ერთი მდიდარი ვაჭარი გზაზე ცხენით მიდიოდა. უცებ წვიმამ წამოუშინა. ვაჭარმა საყვედურით თქვა:
- შე დაცვილო ღმერთო, რა დროს წვიმაა; მიმაღწევინებდი შინ და მაშინ რამდენიც გნებავდა, იმდენს აწვიმებდიო.
გაიარა ცოტა გზა და წინ ავაზაკი დახვდა. დაინახა თუ არა ვაჭარი, ავაზაკმა მაშინვე თოფი დაუმიზნა და ჩახმახი დააცემინა, მაგრამ წამალმა არ იფეთქა, რადგან წვიმას ფალია დაესველებინა, და თოფი არ გავარდა. მაჭარმა დრო იხელთა, ცხენი გააჭენა და გადარჩა.
სამშვიდობოს რომ გავიდა, ვაჭარა ქუდი მოიხადა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა:
- შეგცოდე, უფალო! შენ უფრო კარგად გცოდნია, რა დროს წვიმა უნდა და რა დროს დარი. ეს დალოცვილი წვიმა რომ არ მოგევლინა, ეხლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდიო.


