(ნაწყვეტები)
ერთხელ გიორგი ერისთავი მივიდა დიმიტრი ყიფიანთან და ნახა, რომ დივანზე გადაწოლილი მასპინძელი წიგნს კითხულობდა და გულით იცინოდა.
- რა ამბავია, ბ. დიმიტრი, რომ მაგრე ხარხარებ?
- უკაცრავად, ბ. გიორგი, რომ ამ წიგნმა გამიტაცა და გვიან შეგნიშნეთ!.. ერთ რუსის მწერალს, ვინმე პისემსკის, დაუწერია კომედია და „გაყრა“ დაურქმევია. საუცხოვოთ არის შიგ ჩასახული ხასიათი, ზნე და ჩვეულება რუსეთის მებატონეების. მონაწილეები, რომ ერთმანეთს მეტ-ნაკლებობა არ დაუთმონ, შალს... წამოსასხამ შალს შუა სჭრიან! საზოგადოდ ძალიან ხელოვნურად, მოსწრებულად და სასაცილოდ არის შეთხზული. ჩემო მგოსანო, შენც ამგვარი რამ დაგვიწერე, თუ შეგიძლია, ჩვენის ცხოვრებიდან!
სტუმარმა მოუსმინა, ჩამოართვა წიგნი და გაუდგა გზას სოფლისაკენ. არ გაუვლია დიდხანს, რომ ისევ ქალაქში დაბრუნებულმა მგოსანმა ჩაუტანა და აჩვენა დიმიტრის ქართულად შეთხზული კომედია „გაყრა“, რომელსაც დღესაც კიდევ საპატიო ადგილი უჭირავს რეპერტუარში.
დიმიტრიმ რომ გადაიკითხა ეს შესანიშნავი ნაწარმოები, იმავე დღეს შეატყობია ბ. მთავარმართებელს. მაშინ მთავარმართებლად იყო მიხეილ სვიმონის ძე ვორონცოვი; გადაათარგმნია რუსულად დიმიტრისავე ის პიესა და აღტაცებაში მოსულმა უთხრა ცოლს: „აი, როგორ მართლდება ჩემი შეხედულება ქართველებზე! ისინი, როგორც ძველი, განსაკუთრებული ხალხის ჩამომავალნი, მარტო სამხედრო სარბიელზე კი არ იჩენენ ნიჭს, სამოქალაქო სარბიელზედაც შეუდარებელი არიან!.. აი, ახლაც ერთ ერისთავს დაუწერია კომედია ქართული ცხოვრებიდან და მოლიერის და გრიბოედოვის სიმაღლემდე ასულა!.. მე მინდა, რომ ეს ჩემი აღტაცება მთელ ქართველობას გავუზიარო! უნდა როგორმე წარმოვადგინო ეს პიესა!!."
მეორე დღესვე დაიბარა მთავარმართებელმა ავტორი ერისთავი და გადასცა, რასაც აპირებდა. - ჩემ სასახლეს დაგითმობო, - უთხრა, - შევჰყაროთ სცენის მოყვარეები და „გაყრა“ წარმოვადგინოთ.
ერისთავმა მოახსენა: კაცებს ადვილად ვაკისრებიებ სცენაზე გამოსვლას, მაგრამ ქალების კი, რა მოგახსენოთ!.. ქართველი ქალი საზოგადოდ მორცხვია და სცენა ეთაკილებაო!..
- ეგ არაფერია, - უბრძანა მთავარმართებელმა, - განათლებულ ევროპის ქვეყნებშიაც ეგრე ყოფილა, მაგრამ დღეს უპირველესი გვარიშვილები გამოდიან სცენაზე და ემსახურებიან ხელოვნებას... აქაც მე ვსთხოვ კნეინა ქეთევან ორბელიანისას, გადავსცემ ჩემს განზრახვას მანანა ორბელიანისას და ისინი ითავებენო!.. მართლაც შედგა გუნდი და კიდევაც წარმოადგინეს პირველად „გაყრა“ სასახლეში... წარმოდგენამ მშვენივრად ჩაიარა, მით უფრო, რომ ის სანახაობა იყო საქართველოში პირველი და აღტაცებაში მოიყვანა არა მარტო მაყურებლები!
ელვის სისწრაფით მოეფინა ამბავი მთელ დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ყველგან და დიდხანს სულ იმ უცხო რამეზე ლაპარაკობდნენ ოჯახებში და, მე მგონია, რომ ამას დიდი გავლენაც ჰქონდა!..
მე მაშინ თორმეტის წლისა ვიყავი. რასაკვირველია, თეატრი არსად მენახა, მაგრამ ნაამბობით ისე ვიყავი გამსჭვალული, რომ მეც ვითომ კომედია დავსწერე – „მოურავი“, სადაც ჩემი ოჯახის შინაური ამბავი იყო გამოყვანილი...
ძველისძველ აფიშაზე ორი სპექტაკლის მონაწილეთა გვარებია ჩამოთვლილი. მათში პროფესიონალი მსახიობი არავინ ყოფილა.
როგორც აფიშა გვაუწყებს, პირველ სპექტაკლში მონაწილეობა მიუღია და თავისი როლი „ფრანციცულად“ უთამაშია თავად ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს, მეორეში კი – დიმიტრი ყიფიანს (მას ივანე დიდებულიძის როლი შეუსრულებია).
იმხანად დონდუკოვ-კორსაკოვი მთავარმართებელი ვორონცოვის ადიუტანტი იყო, ხოლო დიმიტრი ყიფიანი - მეფის ნაცვლის საბჭოს კანცელარიის მმართველი. იმ ღირსსახსოვარ დღეს ისინი, როგორც ვორონცოვის მიერ ჩაფიქრებული ორაქტიანი წარმოდგენის მონაწილენი, ერთმანეთს კეთილგანწყობას ალბათ ტაშის დაკვრით უდასტურებდნენ. მაშინ, აბა, ვინ იფიქრებდა, მთავარმართებელთან დაახლოებული ორი პიროვნების ურთიერთობა მწვავე დაპირისპირებაში რომ გადაიზრდებოდა.
1882 წელს მთავარმართებლის ყოფილი ადიუტანტი საქართველოს თავად მოევლინა მთავარმართებლად და ქართულ ენას, კულტურას, განათლებას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.
სახელმწიფო სამსახურისგან განრიდებულ დიმიტრი ყიფიანს მან ვერ აპატია ეგზარქოს პავლესადმი მიწერილი მამხილებელი წერილი და ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა იგი სტავროპოლში გადაესახლებინათ.
1886 წელს 25 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი მუხანათურად მოკლეს. მაშინვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მკვლელობა რუსულმა მმართველობამ მოაწყო (ფიქრობდნენ, რომ ამ საზარელ დანაშაულში დონდუკოვ-კორსაკოვსაც ჰქონდა თავისი წვლილი შეტანილი).
დონდუკოვ-კორსაკოვმა ვერც დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ მოისვენა. ყველაფერი იღონა, რათა დიდი მამულიშვილის დაკრძალვის ცერემონიალი ეროვნულ მანიფესტაციად არ გადაქცეულიყო, მაგრამ ვერაფერს გახდა.
მადლიერმა ქართველობამ მოწამებრივად აღსრულებული მოღვაწე გრძელი გზით აასვენა მთაწმინდაზე და იქ მიუჩინა სამარადჟამო განსასვენებელი. მთავარმართებელს ისღა დარჩენოდა, მხოლოდ ბოღმა ენთხია;
პეტერბურგს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მან აღნიშნა, რომ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე „სასაფლაოების ნაფიცმა ორატორმა“ აკაკი წერეთელმა სიტყვა წარმოთქვა და განსვენებულის საზოგადოებრივი დამსახურება „უსაშველო გაზვიადებით“ წარმოადგინაო.
სამიოდ წლის შემდეგ მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი საქართველოდან გაიწვიეს, მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის საფლავის ხარიხებზე კისულ ახალი და ახალი ხელმოუწერელი წარწერები ჩნდებოდა: „მოძმისთვის თავდადებულო, დიდება სახელსა წმიდასა შენსა!“ „აი ემსხვერპლა გმირი თავდადებული
ჩუმად თავის სამშობლოს"; „ჩემო დიმიტრი, შენს სისხლს შვილები ამოიგებენ!" „ეს საფლავი სალოცავია ყველა ქართველისათვის“; „შენი სიკვდილით გვიჩვენე მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს“; „დიმიტრი, გთხოვთ უფალს შეატყობინო ჩვენი დღევანდელი ტანჯვა-წვალება"; „საქართველოსთვის თავდადებული არ არის მკვდარი - ჩვენ შუა მეფობს!“
შენიშვნა: "გაყრის პირველი წარმოდგენა გაიმართა არა სასახლეში, როგორც ა.წერეთელი წერს, არამედ თბილისის გიმნაზიის შენობაში.


