კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 15:51

 

(ვუძღვნი ჯერ არდაბადებულ ყრმათა)

 

მე მქონდა ბედნიერება თქვენთვის მომეხსენებია, საყვარელნო ყრმანო, რომ მე თქვენ დაბადებულნი მგონიხართ, მაგრამ მართლა დაბადება სრულიად ის არ არის, რაც მგონიაობით დაბადებაა.

მე თქვენ გიყურებთ, როგორც მომავალ კაცთა, მხოლოდ გონების თვალით, ამისათვისაც მე საჭიროდ დავინახე, რომ საზოგადოდ კაცზედ მოგითხროთ ჩემი გამონაფიქრები... რადგანაც, როგორც უწინაც მოგახსენეთ, მარტო ჩვენს ბავშვებზედ მინდა მოვილაპარაკო, ამისათვისაც ვფიქრობ, რომ ყველაზედ უწინარეს თქვენ უნდა იზრუნოთ, თუნდა ვსთქვათ მაგალითად, მეტრიკის მოწმობაზედ.

- რა არის მეტრიკის მოწმობა? - მკითხავთ თქვენ.

- მეტრიკის მოწმობა არის აკტი, დაწერილი ღერბიან ქაღალდზედ, საცა სწერია, რომ თქვენ, ესა და ესა, სწორედ და ნამდვილად გაჩნდით ქვეყანაზედ და ამასთანაც თქვენს დედ-მამას თქვენს გაჩენაში მონაწილეობა ჰქონიათ (სახელი, წოდება, ჩინი და გვარი, რომელიცა დაწვრილებით იწერება ხოლმე). აკტი ეგე ჩვენთვის, ესე იგი დაბადებულთათვის, მეტად საჭიროა, და უამისოდ იოლად წასვლა შეიძლება მარტო ერთს შემთხვევაში, მაშინ როცა თქვენ მკვდრად იბადებით, ანუ მარტო იმისთვისა სჩნდებით, რომ დაწესებული რიგი აღასრულოთ და დააგვირგვინოთ მეათე თვეზედ ორსულობა მშობელისა, - და მის შემდეგ ცხოვრება თქვენი შესწყვიტოთ.

აკტი ეგე თქვენთვისაც ძლიერ საჭიროა: იმაში ნიშნამენ კანონიერად თუ უკანონოდ გაჩენილხართ თქვენა. უკანონოდ - იმასა ნიშნავს, რომ მშობლებსა თქვენსა თქვენის გაჩენისათვის მარტო ერთად უცხოვრიათ და არა ყოფილან ქორწინებით შეუღლებულნი.

მეტრიკის მოწმობა თვალის ახილვებისვე უმალ საჭიროა, პირველად იმისთვის, რომ იგი არის პირველსახე პაშპორტისა, კოკორი ფორმულიარის სპისოკისა, ურომლისოდაც არც სახელმწიფო სასწავლებელში, არც სამსახურში, არც თავისუფალის ცხოვრებისათვის არსად არ მიგიღებენ.

წარმოვიდგინოთ, რომ მეტრიკის მოწმობა თქვენისვე ძალდატანებით გიშოვეს მშობლებმა, ანუ მალე იშოვიან. თქვენ პაწაწა მხრებიდამ ტვირთი ჩამოგეცალათ, - მერე რაღა უნდა ქნათ?

უნდა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედოთ. მიიხედ-მოიხედოთ, ესე იგი გაიგოთ, რა არის და როგორ, შეგიძლიანთ თუ არა თავისუფლად მიეცნეთ თქვენს ყმაწვილურს სურვილსა და წადილსა, თუ თქვენის პაწაწა თვალის ახილების უმალვე უნდა დაემორჩილოთ გარემოებასა.

თუ მართლა, ვსთქვათ, თქვენ მკვდრად დაბადებულხართ, აბა როგორ არ უნდა დაემორჩილოთ?

თუ თქვენ უკანონო შვილი ხართ და საწყალი დედათქვენი მდუღარე და უსიხარულო ცრემლით ჰნამავს თქვენს პაწაწა, ბუსუსიანს თავსა, აბა როგორ არ უნდა დაემორჩილოთ?

თუ თქვენ ღარიბის შვილი ხართ და აუცილებელი ხარჯის მწუხარება და ვაი-ვაგლახი თქვენის დედ-მამისათვის გადაემეტება იმ სიხარულს, რომელიც თქვენმა დაბადებამ მიანიჭა მათ, - გკითხავთ მე თქვენ ხელახლად და მესამედ: აბა როგორ არ უნდა დაემორჩილოთ?

თუ მკვდარი დაიბადეთ, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, თქვენ გახრწნილების მეტი არა დაგრჩებათ რა, ჩახვალთ მიწაში და დაიშლებით, ესე იგი უსიცოცხლოდ მიახწევთ იქამდინ, სადამდინაც მიახწევენ ხოლმე სხვანი ზოგჯერ ხანგრძლივ სიცოცხლითა.

თუ უკანონოდ დაიბადეთ - უფრო ძნელია... თქვენ უნდა მთელი ძალა მოიკრიფოთ, რომ თქვენი სუსტი დედა გადააჯეროთ, რომ არ დაუწყოს ხვეწნა და მუდარება მას, ვინც თქვენის გაჩენის მიზეზი იყო. ის, ჩვეულებისამებრ, დედიშენისათვის აღარ მოიცლის - და დიდი, დიდი საქმე იქნება, რომ პასუხის მაგიერად ოცდახუთი მანეთი ან ხუთი თუმანი გამოუგზავნოს, და ესეც ხშირად ყინულზედ იწერება ხოლმე.

თუ ღარიბის შვილი ხართ - ისეთი საძნელოა, რომ თქმაც შეწუხებაა... განა ბევრი ხარჯი გინდება თქვენ თქვენის ცხოვრების პირველ ხანებში? ექვსი, ათი, თექვსმეტი გროში დღეში... ბევრი არ არი, მაგრამ თუ კი მაგოდენა ხარჯის ატანაც არ შეუძლიანთ თქვენს მშობლებსა!..

ყოველ ამიდამ თქვენა ხედავთ, საყვარელნო ყრმანო, რომ მწუხარება თქვენზედ წინ იბადება... მაშ იწექით თუ გინდათ აკვანში, თუ წოლა შეგიძლიანთ, იმ დრომდი, ვიდრე გაიგებდეთ.

დაიხსომეთ, რომ მე ძალად მოკლედ ვლაპარაკობ ყოველ ამგვარებზედ. თქვენ მეცოდებით, იმიტომ რომ არ მინდა, რომ უფრო გაგიმწაროთ სიმწარე თქვენის ცხოვრების პირველი ხანებისა; სრულად მომინდვია თქვენთვის, რომ ცხოვრების სიმწარე თითონ თქვენვე გამოსცადოთ; დღესა თუ ხვალე, ამრიგად თუ სხვარიგად, თქვენ მაგ სიმწარეს გამოივლით, შესვავთ, თუ ცხოვრებაში ახალი გზის გაყვანას შეიძლებთ.

აი ამის გამოცა, ყრმანო, ბევრნი და ძალიან ბევრნიცა სწყევლიან ხოლმე თავის გაჩენის დღესა. დღე დღე არის... ყოველს წუთში, ყოველ წამში უთუოდ ვინმე იბადება. აი ამ მხრით კი მეშინიან ერთრიგად, რომ თქვენთან არ შევრცხვე. მე ვწერ ჯერ არდაბადებულ ყრმათათვის, მაგრამ ვინ იცის, რამდენი კიდეც დაიბადა მას აქეთ, რაც მე მძიმედ და ზლაზვნითა გამომყავს ქაღალდზედ ჩემი გამონაფიქრები... ბევრი იქნება დაიხოცა კიდეც... ”არ შეიძლება, უფ. ავტორო, პატარა ააჩქაროთ თქვენი კალამი, თუ გინდათ, რომ ყოველს ცისმარე დღეს არ დაგაკლდეთ მკითხველები?” - მეუბნებით თქვენ.

- ბატონი ბძანდებით!

თქვენ რომ მიიხედ-მოიხედოთ, ესე იგი გაიგოთ რამე, ამისათვის ბევრი ჯაფა არ დაგჭირდებათ.

მწუხარება, სიღარიბე, უილაჯობა, - ესენი ყველაფერი იმისთანანი არიან, რომ ყველას ადვილად თვალში ეცემიან. თუ რომ თქვენ გარეშემორტყმული კაცობრიობა კარგად და ზრდილობიანად გეპყრობა, თუ თქვენი პირველი სამოსელი სამაგალითო წმინდა ტილოსია ან ბატისტისაა, ადვილად მიხვდებით, რომ თქვენ ბედნიერების შვილი ხართ.

თუ თქვენ დაიბადენით მინდორში ან ჭვარტლიან წნულში სადმე, ადვილად მიხვდებით, რომ ნებივრობაზედ და ბრწყინვალებაზედ თქვენ მაშინვე პრეტენზია უნდა თავიდამ გამოიბღერტოთ. თუ თქვენის დაბადების მეორე დღესვე დედათქვენი წავიდა სამუშაოდ, დღიურ ლუკმის საშოვრად, რომ თუნდ გლეხი არ იყოთ, მაინც იცოდეთ, რომ თქვენის შთამომავლობის და გვაროვნობის ხე ჰყვავის არა მსუქან სამკვიდროზედ, არამედ მიწაზედ, რომელიც მორწყულია ჯაფის ოფლითა.

თუ დაბადების დროს იხილეთ თქვენი თავი არა აკვანში და ოთახში, არამედ ძონძებში გახვეული და ქუჩაში გდებული, - და თუ არ გაგეგებათ, რა ხართ და ვინა ხართ - მონახეთ თქვენს ახლო წერილი, საცა ეწეროს: ”ღვთის მოყვარე ხალხსა ვთხოვ სამადლოდ გაზარდონ (ამა და ამ სახელის) ყმაწვილი”. თუ ამისთანა წერილს იპოვით, მაშინვე მიხვდებით, რომ გადაგდებული ხართ. თუ ვერ იპოვით, რასაკვირველია, ამასვე გაიფიქრებთ, მაგრამ მიხვედრით კი...

თქვენი აკვანში წოლის ხანი თითქო ძალად იმისთვის არისო, რომ ყველაფერი სინჯოთო. თქვენ თქვენთავად ამ ცხოვრების ხანში შეგიძლიანთ ძვირფასი და შეუდარებელი ცნობები მოჰკრიფოთ კაცებზედა, და ის ცნობანი თქვენ ცხოვრებაში მერე გამოგადგებათ მით, რომ მეტისმეტი ნდობა და აღტრფიალება არავისი აღარ გექნებათ.

გარეშემო მრავალი ხალხი შემოგერტყისთ. თქვენ მარტო თვალი და გონება ადევნეთ; ბევრს რასმე შეიძენთ. "აი ბაიყუში, დაიწყო ბღავილი ძაღლის ნაშობმა!" - იტყვის ძიძა თქვენის ჩხავილის გამო, რომლითაც თქვენ გინდათ აცნობოთ, რომ მადა მოგივიდათ და ძიძამ უნდა მოგაწოვოთ თქვენ ძუძუ, იმიტომ რომ თქვენი მოწოვება იმას კისრად აუღია და სამაგიეროდ ფულს იღებს.

იგივე ძიძა - შემოვა თუ არა თქვენი მშობელი ოთახში - მოჰყვება თქვენს ქებას, რომ ”ბევრი ყმაწვილი უნახავს და ამისთანა მშვენიერის და ჭკვიანის ყმაწვილის ნახვა პირველია”. აშკარაა, რომ მოისმენთ თუ არა ამ ფრაზასა და შეადარებთ, თქვენ უნებლიეთ გაიფიქრებთ: ”ეს ჩემი ძიძა რარიგი დაცემულის ხასიათის დედაკაცი ყოფილაო”...

ახლა ისე რომ მოხდეს, რომ ყველანი, ვისაც კი თქვენთან საქმე დაუჭერია, ქალი თუ კაცი, სულ მაგ ორპირობაში დაიჭიროთ, რა უნდა ქნათ? მე თქვენი ვიყო, მთელი სამი დღე და ღამე სულ ვიბღავლებდი და აქეთ-იქით ვაწყვეტდი თავსა, იმიტომ რომ თქვენგან მიტევება, გაგება, გამართლება რომ მოვითხოვოთ, მაშინ როდესაც ტუჩებზედ რძე არ შეგშრობიათ, უგუნურობა იქნება და შეუძლებელიცა...

რძე თქვენი მხოლოობითი საჭმელია დრომდე, ამიტომაც ამაზედ მოლაპარაკება მეტი არ იქნება. დედაკაცის გვამს მაშინ მოუვა ხოლმე რძე, როცა თქვენ იბადებით; დედის ძუძუებში არის თქვენი პირველი კაფე-რესტორანი, საიდამაც ნისიად გამოგაქვთ თქვენთვის საჭმელი და სადაც დიდი ნდობა გაქვთ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen