მოძღვრება შაირობასა და მიჯნურობაზე
პროლოგი "ვეფხისტყაოსნის” ერთგვარი თეორიული ნაწილია. აქ განვითარებული თვალსაზრისი პოემაში მხატვრულად არის ასახული.
რუსთველის ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებათა ქვაკუთხედია თეორია შაირობისა და თეორია მიჯნურობისა. რუსთველი თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრავს შაირობის (პოეზიის) რაობას საზოგადოდ და მისი სპეციფიკის ბუნებას კერძოდ (12):
"შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი."
მოყვანილი ტექსტის მიხედვით, შაირობა, ანუ პოეზია მიჩნეულია სიბრძნის დარგად, ხაზგასმულია მისი შემეცნებითი მნიშვნელობა. რუსთველის აზრით, პოეზიას აქვს საზოგადოებრივ-გამოყენებითი, უტილიტარულ-აღმზრდელობითი ღირებულება. შაირობა "მსმენელთათვის დიდი მარგია” ე. ი. მარგებელია, სარგებლის მომცემია. რუსთველი იყო თავისი ეპოქის შვილი (თუმცა მოწინავე აზროვნებით ეპოქას გაუსწრო წინ), ამიტომაც მისი მოძღვრებით, პოეზია "საღმრთოა” საზეო, რომელსაც იმავე დროს აქვს საამქვეყნო დანიშნულება. "კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი”, შენიშნავს პოეტი. მაშასადამე, პოეზიას, როგორც შემეცნების წყაროს, სარგებლობა მოაქვს საზოგადოების რეალურ ცხოვრებაში, იგი ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელიცაა. საზეო ხასიათის აღიარებასთან ერთად რუსთველი პოეზიას უსახავს პრაქტიკულ საზოგადოებრივ ამოცანებს, გარკვეულ სამსახურებრივ როლს აკისრებს.
პოეზიის საერთო ბუნებისა და დანიშნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთველი განმარტავს მის სპეციფიკას: "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”. პოეზიის, როგორც მეტრული ჩარჩოებით განსაზღვრული სიტყვაკაზმული ხელოვნების, ნიშანდობლივ თვისებად რუსთველი თვლის სიტყვის ეკონომიურობას, აზრის მოკლედ და სხარტად გამოთქმის უნარს. რუსთველი მოითხოვს აზრიანი და გამომსახველობითი ძალის მქონე სიტყვების შერჩევაში დახელოვნებას. პოეტი ავითარებს შინაარსისა (აზრისა) და ფორმის ერთიანობის პრინციპს: პოეტური სიტყვა უნდა იყოს მოკლე, მოქნილი, გამომეტყველი, აზრიანი, მუსიკალური.
სიტყვას აქვს ორი მხარე: ევფონიური (ბგერულ-გამომსახველობითი) და სემანტიკური (შინაარსობლივ-აზრობრივი). პოეტური სიტყვის ორივე ეს მხარე ჰარმონიულად უნდა იყოს შეხამებული. რუსთველის ნორმაა "სიტყვა ტკბილი", “ტკბილ-ქართული”. რუსთველურ ნორმებს დაუფლებული პოეტი შეძლებს "სრულ-ქმნას -სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა” (16,2).
პოეტური ხელოვნება ძნელი, რთული, თავისებურად საგმირო საქმეა. პოეტს, მოშაირეს თავის დარგში ისეთივე დახელოვნება და გაწაფულობა მოეთხოვება, როგორც სპორტის ოსტატს, მობურთალს. პოეტის შემოქმედებითს ძალ-ღონესა და უნარიანობას ისევე გამოსცდის დასამუშავებლად აღებული თემა, როგორც ბედაურს გამოსცდის "შარა გრძელი” და "დიდი რბევა”, მობურთალს - დიდი მოედანი, "მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა” (13).
პოეტური შემოქმედების სარბიელი რუსთველს აგონებს საომარ სარბიელს (16). პოეტური შრომა ბრძოლაა მკაფიო, გამომეტყველი სიტყვისათვის, ნათელი აზრისათვის. პოეტის საბრძოლო საჭურველია განათლებული გონება, დახვეწილი გემოვნება, ფაქიზი მგრძნობელობა, სრულყოფილი პოეტური ტექნიკა. ვაი იმ პოეტს, რომელსაც შემოქმედებითი ბრძოლის შუა გზაზე უმტყუნებს ძალა, "სიტყვა-მცირობა” დაეტყობა და ლექსი დაუძვირდება. "მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა”, თუ მას "ლექსმან დაუწყო ლევა”, თუ "ქართული” გამოელია, სიტყვა დაუჩლუნგდა, აზრი გაეფანტა, შემოქმედებითს ჩოგანს ხელმარჯვედ ვეღარ დაუწყო ქნევა, ვერ დაიმორჩილა თავისი პოეტური ცხენი (13-14). ასეთი მოშაირე ჯაბანია, პოეტური სარბიელი არაა მისი სამოღვაწეო ასპარეზი. პოეტი სიტყვის ფალავანია, პოეტური საქმე საგმირო, სამამაცო, სასახელო საქმეა, - აცხადებს რუსთველი. ეს კანონზომიერი შეხედულებაა სარაინდო იდეალების გამომხატველი პოეტისათვის. მოწინავე სამხედრო-რაინდული საზოგადოება თაყვანს სცემდა გაწაფულ, გამძლე, უშიშარ მებრძოლ-ფალავანს საომარ ველზე თუ სამოქალაქო მოედანზე.
რუსთველმა სწორედ ამ საზოგადოების გემოვნებას შეუწონა პოეტის დანიშნულება, პოეტური შემოქმედების სარბიელი მან სამხედრო-საბრძოლო სარბიელს გაუთანაბრა, პოეტი გაწაფულ რაინდს გაუტოლა. ამით მჟღავნდება რუსთველის ლიტერატურულესთეტიკურ შეხედულებათა სოციალურ-კლასობრივი ტენდენცია. რუსთველმა აამაღლა პოეტის პრესტიჟი, პოეტურ პროფესიას მან მიანიჭა დიდი საზოგადოებრივი ღირებულება.
რუსთველი აღიარებს, რომ თავისი პოემის სრულყოფისათვის მას სჭირდება ენა, გული (გრძნობა), ხელოვნება (ოსტატობა) და გონება (6, 1-2). პოეტის სიტყვით, ესენი ქმნიან ერთმანეთთან მჭიდროდ შეკავშირებულ განუკვეთელ ერთიანობას, რადგანაც "გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან” (848, 1).
რუსთველი პოეტს უსახავს დიდ ამოცანებს, ლექსის ყველა მთხზველი მას პოეტად არ მიაჩნია. რუსთველი ასახელებს მელექსეთა სამ კატეგორიას, რომელთაც შაირობაში წილი ან სრულიად არ უდევთ, ან უდევთ მხოლოდ ნაწილობრივ. მელექსეთა დახარისხებას იძლევა პროლოგის მე-15, მე-16 და მე-17 სტროფები:
"მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.
მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, -
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად."
მოყვანილი ნაწყვეტით რუსთველი განაგრძობს ნამდვილი, "კარგი” მოშაირის დახასიათებას. კარგი მოშაირის სიტყვას უნდა ჰქონდეს გულის გამგმირავი ძალა. სიტყვის ბრძენი ოსტატი შედარებულია დახელოვნებულ მონადირესთან, რომელსაც შეუძლია დიდთა ნადირთა ხოცა. თუ მოვიგონებთ, რომ ფეოდალურ-რაინდული საზოგადოებისათვის ნადირობა წარმოადგენდა სარაინდო-საფალავნო თვისებების გამოსაწრთობ სკოლას, ცხადი გახდება ის გარემოება, რომ რუსთველი ამ შემთხვევაშიც გარკვეულ სოციალურ-კლასობრივ სულისკვეთებას ამჟღავნებს.
პოეტი თანმიმდევრულად ავითარებს თავის თვალსაზრისს. წინა სტროფებში იგი პოეტს ადარებდა მამაც რაინდს, აქ მას პოეტი აგონებს მაღალი რანგის მონადირეს. როგორც მამაც მეომარს გამოსცდის საბრძოლო მოედანი, მონადირეს - სახიფათო სანადირო ასპარეზი. პოეტის უნარიანობას გამოსცდის დიდი პოეტური ტილო, დიდი მხატვრული თემა. "მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელადო”, ამბობს რუსთველი. აქაც იდეათა და წარმოდგენათა ნაცნობ წრესთან გვაქვს საქმე. პოეტი ადრეც ურთავდა: "ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა... მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა”. (13).
ამრიგად, როგორც კარგ ბედაურს შეეფერება გრძელი შარაგზის დაძლევა, მობურთალს - ფართო მოედანზე ხელმარჯვედ ცემა ჩოგნისა და "დიდი გმირობა”, მონადირეს - ხოცა "დიდთა ნადირთა”, კარგ პოეტს მოეთხოვება დიდი თემის, გრძელი ამბის სრულყოფა, "ლექსთა გრძელთა თქმა”.
რუსთველური პოეტიკის აღნიშნულმა მოტივმა ერთ დროს დიდი გაუგებრობა გამოიწვია მკვლევართა შორის. ზოგი რუსთველოლოგის მოსაზრებით, შაირობის თეორიის განმსაზღვრელი სტროფები თითქოს აზრობრივ წინააღმდეგობას შეიცავდა. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირებდნენ რუსთველის ორ გარკვეულ დებულებას:
"გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”.
“მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად”.
ფიქრობდნენ, ვითომც შაირობის ღირსებად რუსთველი ერთ შემთხვევაში თვლიდა სიმოკლეს, მეორე შემთხვევაში კი - სიგრძეს. ნამდვილად კი აქ არავითარ წინააღმდეგობას არა აქვს ადგილი. პირიქით, განვითარებულია მწყობრი, თანმიმდევრული თვალსაზრისი. პოეტი თავდაპირველად განმარტავს პოეზიის სპეციფიკის ხასიათს (სტილის ლაპიდარობა, აზრის მოკლედ და მკაფიოდ გამოხატვა...), შემდეგ ლაპარაკობს შემოქმედებითს თემაზე და არკვევს პოეტური ჟანრის საკითხს. რუსთველი უპირატესობას ანიჭებს ეპიკურ ჟანრს. მისი შეხედულებით, დიდი თემის გაშლა, დიდი პოეტური ამბის დამუშავება შესაძლებელია ეპიკური ჟანრის ფარგლებში. პოეტის უნარიანობისა და შემოქმედებითი ენერგიის ცხადყოფის შესაძლებლობას, რუსთველის პოეტიკით, იძლევა ეპიკური ნაწარმოები, გრძელი ამბავი.
ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული თვალსაზრისი პოეტს გადმოცემული აქვს სრულყოფილი გარეგნული ფორმით, აფორიზმების სახით. ორივე შემთხვევაში აფორიზმები წარმოადგენს გარკვეული წანამძღვრებით შეპირობებულ დასკვნებს.
პირველი აფორიზმი ("გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის...”) ხურავს და ჰკრავს შაირობის თეორიის შემცველ პირველ სტროფს, მეორე ("მოშაირე არა ჰქვიან...”) ასევე ხურავს და ჰკრავს შაირობის თეორიის უკანასკნელ სტროფს. ეს აფორიზმები ორგანულად ამთლიანებს რუსთველის მოძღვრებას პოეზიაზე.
კარგი მოშაირის თვისებების დახასიათებასთან ერთად, როგორც ვთქვით, რუსთველი ახარისხებს საეჭვო ან ნაწილობრივ მოშაირეთა სამ წრეს, სამ კატეგორიას. პირველ კატეგორიაში ჩარიცხულია უნაყოფო, ბაქია და ყოყოჩა მელექსე, ერთი-ორი და ისიც უმსგავსო ლექსის ავტორი. ასეთი მელექსე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება "მელექსეთა კარგთა სწორი”. მეორე კატეგორიის მელექსე მხოლოდ "ნაწილია მოშაირეთა”. მას შესწევს უნარი შეთხზას "ლექსი ცოტაი”. “ლექსი ცოტაის” ავტორს "არ-ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა”.
ასეთი ავტორი ძლიერ ემოციურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მკითხველზე, იგი მიაგავს გაუწაფავ "ყმაწვილ მონადირეს”, რომლის "ბედითს მშვილდს” “ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა”. მეორე ხარისხის პოეტს მხოლოდ წვრილი ლექსების შესაქმნელად შესწევს ძალ-ღონე, დიდ პოეტურ საქმეს იგი ვერ მოერევა, მას არ შეუძლია "ლექსთა გრძელთა თქმა”. "მოშაირეთა” მესამე კატეგორიის ლექსი "კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად”. ამ კატეგორიის ლექსები გამოსადეგია დროის მოსაკლავად, გასართობად, სალაღობოდ, ამბობს პოეტი. იგი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას, თუ მათზე აღბეჭდილია ჭეშმარიტი პოეზიის ნიშანი. ნამდვილი პოეზიის ერთ-ერთ ნიშანდობლივ თვისებად რუსთველი თვლის სინათლეს, აზრის მკაფიოდ და ნათლად გამოხატვას ("ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად”).
