ყველაზე უფრო სავსე ბავშვობაში საყვარელ წიგნთან გატარებული დღეები იყო.
მაშინ ასე გვეგონა, რომ არც ვცხოვრობდით. ყველაფერს, რითაც სხვები ამ დღეებში თავს იქცევდნენ, ჩვენ ისე ვიშორებდით, როგორც ღვთაებრივი ნეტარების წინ გადაღობილ უხამს დაბრკოლებას: მეგობარს, სათამაშოდ რომ შემოგვირბენდა ყველაზე საინტერესო ნაწყვეტის კითხვისას; აბეზარ ფუტკარს ან მზის სხივს, წიგნს რომ მოგვწყვეტდა ან ადგილს გვაცვლევინებდა...
ვინ არ იხსენებს არდადეგებზე ამგვარ კითხვას, რომლისთვისაც დღის ნებისმიერ დროს, საკმაოდ უშფოთველ წუთებში განმარტოებულნი, ხან სად ვიმალებოდით და ხან - სად, რომ თავშესაფარი მოგვეძებნა.
დილით, როცა ყველა სეირნობდა, პარკიდან დაბრუნებული სასადილო ოთახში შევიპარებოდი ხოლმე. საუზმემდე ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო დარჩენილი...
აქ ჩემი თანამოძმეები შეკრებილიყვნენ - კითხვის დიდი პატივისმცემლები - კედელზე ჩამოკიდებული ფერადი თეფშები, კალენდარი წინა დლის ახლად ამოგლეჯილი ფურცლით, საათი და ცეცხლი, რომლებიც მელაპარაკებოდნენ და პასუხსაც არ მოითხოვდნენ; რომელთა უწყინარი, ტკბილი საუბარი ადამიანის ხმასავით როდი თრგუნავდა წაკითხულ სიტყვებს.
სკამზე მოვიკალათებდი ხოლმე ბუხართან, პატარა ცეცხლისპირას... საუზმემდე, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლოს მოუღებდა კითხვას, ჯერ კიდევ ორი საათი იყოდარჩენილი!
საუზმის დამთავრებისთანავე წიგნს მივაშურებდი, განსაკუთრებით, თუ თბილი დღე იდგა; ყველა თავის ოთახში მიდიოდა „მოსასვენებლად“ და შემეძლო მაშინვე ავსულიყავი პატარა კიბით მეორე სართულზე ჩემს ოთახში...
აი, უკანასკნელი გვერდიც და წიგნი დამთავრებულია. უნდა შეაჩერო გამალებული თვალი, ხმა, - მდუმარედ რომ მიჰყვებოდა თვალს... მაშინ ფეხზე ვდგებოდი... საწოლის გასწვრივ დავდიოდი...
როგორ? სულ ეს იყო? ამ ადამიანებს ცოცხლებზე მეტ ყურადღებასა და სიყვარულს მივაგებდით, ყოველთვის ვერც ვბედავდით, გვეღიარებინა, თუ როგორ გვიყვარდა ისინი; მაშინაც კი, როდესაც კითხვისას მშობლები შემოგვისწრებდნენ და ეღიმებოდათ ჩვენს ემოციებზე, ნაძალადევი გულგრილობით ვხურავდით წიგნს, აქაოდა, მოგვწყინდაო;
ვეღარასოდეს შევხვდებოდით ამ ადამიანებს, რომელთა გამო სუნთქვა გვეკვროდა და ვქვითინებდით, მათ შესახებ ვეღარაფერს შევიტყობდით...
როგორ გვინდოდა, რომ წიგნი გაგრძელებულიყო, და თუ ეს შესაძლებელი გახლდათ, სხვა ამბები მაინც შეგვეტყო ყველა პერსონაჟზე, შეგვეტყო რამე მათი ახლანდელი ცხოვრების შესახებ...
მთარგმნლები: სოფიკო ბენდიაშვილი; ნინო ქაჯაია


