კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 21:43

სანამ ყველგან არ გათავდა ომი, ჯარისკაცი ვინჩენცო და ჯაკომო შინ არ გამოუშვეს. საწყალი ნახევარი კაციღა დაბრუნდა. რა შოვნა, რის შოვნა! გასაცოდავებულს ერთი ხელი შემოგლეჯილი სამხედრო ტანსაცმელი, ხველება და ერთი ჯარისკაცის თხელი, გატრუსული საბანი ჩამოჰყვა.

რახან ცოცხალი ჩამოვედი, ჯანდაბას, მალე ალბათ მოვიკეთებ და ცოტა გვეშველებაო, იმედიანად უთხრა ჯანგატეხილმა თავისიანებს. მაგრამ მოიკეთა კი არა, ხველებამ სული აღარ მოათქმევინა და სამი თვის თავზე წუთისოფელს გამოასალმა კიდეც.

უბედურს, იმ თავისი ძველი, გატრუსული საბნის გარდა, ცოლ-შვილისათვის სხვა რამ თითზე გადასახვევიც არა დაუტოვებია რა. სამ ობოლს გაზრდა არ უნდოდა!

ნაბოლარა ბიჭი ჯერ ხუთისაც არ იყო. აქაოდა პატარააო, მამის საბანი იმას ერგო.

გაეხვეოდა ხოლმე პატარა ბიჭი საღამოობით მამის ნაქონ საბანში და თვალცრემლიანი დედაც ერთსა და იმავე გაუთავებელ ზღაპარს უყვებოდა. ზღაპარში მზეთუნახავი ცხოვრობდა. იდგა და ერთ მთლიან დიდ საბანსა ქსოვდა. ის საბანი სუყველა ბავშვს უნდა გასწვდენოდა, ვინც კი დედამიწის ზურგზე სიცივით ძაგძაგებდა.

მაგრამ ყოველთვის ერთ ვიღაცას ვეღარ სწვდებოდა. ცოტა მაინც დამაფარეთ, გამათბეთო, მწვიტინებდა საბანს გარეთ დარჩენილი.

მზეთუნახავი ძველს არღვევდა და უფრო დიდი საბნის ქსოვას იწყებდა, რადგან გადაკერება არ შეიძლებოდა, საბანი ერთიანი უნდა ყოფილიყო. დღედაღამ თავაუღებლივ ქსოვდა, არც თვალებს ასვენებდა, არც ხელებს და პატარა ბიჭი მუდამ ზღაპრის დამთავრებამდე იძინებდა. ვერა და ვერ გაიგო, რა ქნა, მოქსოვა თუ არა მზეთუნახავმა ის ყველას სამყოფი საბანი.

პატარა ბიჭს ჯენარო ერქვა, თავის დედასთან და ძმებთან ერთად კასინოს ახლო ცხოვრობდა. კასინოს მხარეს საერთოდ ცივი ზამთარი იცის, იმ წელიწადს კი მე-ტისმეტი ყინვები დაიჭირა. ობლები ჯერ ისედაც შავ დღეში იყვნენ, ახლა დედაც ლოგინად ჩაუვარდათ. უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო, სწორედ ისე მოუვიდათ.

ამ პატარას რა ვუყოთ, თორემ ჩვენ რაღაცას ვიზამთო, იფიქრეს ძმებმა. მერე დედასაც ჰკითხეს და გადაწყვიტეს, იქნებ სადმე გავაბაროთო. ადგნენ და იღბლად ერთ მამის ნაამხანაგარ კაცს მიუყვანეს, იმსახურე და პურიც აჭამეო.

ის კაცი თავისი დანჯღრეული ფორნით სოფელ-სოფელ დადიოდა. აყრილი იყო, არც სახლი ჰქონდა, არც კარი, ცოლ-შვილიც მიბმულივით უკან დაჰყავდა. სადაც მივიდოდნენ, ქუდსაც იქაურს იხურავდნენ: ზოგან მათხოვრობით შოულობდნენ ერთ-ორ კაპიკს, ზოგან არღნის ჭყვიტინით, ზოგან კი გზადაგზა ჰაიჰარად დაწნულ მანეულის კალათებსა და გოდ- რებს ასაღებდნენ.

