ღობესთან, მაღალ ღეროზე, გაიშალა თეთრი, ლამაზი ყვავილი...
თეთრმა პეპელამ მაშინვე შენიშნა თეთრი ყვავილი და გაეშურა მისკენ. რამდენჯერმე შემოუფრინა და იქვე ღობეზე დაჯდა.
- მოდი გავფრინდეთ ერთად, - შესთავაზა პეპელამ ყვავილს.
- მე ფრენა არ ვიცი, - უპასუხა თეთრმა ყვავილმა.
- როგორ თუ არ იცი, ჩვენ ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.
- ჰო, ჰო, ვგავართ ერთმანეთს... მაგრამ მე რატომღაც ფრენა არ შემიძლია
- ეგ შეუძლებელია. შენ ცდები. წამოდი, წამოდი, ახლავე გავფრინდეთ.
- მე მართლა არასოდეს არ გავფრენილვარ.
- განა მუდამ ერთ ადგილას ხარ?
- ჰო..
- სტუმრად არასოდეს ყოფილხარ?
- არასოდეს. მე მიწაზე ღეროთი ვარ მიბმული.
- სისულელეს ნუ ამბობ. ნეტა რაში გჭირდება ეგ ღერო. შენ ოღონდ სცადე აფრენა და ნახავ, რა ადვილია.
- ჩემი აფრენა არ შეიძლება...
- დამიჯერე, დამიჯერე... ერთად გავფრინდეთ... ერთ ლამაზ მინდორზე წაგიყვან.
- იმ ლამაზ მინდორზე შენ გაფრინდი, შემდეგ კვლავ ჩემთან მოფრინდი და მომიყევი რასაც ნახავ..
- ო, არა, არა... შენ მხოლოდ სცადე აფრენა, ნახავ რა ადვილია.
თეთრმა ყვავილმა სცადა აფრენა, მოწყდა ღეროს და იქვე დაეცა.
პეპელამ რამდენჯერმე შემოუფრინა
- მართლა არ სცოდნია ფრენა. - გაიფიქრა, ღობეს გადაუფრინა და თვალს მიეფარა.


