავინ მოსულა, იქნებ ცოტა მეტი გვითხრა, ვინ არიან ეგ თქვენი საიდუმლო აგენტები და რა უნდათ.
- რა უნდათ და ის ეკიპაჟი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ამ ოცდახუთი წლის მერე გაფრინდება მარს-8-ზე.
- ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით, სად მდებარეობს ეგ მარს-8.
- აკი გითხარით, ბატონო პროფესორო, ოცდახუთი წლით წინა ვართ-მეთქი.
ჩვენ უკვე სახელიც კი გაგებული გვაქვს იმ მეთაურისა, ვინც დედამიწელთა კოსმოსურ ხომალდს მარს-8-ზე მიიყვანს.
- რა ჰქვია, ხომ ვერ გვეტყვით?
- რა ჰქვია და, ჯინო!
- ბიჭოს, ჩემი სახელი რქმევია! - შესძახა პროფესორ ტიბოლას პატარა ვაჟიშვილმა.
- არა, უბრალო დამთხვევაა, - ცოტა არ იყოს, აგდებულად თქვა წიწილამ. - ისე კი, იმას ნამდვილად ჯინო ერქმევა და ოცდაცამეტი წლისა იქნება. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ამჟამად ის დედამიწაზე ცხოვრობს და რვა წლის ბიჭია.
- ჩემხელა ყოფილა! - სიხარულით შეხტა და შეითამაშა ჯინომ.
- დამაცადე, პირში ნუ მეჩრები! - ბრაზიანად დაუტია წიწილამ. - როცა იმ ჯინო ბიჭის გარდა, ეკიპაჟის სხვა დანარჩენ წევრებსაც ვიპოვით, სუყველას ერთად უჩუმრად ვადევნებთ თვალყურს და, როგორც წესი და რიგია, ისე აღვზრდით კიდეც.
- რაო? რაო? - მოთმინების ფიალა აევსო პროფესორ ტიბოლას. - იქნება ისიც გვითხრა, შვილების აღზრდა არ იცითო.
- ვითომ კარგა ზრდით? - შეეპაუხა წიწილა. - აბა, რომელი თქვენგანი ჩააგონებთ, მეოცე საუკუნე მეცხრე ცაზე გაფრენ-გამოფრენის საუკუნეა და სწორედთქვენ უნდა წახვიდეთ ვარსკვლავებზეო? აბა, რომელი ასწავლით, მარტო დედამიწისანი კი არა, მთელი სამყაროს მოლქალაქენი ხართო? განა გითქვამთ როდისმე, აგიხსნიათ, სიტყვა "მტერი" დედამიწის იქით აღარ არსებობსო? რა ვიცი, რამდენი რამ ჩამოვთვალო...
- ბოდიში, პატივცემულო მეთაურო, - სიტყვა შეაწყვეტინა სინიორა ლუიზამ. - გვარიც ხომ არ იცით იმ თქვენი ჯინო ბიჭისა?
- ლაპარაკის დროს მეტი სიზუსტეა საჭირო, ქალბატონო. თქვენი ჯინო ბიჭისა კი არა, ჩვენი ჯინო ბიჭისა-თქო, უნდა გეთქვათ. როგორ არა, გვარიც ვიცით. ის ბიჭი ჯინო ტიბოლაა.
ამის თქმა იყო და პროფესორის შვილი სკამზე შეხტა, ხელები გაშალა და აყვირდა, ჯინო ტიბოლა მე ვარ, ვაშა, ვაშაო.
- ჯერ რა დროს ვაშას ძახილია! - ამწვიტინდა სინიორა ლუიზა. - დედ-მამას აღარ ეკითხები?! ვინ გიშვებს, რომ მიდიხარ!
წიწილა კი გახარებული შეფრთხიალდა და ხელზე დააჯდა ჯინოს. - ვაშაა! - რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წიოდა წიწილა. - დავალება შესრულებულია! ჯანდაბას, შინ ოცდახუთი წლის მერე მაინც მივბრუნდები.
- ამ კვერცხს რაღა ვუყოთ? - აწრიალდა ჯინოს პატარა და, რომელსაც სულ იმ კვერცხისაკენ ეჭირა თვალი.
- რა უნდა ვუყოთ და შევჭამოთ! - თქვა ჯინომ და დასწვდა.
თქმა და შეჭმა ერთი იყო.
* * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი


