კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 17:50

 

მაღალი მთების იქით, ხევის პირას, ყვავილებით მოჩითულ მინდორში ვეებერთელა ლოდი იდო. ლოდს ერთი მხარე გამოტეხილი ჰქონდა და იქ პაწაწინა ყვავილი ამოსულიყო. ფესვები კი გაეტანა მიწაში, მაგრამ მის ფოთლებს ჯერ მზის სხივი და ცის ნამი არ ღირსებოდა. კოკორიც არ ეშლებოდა.

ამიტომ რა ერქვა ამ ყვავილს, არავინ იცოდა. 

წვიმა რომ მოვიდოდა, ნიაღვარი ბალახს წააწვენდა, მაშინ ყვავილი თითქმის მთელს მინდორს ხედავდა, მაგრამ როცა ბალახები კვლავ ფეხზე წამოდგებოდნენ, ეფარებოდნენ ღრმულს და ყვავილი ისევ სიბნელეში რჩებოდა. მაღლა აიწევდა - ქვის ჭერს მიებჯინებოდა, გვერდზე გაიწვდა და ქვის კედელს ეჯახებოდა. ერთხელ ღრმულში მატიტელამ შეიჭყიტა და ყვავილს უთხრა:

- რამ დაგაღონა, რა იყო. ააშრიალე ფოთლები, გაიცინე!

- ეჰ, აბა, რა გამახარებს, ვერა ხედავ, რა ახლოა ბედნიერება: მზე, ჟუჟუნა წვიმა, გრილი ნიავი. მე კი არც მზე მწვდება. არც წვიმის წვეთები მეცემა. რა ვიცი, რაღა ამ ჯურღმულში ამოველი, ცოტა მინდორია ქვეყნად?

ახლა გულკეთილმა ჟუნჟრუკომ შეიხედა ღრმულში. შეეცოდა ყვავილი, მოეფერა და თანაგრძნობით უთხრა:

- რას იზამ, მაგრამ შენც რომ არ ცდილობ?! დგეხარ და ტირი. დაიხარე, თავი გარეთ გამოყავი, მზის სხივები მოგხვდება. ნიავი დაგიბერავს და ცოტა გამოცოცხლები.

- კარგი რჩევაა. მეზობელო, მაგრამ როგორ დავიხარო. ერთხელაც ვცადე და კინაღამ წელში გადავტყდი, - მიუგო ყვავილმა.

ერთ დილას ლოდის მახლობლად ამოსულ ბალახებს ყვავილის ტირილი შემოესმათ. ბალახები შეირხნენ, შექოთქოთდნენ, გაიწ-გამოიწიეს და ღრმულში შეიხედეს.

- რა გატირებს, საბრალო, ჭიამ ხომ არ გიკბინა?

- არა, არაფერსაც არ უკბენია, მხოლოდ წუხელ ძალიან კარგი სიზმარი ვნახე და დამენანა რომ გამომეღვიძა.

- აბა, ერთი თქვი, რა ნახე, მე ვიცი სიზმრის ახსნა, - უთხრა ჟუნჟრუკომ.

- მეც ვიცი, მეც! თავისი წვეტიანი ფოთოლი ღრმულისაკენ გადახარა იონჯამ. ბალახები გაინაბნენ, ფოთლები დააცქვიტეს, რომ კარგად გაეგონათ ყვავილის ხმა.

- ჰოდა, ვითომ, - დაიწყო ყვავილმა, - აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ, დაღონებული, ჩაფიქრებული. უცებ დაიგრგვინა რაღაცამ, თითქოს მიწა იძრაო. გავქანდი და გამოვქანდი, ცოტა ხნის მერე კი წყალმა შემოასხა ღრმულში. შემცივდა, შემაცახცახა. კიდევ დაიგრგვინა, კიდევ შემოვარდა წყალი ღრმულში და კინაღამ გადამტეხა.

მერე ვერაფერი ვეღარ გავიგე. ვითომ გული წამივიდა და როცა გონს მოვედი, ვიგრძენი, რომ ლოდის ქვეშ აღარ ვიდექი, ირგვლივ სინათლე იყო. წვიმის წვეთები ბრწყინავდნენ ფოთლებზე და ჩუხჩუხებდნენ ნაკადულები. 

„სადა ვარ, რა მოხდა?“ - ვამბობდი გაკვირვებული.

- ნუ გეშინია. ახლა ჩვენთან ხარ მზეში, წვიმაში! - მიპასუხეთ თქვენ, კეთილო ბალახებო - ნიაღვარი მოვარდა და სადღაც წაიღო ის ლოდი, შენ რომ მზეს გიფარავდაო. 

მივიხედ-მოვიხედე. მართლაც ნიაღვარს. ლოდი წაეღო და ქვემოთ, დიდ მრგვალ ნაცეცხლარზე დაედო.

- ნეტა ეს რა ყვავილიაო, იკითა რომელიღაც ბალახმა, როცა ჩემი გაყვითლებული ფოთლები და ნახევრად გამხმარი კოკორი დაინახა, მაგრამ, აბა, რას ეტყოდნენ. ვინ იცოდა ჩემი სახელი!

- ოჰ, რა მიმჭკნარია, მაგას ვეღარც მზე უშველის და ვეღარც წვიმაო! - ჩაილაპარაკა კიდევ ვიღაცამ. 

- მე კი ვიდექი ასე დაძმარებული და ახლა იმაზე ვნაღვლობდი, ეს ლოდი ხომ მომცილდა, რა იქნებოდა, იმ დალოცვილ ბუნებას ცოტა სილამაზე მოეცა ჩემთვის-მეთქი.

მერე ვითომ ძალიან დიდი დრო გავიდა და მინდორში მოვიდნენ ბავშვები, ლამაზი, კეთილი ბავშვები. ჯერ აქეთ-იქით დარბოდნენ, მერე ჩემსკენ გამოიქცნენ და იცით, რა თქვეს?

- შეხედეთ, შეხედეთ, გვირილა ამოსულა ჩვენს მინდორზეო.

ერთმა ბიჭუნამ ხელი წამატანა, ჩემი ყვავილის მოწყვეტა უნდოდა, მაგრამ გოგონამ დაუშალა:

- მაგას ნუ მოწყვეტ, კოკრებს შეეშინდებათ და აღარ გაიშლებიანო.

- ეგ გვირილაა, ლამაზი გვირილა, მოდი, ნუ მოვწყვეტთ, იყოს, მინდორი დაამშვენოს!.. - აჟრიამულდნენ სხვა ბავშვებიც.

- შენ თურმე გვირილა ყოფილხარ, სულ არა ჰგავდი!

- რომ იცოდე, ახლა რა ლამაზი ხარ! სადღაა შენი ყვითელი დამჭკნარი ფოთლები, სულ მწვანედ ხასხასებენ, ერთი კოკორი უკვე გაგშლია და სხვებიც მალე გაგეშლება, - მეუბნებოდით თქვენც, კეთილო მეზობლებო

მე კი ყელმოღერებული ვიდექი და მზეს შევცქეროდი. წარმოგიდგენიათ, დიდ ოქროსფერ მზეს. ნეტა როგორ ამიხდება? ჩემს სიცოცხლეში ასეთი კარგი სიბმარი არ მინახავს.

- ისე აგიხდება, როგორც ნახე, - დაბეჯითებით უთხრა ცისთვალამ.

- ასეც მოხდება, ეს ლოდი სულ მუდამ აქ კი არ იდება, ბევრი ამისთანა ლოდი ყოფილა მაღლობზე წამოჭიმული, მაგრამ მოვარდნილა ნიაღვარი და ხევებში ჩაუბრძანებია - დააიმედა ყვავილი ხვართქლამ, რომელსაც წვერო ხევის პირას ამოზრდილი ანწლისათვის შემოეხვია. ჰოდა, იქიდან ხშირად იჭყიტებოდა ხევში და იქაური ამბები სულ წმინდაც იცოდა.

ყვავილს იმედი მიეცა. გამოცოცხლდა. ოდნავ შეირხა და გაიღიმა.

- გვირილაა, მართლა გვირილაა! აბა, დააკვირდით! განა არა, ნაცნობი ფოთლები გქონდა, მაგრამ სიზმარი რომ არ გეთქვა, მაინც ვერ მივხვდებოდით - შეჰხაროდნენ ყვავილს ბალახები.

- გაიღიმე, კიდევ გაიღიმე, ნუ გეშინია, ხვართქლასი არ იყოს, სულ აქ ხომ არ იდება ეს ლოდი, რომელაც იქნება მოვარდება ღვართქაფი და სადღაც წაიღებს, - თქვა რომელიღაც ბალახმა. 

- ნეტამც, ნეტამც - შრიალით ჩაუარა მინდორს კეთილმა ჩურჩულმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen