(ნაწყვეტი წიგნიდან „ბულერბიელი ბავშვები“)
მე და ანას ერთი საყვარელი ადგილი გვაქვს სამრეცხაოს უკან, სადაც პირველი იები ამოდის ხოლმე. მეორე ადგილიცა გვაქვს, აქ კიდევ პირველი ჩიტისთავა ყვავის. ენძელა კი ყველგან იმდენია, თვალები აგიჭრელდება.
ხანდახან ვკრეფთ ენძელას, იასა და ჩიტისთავას და ლამაზ თაიგულებს ვკონავთ. ასეთ თაიგულს თუ დაყნოსავ, თვალები დახუჭული რომ გქონდეს და ვერაფერს ხედავდე, მაინც მიხვდები, რომ გაზაფხული მოვიდა.
მე და ანას სხვა საყვარელი ადგილებიც გვაქვს, რომლებიც გაზაფხულობით ძალიან ლამაზია. ერთი ასეთი ადგილი ღრმა ხევშია. იქ ხის ორი ყუთიც მივათრიეთ. ხევის ძირას ნაკადული მოჩუხჩუხებს, მაგრამ, ჩვენ რომ ვთამაშობთ, ის ადგილი თითქმის მშრალია. ირგვლივ ხშირი შოთხვნარია და, ასე გვგონია, მწვანე დარბაზში ვსხედვართ.
ბრიტა კი ამას ვერ ხვდება. ერთხელ, ხევში რომ ვისხედით, ჩვენთან მოვიდა, ბუჩქებში თავი შემოყო და გვკითხა:
- აქ რას შვრებით?
მე და ანამ ერთმანეთს გადავხედეთ.
- თვითონაც არ ვიცით, რას ვშვრებით, - ვუპასუხე ორივეს მაგივრად. ასე იმიტომ ვუპასუხე, რომ მართლა არ ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ბრიტამ კი გვითხრა: თუ ადამიანმა არ იცის, რას შვრება, მაშასადამე, არაფერსაც არ აკეთებს და აჯობებს, რამე საქმე გამოძებნოსო.
მაგრამ მე და ანა მაინც ხევში დავრჩით. ჩვენ ირგვლივ თეთრყვავილა ღაღანებდა. მე უცებ მივუბრუნდი ანას და პრინცესა თეთრყვავილა მქვია-მეთქი, ვუთხარი.
- მე კი - პრინცესა ფურისულა, - არ ჩამომრჩა ანა. - ეს ჩემი მწვანე სასახლეა! - ვთქვი ნაზად.
- შენი კი არა, ჩემია! - შემედავა ანა.
ჰოდა, კინაღამ წავიჩხუბეთ იმ სასახლის გამო. მერე მოვიგონეთ, ვითომ პრინცესა თეთრყვავილა და პრინცესა ფურისულა ტყუპები იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ მწვანე სასახლეში.
- ოჰ, ჩემო მწვანე სასახლევ! ოჰ, ჩემო ჩუხჩუხა ნაკადულო! – თქვა ანამ ისეთი ხმით, როგორითაც ლაპარაკობს, როცა ვთამაშობთ ხოლმე.
მეც ანასავით გავიმეორე:
- ოჰ, ჩემო მწვანე სასახლევ, ოჰ, ჩემო ჩუხჩუხა ნაკადულო! მერე თმაში შოთხვის შტო ჩავიმაგრე. ანაც ასე მოიქცა:
- ოჰ, ჩემო თეთრო-თეთრო ყვავილებო! - ვთქვი და დაველოდე, როდის გაიმეორებდა ანა.
მაგრამ მას ჩემი სიტყვები არ გაუმეორებია.
- ოჰ, ჩემო თეთრო-თეთრო... ბოცვრებო! - თქვა ანამ.
- რომელ ბოცვრებზე ლაპარაკობ? - გამიკვირდა ძალიან.
- მოჯადოებულებზე, - მიპასუხა ანამ და დაამატა, ჩემთან, მწვანე სასახლეში, ოქროს გალიაში ორი მოჯადოებული თეთრი ბოცვერი ცხოვრობსო.
სიცილი ამიტყდა, სადა გაქვს გალია-მეთქი.
უცებ ბაყაყი დავინახე.
- ოჰ, ჩემო პატარა მოჯადოებულო ბაყაყო! - ვუთხარი და მაშინვე ხელი ვტაცე. ყველამ იცის, რომ ბაყაყების უმრავლესობა მოჯადოებული პრინცია. ყოველ შემთხვევაში, ზღაპრებში ასეა.
ანამ, რასაკვირველია, იცოდა ეს და ცოტა შეშურდა კიდეც, რომ მე მყავდა ბაყაყი, მას კი - არა.
- ცოტა ხანს დამაჭერინე, რა! - შემეხვეწა ანა.
- შენი თეთრი ბოცვრები დაიჭირე! - ვუპასუხე მე.
* * * * * * *
მთარგმნელი: გივი ენდელაძე