ჯენაროს თუთიყუშიანი გალია ჩააბარეს. თუთიყუშის წინ პატარ-პატარად დაკეცილი ქაღალდებით გატენილი ყუთი იდგა. ვისაც თავისი ბედ-იღბლის გაგება უნდოდა, ცოტა შავი ფული უნდა გაემეტებინა და ჯენარო თუთიყუშს თვალით ანიშნებდა, მაგას მიაწოდეო. ისიც ყუთს უმალ ნისკარტს დაჰკრავდა, ამოიღებდა ერთ ქაღალდს, რომელიც მოხვდებოდა, და მიაწვდიდა. ზედ კოხტად იყო ჩაწიკწიკებული:

ამა და ამ დროს ამასა და ამას მოელოდეო. მომეტებულად კი კარგ ბედ-იღბალს წინასწარმეტყველებდა თუთიყუში და ხალხიც ბლომად ეტანებოდა.

ხან ისეთ სოფელში მივიდოდნენ, სადაც იმათზე უარესად გაჭირვებულნი ცხოვრობდნენ და რამეს იქით თუ მისცემდნენ, თორემ ისინი არავის გამკითხავნი არ იყვნენ. სანამ იქიდან სხვაგან სადმე არ წავიდოდნენ, ჯენარო თავის თუთიყუშიანად ცარიელა პურსა და წყალზე რჩებოდა. სამაგიეროდ, ღამღამობით უნდა გენახა, რა

ბედნიერი იყო, როცა თბილად დაიხურავდა მამის ნაქონ ძველ საბანს, ჯერაც რომ არ გასცლოდა ოფლისა და თოფისწამლის სუნი. ჩაიძინებდა თუ არა, სიზმარში თუთიყუში ეწვეოდა, ჩამოუჯდებოდა გვერდით და საკვირველ ზღაპრებს უყვებოდა.

მამის ნაამხანაგარ კაცს თავისი საკუთარი შვილივით უყვარდა პატარა ჯენარო.

ფორნის ჭრიალში ხან ამ მთისას უამბობდა, ხან იმ მთისას. ზოგჯერ მამაზეც ჩამოუგდებდა ხოლმე სიტყვას და ომის ამბებს იგონებდა, აქა და აქა ერთად ვიბრძოდითო.

ხანაც გულის გადასაყოლებლად კითხვას ასწავლიდა. გზა-გზა ბოძებზე მიწერილ სოფლების სახელებს უმარცვლავდა.

- აი, ნამგალივით მოღუნულ ასოს ხედავ? - ეუბნებოდა, - მაგას ანი ჰქვია.

ის ნალივით ასო კი ინია. აბა დააკვირდი! რაღა სანი და რაღა მეცხვარის კომბალი.

ჯენაროც გულისყურით უკვირდებოდა, გონებაში იბეჭდავდა და იმახსოვრებდა. იმ ღვთისნიერმა კაცმა მერე რვეული და ფანქარიც უყიდა, რა წარწერასაც კი მოჰკრავდნენ თვალს, ყველაფერს რვეულში აწერინებდა.

პატარა ბიჭი სულ იმის ნატვრაში იყო, ნეტავი როდის იქნება, ისე დავწერო, შეცდომა არ მომივიდესო. ბევრი ეცადა თუ ცოტა ეცადა, ერთ მშვენიერ დღეს მართლაც უშეცდომოდ ჩააწიკწიკა თავისი სახელი და გვარი.

მარტომ დაწერა, არავინ დახმარებია! სიხარულით ფეხზე აღარ იდგა და ყველაზე ლამაზი სიზმარიც იმ ღამეს ნახა მამის ძველ საბანში გახვეულმა.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen