1
პატარა ბიჭი უღუ და მისი და თეთ მღვიმეში ცხოვრობდნენ, რადგან იმ დროში ადამიანებმა სახლების აშენება არ იცოდნენ. უწინ ამ მღვიმეში დიდი შავი დათვი ცხოვრობდა, მაგრამ უღუსა და თეთის მამამ ის მღვიმიდან გააგდო.
მათი მღვიმის ღია პირი შავად გამოიყურებოდა დაქანებულ კლდოვან სერზე. მღვიმიდან ტყით აქოჩრილი მთის მწვერვალები მოჩანდა. მეორე მხარეს კი მინდორში მზისფერი მდინარე მიიკლაკნებოდა. მღვიმე დიდი და ხალვათი იყო, შესასვლელი ფართო და მაღალი ჰქონდა. მღვიმე შორს, სიღრმეში მიდიოდა და ვიწროვდებოდა.
შესასვლელთან დიდი ლოდი იდო. ეს იყო მღვიმის კარი, რომელსაც ღამღამობით შესასვლელს აფარებდნენ. მღვიმის შუაში კერა იყო მოწყობილი. კერასთან ეყარა ფიჩხი და ხმელი ხის ჯირკვები. ირგვლივ, ალაგ-ალაგ, სხვადასხვა ნადირის ტყავები ეფინა.
უღუ თმააბურძგნილი, წაბლისფერთმიანი, ცქვიტი ბიჭი იყო. ხშირად იჯდა მღვიმის პირას და მონუსხულივით შეჰყურებდა თვალწარმტაც სანახაობას, რომელიც მათი მღვიმიდან იშლებოდა. თეთ ბიჭზე უფრო მომცრო ტანის, ხუჭუჭთმიანი, ძმასავით მაგარი, მკვრივი აგებულების გოგონა იყო. თეთს უფრო გამოქვაბულში ფუსფუსი ეხალისებოდა.
ბავშვების მამას, სახელად ბას, მაღალ, შავწვერულვაშიან კაცს წელზე მგლის ტყავი ჰქონდა შემოხვეული, რომლის კუდი ძირს ეთრეოდა. დედას, ნენს, მომცრო, მხიარულ, ნათელთვალებიან ქალს, ბრტყელი თასმით შეკრული თმა მხრებზე გაშლოდა. ტანზე შავი დათვის ტყავი ეცვა, კისერსა და ფეხებს ცხოველების კბილებისაგან ასხმული ყელსაბამი და წვივსაკრავები უმშვენებდა.
ბა და ნენ ხშირად ტოვებდნენ ხოლმე უღუსა და თეთს მღვიმეში მარტოებს და სადღაც მიდიოდნენ. წინა დღით დიდი სამზადისი ჰქონდათ. ბა კეტებს სინჯავდა და გალესილ ქვის ცულებს თასმებით ხის ტარს ამაგრებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბა და ნენ "ჰეი, ჰე, ჰეის" შეძახილით, ნანადირევით დატვირთულები ბრუნდებოდნენ მღვიმეში, მხიარულად და ყოჩაღად მოაბიჯებდნენ.
2
ერთხელ უღუ და თეთ უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ. მონადირეები ალმოდებული ტყიდან ყიჟინით, ქვებითა და კეტებით ნადირს ერეკებოდნენ. დამფრთხალი ნადირი პიტალო კლდის პირისკენ გარბოდა და შეშინებული უფსკრულში ცვიოდა.
ჯიხვები, ირმები და დათვები თავდაყირა, ტრიალითა და ღმუილით ასკდებოდნენ ქვებს. ძირს კეტებითა და ცულებით შეიარაღებული ადამიანები ელოდნენ. თუ რომელიმე ნადირი ჩამოვარდებოდა ძირს, მაშინვე კეტს ან ქვისპირინა ცულს დაჰკრავდნენ და კლავდნენ. ბავშვებს არასოდეს ენახათ ასეთი უცნაური ნადირობა.
უღუ გარინდებული შესცქეროდა ამ სანახაობას. უცებ ბიჭი ადგილს მოსწყდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მღვიმისკენ. შინ დაბრუნებულ თეთს უღუ გამოქვაბულის კედელთან მდგარი დახვდა. მას ხელში კერასთან ნაპოვნი ნახშირის ნატეხი ეჭირა და კედელზე ხატავდა.
იგი ხატავდა აქოჩრილ მთაზე გაჩენილ ხანძარს, რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილ ცეცხლს, ხატავდა ჩასაფრებულ, კეტებითა და ქვის ცულებით შეიარაღებულ მონადირეებს, რომლებიც თითქოს ცოცხლები იყვნენ, მხეცებს, რომლებიც ყირამალა, ტრიალ-ტრიალით ცვიოდნენ უფსკრულში და ქვებს ასკდებოდნენ.
სურათის სიღრმიდან თითქოს მონადირეთა ყიჟინისა და ცხოველთა ღმუილის ხმა ისმოდა.
- დაიცა, დაიცა! - შეჰყვირა ბიჭმა თეთის დანახვაზე, თითქოს თეთ რაიმეს დაუშავებდა მის ნახატს. მაგრამ თეთ სულ არ ფიქრობდა, ხელი შეეშალა ძმისათვის. ის იდგა და აღტაცებული შესცქეროდა ხან ნახატს, ხან - ბიჭს.
3
ერთხელ, როდესაც ბა და ნენ ნადირობიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და დაღლილები დასასვენებლად კერიასთან ტყავებზე მიწოლილიყვნენ, ბავშვები მღვიმიდან გამოვიდნენ და ძირს, დაქანებულ ფერდობზე დაეშვნენ. თეთს იქ ერთი ხე ეგულებოდა. ხეზე ველური ვენახი ასულიყო და მწიფე, წითელი ყურძენი მოესხა.
- ხილია, თქვა თეთმა. უცებ ავიდნენ ხეზე, მოგლიჯეს მტევნები და მარცვალი ფრთხილად ჩაიდეს პირში. იცოდნენ, რომ ზოგი ხილი მწარე, მჟავე და უგემური იყო, მაგრამ ს ტკბილი და გემრიელი გამოდგა.
- რა კარგია! წავიდეთ, ბა და ნენ მოვიყვანოთ, - წამოიძახა უღუმ.
- სჯობს, ყურძენი შევაგროვოთ და წავუღოთ, დაღლილები არიან და გაუხარდებათ, - უპასუხა თეთმა.
დიდი ჯაფა და მოსაზრება დასჭირდათ, რომ შოლტის კავზე ჩამოცვათ რამდენიმე მტევანი და ისე წაეღოთ.
მღვიმეში საღამო ხანს დაბრუნდნენ. ბავშვების მიტანილ ხილს ნენ ეჭვის თვალით უყურებდა, ბას კი გაუხარდა.
- ეს გემრიელი ხილია, მე მიჭამია. ხვალ მე თვითონ წავალ და კიდევ მოვიტან, - თქვა მან. ყურძენი თვითონაც ჭამა და ნენსაც აჭამა.
მეორე დღეს, ბა მართლაც წავიდა, თან უღუ და თეთიც წაიყოლა. მოაგროვა ბევრი ყურძენი, შემდეგ მგლის ტყავი შემოიძრო, ზედ ყურძნის მტევნები დააწყო და ასე წამოიღო მღვიმეში. ბავშვებიც მიეხმარნენ. ამის შემდეგ ყურძენი მღვიმის ბინადართა ჩვეული საკვები გახდა.
ერთხელ თეთ შეშინებული შევარდა მღვიმეში.
- მხეცი, - დაიყვირა მან, - შესასვლელთან ტრიალებს და ჩვენ გადაყრილ ძვლებს ხრავს!
ადამიანების დანახვაზე მხეცი გაიქცა, თუმცა მეორე დღესაც მოვიდა და ბავშვებს აღარ გაუგდიათ. ბოლოს ყოველდღე დაიწყო სიარული და ზოგჯერ ღამითაც რჩებოდა მღვიმის მახლობლად. იწვა ძვლებთან, ხრავდა და „ჰაუ, ჰაუს“ იძახდა.
- საკვირველი მხეცია, - თქვა თეთმა, ძვლებს ხრავს, კუდს აქიცინებს და „ჰამუ, ჰამუს“ იძახის, თითქოს ვიღაცას აშინებს. იქნებ ჩვენთან უნდა ცხოვრება?
4
ბავშვები თანდათან შეეჩვივნენ ჰამუს, არ უშლიდნენ ძვლების ხვრას. ერთი შემთხვევის შემდეგ კი კიდეც შეიყვარეს ის.
ღამით ჰამუს საშინელი ყეფა და მეორე მხეცის შემაძრწუნებელი ყმუილი გაისმა. უღუ და თეთ წამოცვივდნენ და ქვის ცულებით შეიარაღებულნი მღვიმის შესასვლელში ჩადგნენ. ჰამუ დიდ მხეცს ებრძოდა. ჰკბენდნენ და გლეჯდნენ ერთმანეთს, ორივეს სისხლი სდიოდა. მიწაზე კოტრიალობდნენ. ტყავი ორივეს დაგლეჯილი ჰქონდა.
- ეს ავი მხეცი მგელია. მგელს ებრძვის ჰამუ, - წამოიძახა უღუმ. გადაწყვიტეს, ჰამუს დახმარებოდნენ, მაგრამ ჰამუმ თვითონ სძლია მგელს, დაახრჩო ის და აქოშინებული, ენაგადმოგდებული დაადგა თავზე.
თეთ ჰამუსკენ გაექანა, მაგრამ უცებ შეეშინდა და გაჩერდა. მაშინ ჰამუ თვითონ მიუახლოვდა ბავშვებს და კუდის ქნევით ფეხების ლოკვა დაუწყო. თეთმა თავზე ხელი გადაუსვა. ამის შემდეგ ჰამუ ნადირობაში ეხმარებოდა გამოქვაბულის მკვიდრთ, ღამით კი ყარაულობდა. ბავშვებს აღარც მგლის ეშინოდათ და აღარც აფთრის.
საღამოობით ბა კერასთან დაჯდებოდა ხოლმე, ხელებს მაღლა, ცისკენ ასწევდა და სიმღერას იწყებდა.
- "ყველაზე კარგი, ლამაზი და ყოჩაღი შვილები, უღუ და თეთ, ჰყავს ბას! განა ვინმეს შვილს მოუშინაურებია მხეცი? განა ვინმეს შვილს დაუხატავს ნადირობა? გაბა ვინმეს შვილს მღვიმეში მოუტანია ყურძენი? გაიგეთ, მთვარევ, ქარო, მთებო და ვარსკვლავებო, ესენი ჩემი შვილები, ხელმარჯვე უღუ და ყოჩაღი თეთი არიან!"


