დიდი ხნის წინათ, ორმოცდაათზე მეტი წლის წინათ, ქარი უბერავდა, თან წვიმდა... ჩვენ კიდევ, ტოლები, გიგა, დათა და მე, ქვრივიშვილების დიდი სახლის კედელში გარედან გამოკვეთილ ბუხრისმაგვარ სასანთლე ნიშში ვისხედით.
ნიშში სიმშრალე იყო, სითბოც. დათამ ერთი გრძელი ზღაპარი იცოდა, „ზაია-ზაიასი“, იმ ზღაპარს გვიყვებოდა - ერთ კუდიან ბებერს ხელსაფქვავი ჰქონდა, დაატრიალებდა იმ ხელსაფქვავს, მიაყოლებდა, - ზაია, ზაია, ზაიაო, - გადმოცვივდებოდნენ კომბლიანი ყაჩაღები და, რასაც ბებერი მოისურვებდა, ყველაფერს უსრულებდნენ, რა საჭმელი უნდოდა - მურაბები, ქადები, ტორთები.
- თქვა დათამ „ტორთებიო“, და გიგამ იკითხა: - გიჭამიათ ტორთიო? - დათას არ ეჭამა, არც გიგას. მეც არ მეჭამა, მაგრამ მამაჩემი მოსამსახურე კაცი იყო, ქალაქში ხშირად დადიოდა, მშობლების ღირსების შელახვას მოვერიდე და ვიცრუე - მე მიჭამია-მეთქი.
გიგა და დათა საწყლური თვალებით შემომაჩერდნენ: - როგორი გემო აქვსო? - მე დავიბენი. მერე ერთ წამში გავიხსენე, რაც ტკბილი და გემრიელი მეჭამა, და ცოტა ყოყმანით, მაგრამ მაინც ვთქვი: - გოზინაყს რომ ბლის მურაბა დაადო, ისეთი გემო! - გიგას და დათას ახლა გოზინაყისა და ბლის მურაბისკენ გაექცათ გონების თვალი, მაგრამ მალე დათა დაიჯღანა და თქვა, - გოზინაყზე დადებული ბლის მურაბა და ტორთები გოგოებისა და ქალაჩუნა ბიჭების საჭმელი არისო, აესე რომ ჭამენო, - ერთმანეთზე მიდებული ცერი და საჩვენებელი თითი მიიტანა მოპლურწულ ტუჩებთან, ისე, რომ სამი დანარჩენი თითი გაფარჩხული ჰქონდა, - ვაჟკაცებმა უნდა ჭამონო: ხოხნოტაო, მიწავაშლაო, მაჩიტაო, კოწახურის ფოთოლიო, მჟაუნაო...
- ყინტორა, ვაზის ყლორტი თავისივე ბწკლებით! - აჰყვა გიგა, - ბოყი! კიდევ რა... დათრთვილული კვრინჩხი... ხან გიგა იძახდა, ხან დათა: - ზღმარტლი, ასკილი, მახრჩობელა პანტა, თამელი. მგელი ხომ ყველაზე მაგარია ვაჟკაცობაში, მგელი რასა შვრება, ხომ იცით?! რომ გაუჭირდება, აყალო მიწასაც კი ჭამს. ეს ყველამ ვიცოდით და მე ჩემი გავიხსენე: - საბანაოდ რომ წახვალ, პურის ნატეხს და ნიორს რომ წაიღებ ჯიბით, შენა ბანაობ, ის პური მზეზე ხმება, გახმება, მაგრამ ნაბანავებელს მოგშივდება, ამოიღებ იმ გამხმარ პურს, ნიორს მიატან და შეჭამ...
იიფ, აი, ნამდვილი ვაჟკაცური საჭმელი! - კიდევო, - გადავედით შეჭამანდებზე, - მახოხი, ჭრიანტელი, თხლის შეჭამანდი, შვინდის შეჭამანდი, ღოლოსი, კვრინჩხისა, დოს შეჭამანდი. გაგვახსენდა მხალეულიც: სატაცური, ჭინჭარი, კაპარი, ქარქვეტა, სვინტრი, კობრჩხილო, ციკნიყურა...
უბერავდა შემოდგომის ცივი ქარი, მოდიოდა წვრილი, ალმაცერი წვიმა, მოჰქონდა დაგლეჯილი ყვითელი ფოთლები, ჩვენ კიდევ, პატარები, თბილად შეყუჟულნი სასანთლე ნიშში, ისევ განვაგრძობდით ვაჟკაცური საჭმელების ჩამოთვლას. ქუმელიო, სიმინდის ბაკლაო, ხირხიტონიო. ბოღლიწოო...
უცებ ყველამ ერთად ვიყვირეთ: - ლობიო, კაცოო? - ლობიოს ხსენებაზე ყველას სიამოვნებით გაგვეცინა. უბერავდა ქარი, წვიმდა, წვიმდა. ამასობაში მოგვშივნოდა კიდეც. დათამა თქვა, - ლობიო ჩვენა გვაქვსო, გიგამაც თქვა, - ჩვენცა გვაქვსო, მეცა ვთქვი, - ჩვენცა-მეთქი. - თქვენი როგორი ლობიოაო, - მკითხა დათამ. - გურული. - თქვენიო? - ჰკითხა ახლა გიგას. - ნიკა ლობიო, - ჩვენ მინდვრის წითელი ლობიო გვაქვსო, - დათამ.
აბა, მინდვრის ლობიოს სხვა ლობიოები როგორ შეედრებოდნენ ვაჟკაცობაში! როგორღაც გულდაწყვეტილები შევაჩერდით დათას. დათა მიგვიხვდა, - წამოდით ჩვენთან, ჩვენი ლობიოსი ვჭამოთო. - წამოვიწიეთ საყელოები კეფაზე, წავიღუნეთ და წავედით დათაანთა წვიმაში.
- დედიო, - უთხრა დათამ ნატო ძალოს, - ამათ ჩვენი ლობიოსი უნდათო. - დასხედითო, გენაცვალეთო, ეხლავეო. დავსხედით მაგიდასთან, ნატო ძალომ ღუმელის ქვეშიდან გამოდგა სადუღარი. ჩამოგვირიგა თიხის ჯამები და ხის კოვზები. გადმოგვიღო სადუღრიდან ქონდრის სურნელიანი ლობიო. მოგვცა ცოტათი გამხმარი, ცოტათი ობმოკიდებული პური, - ობიან პურს ვინც შეჭამს, ფულს იპოვისო.
ჩვენ ესეც ვიცოდით. ჩავიმტვრიეთ, ჩავიფშხვენით ის პური, რასაც ჩვენ ვერ ვტეხდით, ნატო ძალო გვიმტვრევდა, ავურიეთ კოვზებით, ჩავაბუჟბუჟეთ და, - დღეს თქვენ - შემწვარ-მოხრაკულები, მე კი - ის, რა ნეტარებითაც ის ლობიო გეახელით მაშინ!
ჯამები რომ მოვასუფთავეთ, - აგაშენოთო, - ვთქვით, წყალიც დავლიეთ, ისევ უბერავდა ქარი და ისევ წვიმდა. მაინც წავედით.
ისევ ქვრივიშვილების სასანთლე ნიშში შევსხედით, ვისხედით ერთმანეთს მიჭუჭკნულნი თბილად და მომავლის გეგმებს ვაწყობდით: ქარი რომ ჩადგებოდა, წვიმა რომ გადაიღებდა, ყინვა რომ წამოვიდოდა და თრთვილი გაიფინებოდა, მაშინ კორძიანებში წავიდოდით და თრთვილდადებულ კვრინჩხს ვჭამდით, თრთვილდადებულ კვრინჩხს და, თუ დიდები წამოგვყვებოდნენ დიდ ტყეში, წითლად ჩაღუდღუდებულ თამელსაც, თამელი მაღალ, ცაში ასულ ხეებს ასხია.
დათვს რომ ჩამოყრა მოუნდება, დაებღაუჭება, დააჯანჯღარებს და წამოვა ხრიალით. თამელზე ვაჟკაცური საჭმელი რაღა იქნება!
აი, ამ ვაჟკაცური საჭმელებით დავიზარდენით ჩვენ. დათას ხუთი ბიჭი ჰყავს, გიგას - ოთხი, მე ცოტა ნაკლები, მაგრამ მაინც ბიჭები.