ეჭვი არაა, რომ რუსთველი საერთოდ უარყოფითად ახასიათებს ლირიკული ჟანრის ლექსებს. ლირიკოს პოეტებს იგი ცხადი ათვალწუნებით უყურებს. რუსთველი სასტიკად გმობს უნიჭო ლირიკოსების ყბედობასა და თავხედობას, ოღონდ შემწყნარებლობითს დამოკიდებულებას იჩენს სატრფიალო და სალაღობო, "ამხანაგთა სათრეველი” (ეპიგრამული, იუმორისტულ-სატირული ყაიდის) ლექსთა ნიჭიერი ავტორების მიმართ.
შაირობის თეორიას სხვა მხრივაც აქვს მნიშვნელობა. რუსთველი სამი სახეობის მელექსეებს ასახელებს მარტო ლირიკული ჟანრის სფეროდან. ეს ნიშნავს, რომ რუსთველის დროინდელი ქართული პოეზია მეტად მდიდარი უნდა ყოფილიყო. მაშინ ჩვენში ადგილი ჰქონია შემოქმედებითს შეჯიბრებას, გაჩაღებული ყოფილა ცილობა და ბრძოლა პოეტთა სხვადასხვა დასსა, სკოლასა და მიმდინარეობას შორის. ამ ბრძოლებში მონაწილეობა მიუღია თვითონ რუსთველსაც, მას ჩამოუყალიბებია მაღალი რანგის იდეური პოეზიის ("სიბრძნის დარგის”) პოეტიკური პრინციპები.
რუსთველი არაპირდაპირ გვითვალისწინებს მის მიერ წუნდებული ლექსების იდეურ-თემატიკური და შინაარსობლივ-ჟანრობრივი ხასიათის მრავალფეროვნებას. რუსთველის შაირობის თეორიის საშუალებით ჩვენ დაახლოებით მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მე-12 საუკუნის საქართველოს პოეტური კულტურის საერთო მაღალი დონე.
შაირობის თეორიას უშუალოდ უკავშირდება მიჯნურობის თეორია. მოშაირის სასახელო მოვალეობად რუსთველი თვლის მიჯნურის "ქებას”, ტრფობის საგნისათვის დაუზარელ "მუსიკობას”, მისთვის "ხელოვანებას”, ასე ვთქვათ, შემოქმედებითს წვას. ეს აზრი განვითარებულია მიჯნურობის თეორიის ამსახველ შესავალ, საექსპოზიციო ნაწილში (18):
"ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს;
მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს."
რუსთველს მიჯნურობაც ფრიად საძნელო და საჭირო საქმედ მიაჩნია. ის მკაცრად ასხვავებს ერთმანეთისაგან მიჯნურობასა და შიშველ ხორციელ წადილს, მიჯნურობასა და სიძვას (24):
"მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,
ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!"
რუსთველის შეხედულებით, მიჯნურობასა და სიძვას შორის დევს დიდი უფსკრული. "დიდი მზღვარი”. მიჯნურობა "ტურფა” ამამაღლებელი გრძნობაა, “საცოდნელად ძნელი გვარი”; სიძვა კი მდაბიო ჟინის აყოლაა, ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისათვის შეუფერებელი და დამამცირებელი. მიჯნურობისა და სიძვის "დადარებას” პოეტი უმართებულოდ თვლის და მკითხველს აფრთხილებს: "ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარიო”. ეს პოლემიკური კილო და მოწოდება იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს, ალბათ, იმ პოეტთა წრეში, რომელსაც რუსთველი აკრიტიკებს, მიჯნურობად საღდებოდა მსუბუქი მგრძნობელობა და ყოველგვარი ხორციელი წადილი.
რუსთველი ამბობს, რომ ნამდვილი მიჯნურობა პოეზიის საგანია და პოეტური შთაგონების წყარო. მიჯნურობას სხვადასხვა სახეობა აქვს. მიჯნურობის პირველი, უმაღლესი სახეობა საზეო საქმეა, "ტომი გვართა ზენათა”, იგი საღმრთო მოვლენაა, "მომცემი აღმაფრენათა” (20):
"ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა."
რუსთველი ლოგიკური და თანმიმდევრულია თავისი მსჯელობით. როგორც ვიცით, პოეზია მან საზოგადოდ აღიარა საღმრთო საქმედ, თუმცა საამქვეყნო ამოცანები დაუსახა. ასევე წყდება მიჯნურობის საკითხიც. მიჯნურობის უმაღლეს, შეიძლება ითქვას, თეორიულ-მეტაფიზიკურ სახეობას, პოეტი უწოდებს საღმრთოს, მაგრამ თვითონ ემიჯნება მიჯნურობის ამ სახეობას და გამოტეხილად შენიშნავს (21):
"მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰგაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან."
მაშასადამე, რუსთველს თავის შემოქმედების საგნად აუღია არა მისტიკური, საღმრთო, საზეო მიჯნურობა, არამედ საამქვეყნო, მიწიერი, ხორციელი, ანუ სხვანაირად, რეალური, მატერიალური, ბუნებრივი ადამიანური გრძნობა. რუსთველი ამით საცილობელს არ ხდის საზეო მიჯნურობის თავისთავად პრინციპულ-თეორიულ მნიშვნელობას. თვითონ საამქვეყნო სიყვარულიც ("ხელობანი ქვენანი”) საზეოს ჰგავს, თუ მან ზნეობის გამაფაქიზებელი, სულიერად ამამაღლებელი და ადამიანის ღირსების დამამშვენებელი ფორმა მიიღო ("მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან”). აქ ისახება რუსთველის მაღალზნეობრივი, ჰუმანისტური მსოფლმხედველობის საფუძველი.
რუსთველი გმობს მიჯნურობის მესამე სახეობას, უსულგულო ხორციელ წადილს, სქესობრივი ჟინით გატაცებას. ამას პოეტი არსებითად გამორიცხავს ნამდვილი მიჯნურობის წრიდან და დაუფარავად აცხადებს (25, 4):
"მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში."
რუსთველი ძრახავს სიყვარულის საკითხში ზერელობას, სულწასულობას, ცვალებადობას. პოეტი კატეგორიულად მოითხოვს ერთის თაყვანისცემას, ერთის მიჯნურობას: "გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში” (25, 3). ანდა (26, 1-2):
"ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა."
ამრიგად, რუსთველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას - საზეოსაიმქვეყნო მისტიკურ ტრფიალებას და ხორციელ სულწასულობას, რომ არაფერი ვთქვათ უბრალო სიძვა-მრუშობაზე. რუსთველის მიერ აღიარებული მიჯნურობა მაღალზნეობრივი საამქვეყნო გრძნობაა, რომელსაც ბუნებრივად ამკობს როგორც სულიერი, ისე ხორციელი თვისებები.
თავისი სამიჯნურო თეორიით რუსთველი გარკვეულად ემიჯნება აღმოსავლური პოეზიის ტრადიციებს.
რუსთველური სიყვარულის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მორალურად, გონებრივად და ფიზიკურად სრულყოფილი ადამიანი, ქალი იქნებოდა ის თუ ვაჟი. ამ შემთხვევაში პოეტი ერთმანეთისაგან არ ყოფს მამაკაცსა და დედაკაცს. მიჯნური მამაკაცის იდეალიზებული ტიპიური სახე რუსთველს ასე ეხატებოდა (23):
მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
რუსთველს აქ მხედველობაში აქვს მოწინავე რაინდული საზოგადოების სოციალურ-ესთეტიკური გემოვნებისათვის შესაფერისი სამიჯნურო-სავაჟკაცო თვისებები. რუსთველი ასახავს სარაინდო მიჯნურობას.
პროლოგი ცხადყოფს, რომ რუსთველი დიდ პასუხისმგებლობას, დიდ იდეურმხატვრული ამოცანის გადაწყვეტას აკისრებს პოეტს. ცხადია, ასეთი ამოცანები ავტორს, უწინარეს ყოვლისა, თავის წინაშე დაუსახავს, ის თავის თავს უყენებდა მკაცრ მოთხოვნებს. "ვეფხისტყაოსნის” იდეურ-მხატვრული რაობა განხილული და შეფასებული უნდა იქნას პროლოგის მოთხოვნათა კვალობაზე.
პოეტი აღიარებს, რომ მას უბრძანეს "თქმა ლექსებისა ტკბილისა” (5, 1). დიდი მოკრძალების მიუხედავად, რუსთველს საკმარისად ჰქონია შეგნებული თავისი პოეტური ნაწარმოების ძალა და მნიშვნელობა "ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეულიო” (4, 4). რუსთველი თავის პოემას თვლიდა ისეთ ნაწარმოებად, რომელსაც "ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა” (16, 2).
* * * * * * *
ქართული ლიტერატურის ისტორია - ტომი II


